სიახლეები

თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი

30 ნოემბერს 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის “მოირას” პრემიერით გაიხსნება. ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს. თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.

ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თბილისში კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფები დაესწრებიან.

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. “ქალთახედვა“ სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო.

თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია. მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა რალფ ფაინსი ასრულებენ.

წელს მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან გნსხვავებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე იქნებიან.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.ფესტივალის გენერალური სპონსორი – აჭარანეტი.

Back to top button