სიახლეები

27 მარტი მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღე

1961 წლიდან, 27 მარტს აღნიშნავენ როგორც, მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით 27 მარტს 17:00 საათზე რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში მცირე სცენის დაარსების 50 წლისთავის ამსახველი გამოფენა გაიხსნება.

მცირე სცენის ისტორია მიხეილ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება და სპექტაკლ, “ჭინჭრაქადან” იწყება. “ახლა ჩვენ თეატრებში უამრავი ასეთი მცირე სცენაა, ამით ვეღარავის გააკვირვებ. ჩვენ კი ეს 1963 წელს გავაკეთეთ. გავხსენით! ახლა ადვილია დაწერო ეს სიტყვა “გავხსენით”, მაშინ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. მცირე სცენა შესაძლებელს ხდის შეისწავლო ადამიანის ცხოვრების უაღრესად ინტიმური მხარეები… დიდ სცენაზე მაღალი ხელოვნებაა… მცირე სცენას კი “კლიტის ჭუჭრუტანა” დავუტოვეთ ” – წერდა მ. თუმანიშვილი. მცირე სცენაზე სხვადასხვა თაობის რეჟისორთა მიერ 50 – ზე მეტი სპექტაკლია დადგმული.

ექსპოზიციაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული ექსპონატები: “ჭინჭრაქას” ფარადა, “ანტიგონეს” ამფორა, სამეულის, ჭავჭავაძის, ნინუას ესკიზები, პლაკატები და სპექტაკლების ფოტოები.

Back to top button