სლავა პოლუნინი – “სლავას თოვლის შოუ”

9.31/10 (შეაფასა (13) - მა მაყურებელმა,)
Loading...Loading...

სლავა პოლუნინი:
“ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ მინდოდა შემექმნა თეატრი, რომელიც ბავშვობის ოცნებებში დაგვაბრუნებდა. ეს იქნებოდა სანახაობა, რომელიც მაყურებლებს კვლავ ბავშვებად აქცევდა და ზრდასრულობის ტყვეობიდან გაათავისუფლებდა .რადგან თეატრის გზა ავირჩიე, ვფიქრობდი როგორ შთამებერა მისთვის ახალი სული. ამ ძიებაში მარტო ვიყავი და ამიტომ შიში დამეუფლა, რადგან უცნობ და მომაჯადოვებელ მიწაზე უნდა დამედგა ფეხი. დავადექი იმ გზას, რომელზეც სხვა ჯამბაზებს არ გაუვლიათ. ხელის ცეცებით მივუყვებოდი იმ ბილიკს, რომელზეც მათ გამოჩენას არავინ ელოდა.მინდოდა მთლიანად ჩავძირულიყავი ტრაგიკომედიაში და მენახა როგორ შეერწყმებოდა ერთმანეთს დრამა და სიცილი. მსურდა გამერკვია, შეძლებდა თუ არა მოკრძალებული, გაუბედავი, დაბნეული, ფიქრებს აყოლილი და ძალიან სათუთი პერსონაჟი მოეხიბლა თანამედროვე მაყურებელი – აუდიტორია, რომელიც შეჩვეულია ცხოვრების სწრაფ ტემპს, მოვლენათა, ფერთა, ხმათა, “დროისა და სივრცის” უსასრულო მრავალფეროვნებას. მინდოდა ავმეტყველებულიყავი გოგოლისა და ბეკეტის ენაზე და შემექმნა მხატვრული გმირი, რომელიც გააერთიანებდა თავის თავში ეპიკურსა და ლირიულს, სინაზესა და ვნებას, სიბრძნეს და მიამიტობას. თანდათან შევანელე ტემპი და მივხვდი, რომ უმნიშვნელო ჟესტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო გამომხატველი, ვიდრე პომპეზური და მაღალფარდოვანი მოძრაობა. შემიყვარდა მოულოდნელად შეწყვეტილი, გაყინული და დაუმთავრებელი ჟესტები. თანდათანობით ჩემი პერსონაჟის გრიმიც შეიცვალა. თვალისა და პირის გარშემო ტრადიციული თეთრი ოვალი, რომლითაც გაოცებას გამოვხატავდი, მუქი და უსწორმასწორო გახდა, სახის ნაკვთები შეუმჩნეველი, ხოლო წინ გამოწეული, პაწუა ცხვირი დამჭკნარ ქლიავს დაემსგავსა. ჩემი კოსტიუმი დაიჭმუჭნა, გადიდდა და დაიძონძა. ჩემს უწყინარ და მოძრავ “ასისაის” ჩემთან ერთად მოემატა წლები, უფრო დაფიქრებული და გაუბედავი გახდა. სატელეფონო საუბარი საკუთარ თავთან “ასისაი” – ჩემი ცნობილი სკეჩი, გაუფერულდა და ხალისი დაკარგა. მე და “ასისაი” უმოქმედობის პერიოდში აღმოვჩნდით. რაც დრო გადიოდა, ეს მდგომარეობა უფრო და უფრო მომწონდა. “ასისაის” აღარ აოცებდა გარე სამყაროს პარადოქსები. მთლიანად ჩაიძირა თავის შინაგან სამყაროში და გახდა უფრო ფრთხილი. მისთვის დამახასიათებელი დაუდევრობა სიფხიზლეში გადაიზარდა. თითქოს მიაბიჯებდა იმ იდუმალებაში, რომლისაც ძალიან ეშინოდა და რომლის ამოცნობაც ძალიან სურდა. მოგვიანებით, ერთ მშვენიერ დღეს, ახალი შოუ დაიბადა. ეს იყო 1993 წელს. ამ დროიდან მოყოლებული მილიონობით მაყურებელმა იხილა ეს წარმოდგენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მრავალი ჯილდოც დაიმსახურა. ეს წარმოდგენა ჩემი საყვარელი და განუყრელი შვილია, რომელიც მუდმივად მაოცებს და მაფიქრებს უამრავ საიდუმლოზე, რომელსაც ის გვიმალავს. მას ხომ სიხარულის გაზიარებაც შეუძლია და მწუხარებისაც, გართობაც შეუძლია და ატირებაც. ამ სპექტაკლის წყალობით შევიცანი ჩემი თავი. ეს სპექტაკლი არის გადამწყვეტი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.
ხანგრძლივობა – 90 წუთი, ორ მოქმედებად

  • პიესის ავტორი – სლავა პოლუნინი
  • რეჟისორები – სლავა პოლუნინი, ვიქტორ კრამერი
  • სცენოგრაფია -სლავა პოლუნინი, ვიქტორ პლოტნიკოვი
  • ფოტოგრაფი – ვერონიკ ვიალი
  • მუსიკა – გამოყენებულია ჟოაკინ როდრიგოს, ბეთჰოვენის, პაოლო კონტის, ლ. სუბ- რამანიამის, ვანგელის, ჯონ სურმანის, ბორის ბლანკისა და დიტერ მეიერის, აგრეთვე ჟორჟ ბენის მუსიკა.

სპექტაკლის პრემიერა საქართველოში შედგა, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, 2014 წელის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის დიდი სცენაზე.

კომენტარი