სიახლეები

“8 წუთი” სიდნეის კინოფესტივალის გამარჯვებულია!

29 სექტემბერს, სიდნეის ინდი ფილმების ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე ქართული ფილმის – 8 წუთის სახელმა 7-ჯერ გაიჟღერა, რაც ნიშნავს, რომ ფილმი 7 ნომინაციაზე გახლდათ წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მუსიკისთვის. გამარჯვებულად კი სწორედ იმ ნომინაციაში დასახელდა, რომლის ჟანრიც ქართულ კინოში არ არსებობს და ეს ფაქტი ფილმის გამარჯვებას ჩვენი ქვეყნისთვის ორმაგად საამაყოს ხდის.

ავსტრალიის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე 8 წუთმა საუკეთესო საი-ფაი ფილმის ტიტული მიიღო! ფესტივალზე, სადაც ფილმები მთელი მსოფლიოდან გახლდათ წარმოდგენილი, პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში საუკეთესოდ აღიარეს!

ეს ფაქტი ქართულ კინოს მსოფლიო კინოინდუსტრიაში განსხვავებულ ნიშას აძლევს. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Sibler Films-ის (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი. სცენარისტები: ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური. პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი) სადებიუტო პროექტმა არათუ გაამართლა, არამედ შეძლო და ქართული კინო მსოფლიო ბაზარზე სულ სხვა კუთხით წარმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ ფილმი საფესტივალი ცხოვრებას აჭარანეტის და თი ბი სი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეუდგა, მისი მედიაპარტნიორი კი Cinemania.ge გახლავთ.

წყარო: www.cinemania.ge

Back to top button