სიახლეები

გაუმარჯოს ბუშონს

ცდის მიერად შემოწმებული მაქვს, რომ ჩემი ბლოგ-პოსტების ხარისხი სპექტაკლების ხარისხის უკუპროპორციულია. არასდროს არ გამომდის კარგი პოსტი იმის შესახებ, რომელი სპექტაკლიც განსაკუთრებულად მომეწონება ხოლმე. ამავე მიზეზით, მკითხველს ვთხოვ ამ პოსტს განსაკუთრებული კრიტიკულობით ნუ მოეკიდება. ბევრჯერ მიფიქრია, რატომ გამოდმის უკეთესი ტექსტები იმ სპექტაკლების შესახებ, რომლებიც სხვებზე ნაკლებად მომეწონა. ალბათ, ძირითადი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ნაკლებად ღრმა სპექტაკლებში დაბეჯითებით ვიწყებ ღირებული ელემენტების ძებნას და ბოლოს რაღაცებს მართლაც აღმოვაჩენ ხოლმე.

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ნამდვილად არ გამოვირჩევი, ძალიან მოუხერხებელი სავარძლებია და სულ მაიძულებს მაქსიმალურად კომფორტული რაკურსი შევარჩიო, რომ სპექტაკლს ვუყურო, მაგრამ როგორც უნდა ეცადო, წარმოდგენის განმავლობაში მაინც რამდენჯერმე შეგახსენებს თავს ეს სავარძლები. სავარძლები სულიერები რომ იყვნენ, ვიფიქრებდი მსახიობებზე ეჭვიანობის გამო ცდილობენ ყურადღება მიიპყრონ-მეთქი.

მინდა მოგითხროთ სპექტაკლის შესახებ, რომლის ყურების დროსაც ეს სავარძლები ერთხელაც არ გამხსენებია, მთელი წარმოდგენის განმავლობაში ვიცინოდი და ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე გამომყვა მხიარული განწყობა, ეს სპექტაკლია – „გაუმარჯოს ბუშონს“!

ბუშონი ერთი მიყრუებული სოფელია სადღაც საფრანგეთში, რომელიც არც რომელიმე რუკაზეა დატანილი, არც საძიებო სისტემებშია მოხსენებული, არც თანამგზავრიდან ჩანს და არც რაიმე ღირებული გააჩნია, რომ ვინმეს ყურადღება მიიპყროს და თავისი არსებობა რაიმეთი გაამრთლოს.

თუმცა, ბუშონი მაინც არსებობს და სოფლის მეურნეობასაც ავითარებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მართალია, ეს სოფლის მეორნეობა 22 კვადრატულ სანტიმეტრზე ქოთანში ჩარგული პატარა ბუჩქია, მაგრამ ამისათვის დონორი ორგანიზაცია მაინც უხდის სოლიდურ თანხას. ბუშონი არც რომელიმე ზღვას და მითუმეტეს არც ოკეანეს ესაზღვრება, მაგრამ მისი მეთაური მაინც დაბეჯითებით ცდილობს მოიპოვოს გრანტი პორტის მშენებლობისთვის. ამ ყველაფერმა შესაძლოა ასოციაციები ერთგავარად ბარონ მიუნჰაუზენზეც წარმოშვას, თუმცა ბუშონის მკვიდრნი ბევრად უფრო პრაგმატულნი არიან, ვიდრე ზემოთ ხსენებული ფეოდალი იყო.

უფრო მართებული იქნება თუ ლიტერატურულ გმირებს, ბარონსაც და სხვებს დავეხსნებოდით და ალუზიის ძიებას რეალურ სამყაროში, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე დავიწყებდით. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ როდესაც სახელმწიფოში რაღაც „ისე ვერ არის“, მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად მხოლოდ მთავრობა-ხელისუფლება იყოს დამნაშავე. კარგშიც და ცუდშიც თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ ერთმაც და მეორემაც, თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი დამკვეთია, მთავრობა კი მხოლოდ, შემსრულებელი.

ისევ ბუშონს და მის არც ისე ხანგრძლივ ისტორიას დავუბრუნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბუშონს არ გააჩნია არც ბუნებრივი რესურსები და საერთოდ არაფერი ისეთი რითიც თავისი მოქალაქეების დამოუკიდებლად გამოკვებას, თუნდაც სურსათით მომარაგებას შეძლებდა, მაინც გამოაცხადებს დამოუკიდებლობას.  თითქოს, ეს  ძალზედ სართულო საქმე უნდა იყოს, მაგრამ ბუშონელებს გაუმართლებთ (?) და სრულებით შემთხვევით აისრულებენ საწადელს. ახლა ბუშონი თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა მისი არსებობის ან და მდებარეობის შესახებ ჯერ მაინც არავინ არაფერი იცის. ამ პატარა სოფელ-სახელმწიფოს სულ მალე სასურსათო კრიზისა დაატყდება თავს, ეს პირველი დიდი გამოცდაა მისთვის. მაგრამ, მოხერხებული ბუშონელები მაინც ეცდებიან ამ სიძნელეს თავი დააღწიონ და იმისათვის რომ ლტოლვილებისთვის განკუთვნილი შემწეობა მიიღონ იწყებენ ომს. არა, ამ ომში გამარჯვება სულაც არ სწადია ბუშონს. მას მხოლოდ ის უნდა, რაც შეიძლება მალე დამარცხდეს და ამჯერად მოიპოვოს „დამოკიდებულება“, რადგან დამოუკედბლობამ იმედები გაუცრუა.

რა თქმა უნდა ეს სპექტაკლი არ არის თავისუფალი პოლიტიკური ალუზიებისაგან, თუმცა იმდენად ხალასი იუმორით არის გაჯერებული რომ ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების მქონე მაყურებელს აიძულებს იცინოს თავდავიწყებით.

 პოსტის ავტორი ნიკა უხურგუნაშვილი

 

ჟან დელი,  ჟერალდ სიბლეირასი
თარგმანი მალხაზ ასლამაზიშვილისა და ალექსანდრე ბრაილოვსკის
რეჟისორი იოსებ ბაკურაძე
მხატვარი ავთო მოდებაძე
მუსიკალური გაფორმება ალექსანდრე ნიკოლაძისა და ია საკანდელიძის
ქორეოგრაფი კახა ბაკურაძე
რეჟისორის თანაშემწე რუსუდან ბარბაქაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი

ჟაკი – გაგი სვანიძე
ნიკოლა – ნიკა ქაცარიძე
ოდეტა – ქეთი სვანიძე
რობერ ფლაპი – ზუკა პაპუაშვილი

Back to top button