ნიკო გომელაურის გზა

ნიკოს პატარაობა და პირველი სპექტაკლი სტუდენტობის პერიოდში
ადამიანი მიდის, მისი შემოქმედება კი რჩება… ნიკო გომელაური წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება უკვდავია, უკვდავია მისი პოეზია, მის მიერ, თეატრის სცენაზე ნათამაშები როლები. ნიკო იყო ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 12 ივლის და გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს. ამ დროის მანძილზე მან შექმნა ლეგენდა, შექმნა ისტორია რომელსაც ჰქვია “ნიკო გომელაურის გზა”, გზა პოეზიისკენ, გზა თეატრისკენ და ზოგადად ნიჭიერებისკენ, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოულოდნელად და უდროოდ დასრულდა.
ახლა ვწერ ამ პოსტს და თითოეული სიტყვაზე ვჩერდები და ვფქრობ, რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა კიდევ მას თავისი ხალხისთვის, თავისი საყვარელი ხალხისთვის… რამდნი უნდა დაეწერა ან რამდენი როლი უნდა ეთამაშა კიდევ სცენაზე და არამარტო… მაგრამ დრომ გაწირა ის, გაწირა საათმა რომელმაც ისრები დროზე ჩქარა დაატრიალა, თითქოს და ნიკოს საწინააღმდეგოთ… 13 აპრილს კი ეს საათი გაჩერდა და ნიკოს გულიც, რომელიც მთლიანად მიყურადებული იყო ამ საათის წიკწიკს აღარ ფეთქავდა…
***
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

ნიკო და დედა (ვიოლა)
იტირა ხალხმა და აქვითინდა თავად კალამი მისი, რომელმაც თავი კვლავ მარტოსულად იგრძნო. ნიკო წერად და თამაშობდა სპექტაკლებს მთელი თავისი არსებით… ვინც კი ისმენდა მის ლექს ან ნახულობდა მის მიერ შესრულებულ როლებს თეტრის სცენაზე, ყველას მხოლოდ ერთი რამ აოცებდა, თუ როგორი ნიჭიერი და როგორი შეყვარებული იყო თავის სამშობლოზე ეს ადამიანი! იგი მარტო პოეტი და მსახიობი არ იყო, ის გმირი და მამულიშვილი იყო! ისე გულიანად კითხულობდა თავის გულიან ლექსებს ,რომ აუცილებლად შეგძრავდა შიგნიდან ან შეგაყვარებდა, შეგაძულებდა, გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და გაგიტაცებდა ოცნებებში… მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, რომელიც წაკითხულ ლექს აკომპანიმენტს უკეთებდა, ანალოგიური სიტუაცია იყო სცენაზე, როდესაც ნიკო მთლიანად ითავისებდა როლს და იმდენად სწორად გადმოსცემდა პერსონაჟის ბუნებას და სიტუაციას რომ, ვერ გაარჩევდით სპექტაკლს უყურებდით თუ ნიკო გომელაურის ცხოვრებას.
***
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

ნიკო და ნინი
“ვაგროვე დარდი, ვაგროვე სევდა და ახლა ვეცადე ნაწილი აქ მეთქვა” თითქოს გულმა მიბიძგა.. ბევრმა დაწერა ჩემს გარდა, მაგრამ მეც ვთვლი რომ იყო საჭირო მეც დამეწერა ის რასაც ახლა კითხულობთ… ის იმსახურებს უფრე მეტს ვიდრე ეს ქება ჩემი აქ ნათქვამი… მჯერა ის მუდამ გვეხსომება და ვერ დაგვავიწყდება! გახსოვდეთ გზა, გზა რომელიც მიდის ნიკო გომელაურის შემოქმედებასთან! მისი შემოქმედება კი უკვდავი!
პ.ს. გამიზნულად არ ვწერ მისი ბიოგრაფიას ოფიცალურ ნაწილს… 1. ვიცი რომ ყველას ექნება წაკითხული 2. ვფიქრობ ამ პოსტით ცოტათი მაინც შევძელი მის პიროვნებაზე ისე საუბარი, რომ ვინმემ თუ არ იცის ვინ იყო ნიკო გომელაური დაინტერესდება და ნახავს მის პეროსნალურ გვერდს ან სხვა წყაროებს რომელიც უხვადაა ინტერნეტში!
ნიკო სკოლის პერიოდში
ავტორი: Leonsio.Ge


about 3 months ago
აქ კომენტარი რატომ არაა… თქვენის ნებართვით მე უნდა დავწერო…
about 3 months ago
… ნებისმიერმა თქვენთაგანმა იცის რომ დედამიწაზე (ოღონდ ჩვენს დედამიწაზე) არსებობს თეატრი სადაც უბილეთოდაც შეგიშვებენ. სადაც თითქმის სულ ანშლაგია. იქ შეიძლება თხელ, მაგრამ რბილ ბალიშზე, კიბის საფეხურზე ჯდომაც კი სჯობს სავარძელში მოკალათებას. და არც იარუსზე ფეხზე დგომაა ურიგო, ოღონდაც შენს საყვარელ გმირებს უყურო. და თუ ყველა ბილეთი გაყიდულია, სპექტაკლის ნახვის სურვილი და ამ თეატრის სიყვარულია შენი ბილეთი… შეყვარებულის ამოცნობას კი რა უნდა? მითუმეტეს მათთვის.
about 3 months ago
…ჰოდა ერთ უმშვენიერეს დღეს შვიდს წუთებიღა რომ აკლდა მე და ჩემი უფროსი გოგონა გავფრინდით თეატრში. უნდა გენახათ შუათანასა და პატარას თხოვნა და ტირილ-ღრიალი სპექტაკლზე წამოყვანაზე უარის მიღებაზე. მათთვის ყველაფრის ახსნა მიადვილდება, მისმენენ და სჯერათ. მაგრამ არ (და ვერც) მიცდია ახსნა იმისა რაც ნიშნავდა უბილეთოდ (!), პირველ პრემიერაზე (!), დაგვიანებით (!) და თან მათთან ერთად მისვლა თეატრში. მანქანა თეატრის ეზოში გავაჩერე და გადმოვხტით…
about 3 months ago
7 საათსა და 4 წუთზე მივედით. ეზოში ოდენ სამი ადამიანიღა იდგა, თეატრის კარები კი დაკეტილი იყო.
-ვაიმე მამა, დავაგვიანეთ, დაწყებულა…-ვუთხარი ანნას.
-არა, დღეს რვაზე ვიწყებთ-ნაცნობმა ტემბრმა მითხრა ზურგსუკნიდან. მივტრიალდი და ნიკო გომელაური… იქვე იდგა მსახიობი მამუკა მუმლაძეც.
-ოო, ნიკო… ჩვენ გვეამაყებით, რომ თქვენი აუდიტორია ვართ, მე და ჩემი შვილები.-მივმართე.
-გმადლობთ-თქვა ღიმილით და ჩურჩულით გაიმეორა-”მედაჩემიშვილები”… არ დაგიგვიანებიათ, დღეს რვაზე ვიწყებთ.
-თქვენ თამაშობთ დღეს-ვკითხე და დიახო მომიგო.
-იცით, ხუთი დღის წინ ბილეთები აღარ იყო და…
-ბილეთები უკვე თვის წინ სულ გაიყიდა… მაგრამ თქვენ შემოხვალთ, შემოხვალთ…-თავისი ცხვირისმიერი ხმით მითხრა და დამამშვიდა-გამახარა.
-დიდი მადლობა ნიკო, მაშინ ჩვენ წავალთ სახლში, მოვემზადებით და თან თაფლს წამოგიღებთ ჩემი ოჯახისას, გოგონას დავუტოვებ კარებში თქვენზე გადმოსაცემად, კიდევ გმადლობთ…
კიდევ ღიმილით გმადლობთო მანაც…
about 3 months ago
რვას აკლდა თხუთმეტი წუთი თეატრში რომ მოვედით და კარებთან მდგომ ლამაზ, ქერათმიან, სათნო კაპელდინერ გოგონას მცირეოდენი თაფლი, ასევე პატარა დინდგელის ბურთულა და ჯვრის ფოტო (ფოტო ჩემი გოგონას ხელწერით “გვიყვარხარ”)გადავეცი ნიკოზე გადასაცემად სპექტაკლის შემდეგ. თვითონ ნიკო ხომ ამ დროს სპექტაკლის სამზადისში იქნებოდა. ამასთანავე ამ გოგონას ჩვენი უბილეთობის ამბავიც ვუთხარი კრძალვით. ოო, დღეს ძალიან ბევრი სტუმრები გვყავსო მითხრა, მოითმინეთ და იქნებ რაღაც მოგიხერხოთო. მოდიოდა და ელოდა მართლაც განსაკუთრებული და განსაკუთრებით ბევრი ხალხი ამ თეატრისა და დარბაზისათვის. მე და ანნაც შორიახლოს დავდექით და გამომდინარე ყოველივედან, ამ დღეს ყველაზე ძალიან არ დამწყდებოდა გული უკანაც რომ გამოვბრუნებულიყავით. თეატრალ სტუმართა მოზღვავებასთან ერთად ხუთიოდე წუთში უკვე გამობრუნებაზე დავიწყე ფიქრი, რათა ვინმესათვის თუნდაც მცირედი უხერხულობა არ მიმენიჭებინა.
about 3 months ago
რვას რამოდენიმე წუთიღა აკლია. სწორედ ამ დროს თეატრიდან გამოდის თანამშრომელი მამაკაცი, ხალხში გვპოულობს მე და ჩემს გოგონას, გვეპატიჟება შესასვლელისაკენ, კარებში ხელით გზას გვითმობს და გვითითებს იარუსისაკენ, აივანზე მარჯვნივვე ხმის ოპერატორის გვერდით ორი თავისუფალი სავარძელია, აი თქვენი ადგილებიო. ჩემს გაკვირვებაზე და მადლობაძე თავი ოდნავ დაგვიქნია და დაგვემშვიდობა. პრაქტიკულად ინსტიქტურად ამ ორ სკამზე დავსხედით. პარტერში ჩავიხედე და უკვე სავსე იყო საფეხურები და კუთხეში ფეხზე სადგომი ადგილები, მათგან მსახიობები და საპატიო სტუმრები. იარუსზეც უკვე მრავლად იდგა ხალხი, მე რამოდენიმე მათგანის ჩვენდამი ინტერესიანი მზერა შევნიშნე. გაკვირვება მორიდებაში გადამივიდა. ინტერესი გაუჩნდა ალბათ ბატონ ავთოსაც, თუ ერგო ეს სკამები. ჩვენი დასხდომისა მის შემოსვლისთანავე ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
-უი, ბატონო ავთო დაბრძანდით, მე ბავშვს კალთაში ჩავისვამ.
-არა, მე არ მინდა-მითხრა მან.
-მე მაინც, ბავშვს კალთაში ჩავისვამ, ვინმე დაჯდეს- ვთქვი მდგომთა გასაგონად.
ხშირად ბილეთებ
about 3 months ago
ხშირად ბილეთებიც რომ გვქონია, ჩემს შვილებს კალთაში ურჩევიათ ჯდომა, რათა უფრო ადვილია ჩურჩულით აზრის გაზიარება და ერთმანეთის ემოციებსაც უფრო ვგრძნობთ. ასე მოვემზადეთ ბედნიერები სპექტაკლის საყურებლად იდეალური ადგილიდან. თვითონ რეჟისორი მოპირდაპირე მხარეს დაჯდა განათების ოპერატორთან და მსახიობ აპოლონ კუბლაშვილთან ერთად. და სპექტაკლიც დაიწყო…
about 3 months ago
… დაიწყო ჰაეროვნად, ტკბილად და თითქოს სურნელოვნადაც…
…და დაწყებიდან 5-6 წუთში ნიკომ ჩვენსკენ ამოიხედა ორი წამით, პირველ წამს ჩემი მზერა დაინახა, მეორე წამს კი ქუთუთო ოდნავ ჩამიკრა (თვალი მიყო რა… (ძვ.ქართულად)).
…ყველაფერს მივხვდი, მივხვდი ვისი სტუმარიც ვიყავი ამ დღეს, გმადლობთ ნიკო.
… მერე მთელი სპექტაკლი ვტიროდი თვით სპექტაკლისა და ამ სპექტაკლზე ასე ყოფნის გამო…
ახლაც ვტირივარ…
“მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ”
-
გვიყვარხარ… “მედაჩემიშვილები”
about 3 months ago
P.S.
მე და ანნას ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება.
მიმიქარავს ლასკალაში აიდაზე მთავარ ლოჟაში ჯდომა… ამ თეატრში, ამ სპექტაკლზე, ამ დღეს, ამ სკამზე, შენთან ერთად ყოფნასთან შედარებით…
ბრავოო, საღოლ, მადლობ!!!!!