სიახლეები

პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე „ ბაში -აჩუკი“ 3 D-ში!

აკაკი წერეთლის 175 წლისთავს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 27 სექტემბერს 19:00 „ ბაში -აჩუკის „ პრემიერას უძღვნის. აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით სათავგადასავლო-ისტორიული ჟანრის სპექტაკლს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. ინსცენირების ავტორები არიან: მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპეციალურად „ბაში-აჩუკისთვის“ ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ. 3D ტექნოლოგია და კოსტიუმები დავით მაჭავარიანს და „კაკადუ სტუდიას“ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე იმუშავეს – ილიკო სუხიშვილმა და „ სუხიშვილების სტუდიამ“. სპექტაკლი წარმოადგენს რეჟისორული გამომსახველობითი საშუალებების, ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე გრაფიკული ტექნოლოგიებს სინთეზს.

თეატრი მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს გაწეული დახმარებისათვის.

მონაწილეობენ:
ნინო არჩაია, სოფიო ახუაშვილი, სოფიო ებრალიძე, ანა ზამბახიძე, თამარ მამულაშვილი, ანო მღებრიშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, თამარ ჭანუყვაძე, ია ჭილაია, თეკლა ჯავახაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, შალვა ანთელავა, ზურაბ არუსია, მამუკა ბოგვერაძე, რატი გოგუაძე, ნიკა კვანტალიანი, გიორგი მაისურაძე, ბესო მეგრელიშვილი, პაატა მხეიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, ნიკა ფაიქრიძე, კახა ჭოლაძე, ვამეხ ჯანგიძე, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი შავგულიძე, გაგა შიშინაშვილი.

სპექტაკლის შესახებ:
სიუჟეტი ვითარდება 17-ე საუკუნის საქართველოში. შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან სპარსელები. ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში აჯანყება იწყება, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ბაში – აჩუკს დახმარებისთვის ქსნის ერისთავებთან აგზავნის . აჯანყება მალე მთელ საქართველოში იწყება. ყიზილბაშები შუა მთის მონასტერს ესხმიან თავს და სხვა გადამალულ ქალიშვილებთან ერთად ბაში-აჩუკის დები სპარსეთის შაჰის ჰარამხანისთვის მიჰყავთ. ბაში-აჩუკი თავს ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. ჩოლოყაშვილის მეთაურობით აჯანყებულთა რაზმები თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს, ყიზილბაშები გარბიან.

Back to top button