ფარდა იხსნება და ჩანს ქიმიური ლაბორატორია ტრადიციისამებრ შეშლილი პროფესორითა და უცნაური ასისტენტით. თუმცა, როგორც შემდეგ ირკვევა ეს ლაბორატორია სინამდვილეში ჩვეულებრივი სამზარეულოა, შეშლილი პროფესორი – მზარეული, ასისტენტი კი… ასისტენტი. ასისტენტს ვერცხლისფერი ხალათი აცვია და ერთგვარად, კიბერ გოთის ასოციაციას გვიტოვებს, საერთოდაც აქ ყველანი კიბორგები არიან. ზოგს ლითონის ზამბარებიანი ძუძუები აქვს, ზოგს მინის მუცელი, ზოგს მისამაგრებელი ხელი და ა შ.
ამ კომიკურ იგავში ძნელია გაიგო ვინ – ვინ არის, ძალიან ბევრი დამაბნეველი ალუზიაა. ერთმანეთს კონტრასტულად ენაცვლება პრიმიტიული კომიკური სახეები და ღრმა, დამაფიქრებელი სცენები. სპექტაკლის თითქმის ნახევარი მტანჯველ ფიქრში გავატარე რა რას ნიშნავდა, თუმცა, სწორი აღმოჩენები ისე მახარებდა, ეს ამად ღირდა. ზოგჯერ კი იმდენად ცხადი, იმდენად პირდაპირი მინიშნებები ჩნდებოდა, ვფიქრობდი იქნებ სხვა რაიმე ფარული აზრი უდევს ამ მოქმედებებს ქვეტექსტად-მეთქი.
სპექტაკლი, პირველ რამდენიმე წუთს თუ არ ჩავთლით, ოსტატურად არის დახუნძლული პილიტიკური კონტექსტებით. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელოვნება არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. დიახ, ჭეშმარიტად ვთვლი, რომ ხელოვანებმაც თავიანთი მოღვაწეობითკომენტირება გაუკეთონ პოლიტიკურ მოვლენებს, გააკრიტიკონ პოლიტიკური ფიგურები. რამდენად იქნება ეს ობიექტური უკვე მაყურებლის შესაფასებელია.
აქ თითოეული პერსონაჟი სხვადასხვა პოლიტიკური მხარის სიმბოლოა. რუსეთი, აშშ, საქართველოს ხელისფლება… ზოგიერთი სცენა ისეთი მძაფრი სარკაზმით არის გაჟღენთილი, რომ ბევრს სულსაც შეუხუთავდა ეს დაძაბული მუხტი, სარკაზმის მწარე ექსტრაქტი ემოციურ სისტემას დაურღვევდა და ერთიანად შეძრავდა. ამიტომაც, ანგაჟირებულ პოლიტიკურ ფანატიკოსებს, ნადმვილად არ ვურჩევდი ამ სპექტაკლის ნახვას.
თუმცა, ზოგიერთი ეპიზოდი შეიძლება „გადამლაშებულიც“ იყოს. მაგალითად, მე ერთი-ორი ფრაზა პირდაპირ რუსოფობიულად მომეჩვენა. ეს ჩემი აზრია, იმ ადამიანისა, ვისაც მიაჩნია, რომ პოლიტიკა – პოლიტიკაა და თავისსავე ადგილზე უნდა დარჩეს, ხოლო პოლიტიკურ სპექტაკლში სამმაგი ოდეკოლონითა და ფეხსაცმლის საცხით დათრობაზე ოდნავ უხერხულია საუბარი. თანაც ასეთი დეტალების საზოგადო, ეროვნულ სახედ წარმოჩენა კი ერთობ უარყოფით ნიშნებს შეიცავს.
სპექტაკლის სახელს რაც შეეხება, ბევრი ვიფიქრე, რატომ ქვია „დაბოლილი მთვარე“. თვითონ მთვარეც პოლიტიკური მოვლენაა ამ სპეტაკლში. მთვარე „დაბოლდა“და გზა აებნა, შემდეგ შეცდომით სხვა კარში შევიდა, კარში, რომელსაც რუსეთისკენ მივყავართ. შეცდომა ძვირად დაუჯდა და გამოუსწორებელი აღმოჩნდა. თუმცა,ეს შეიძლებოდა „დაბოლების“ გარეშეც დამართნოდა. რითი დაბოლდა აღნიშნული მთვარე, ისტორიის გაკვეთილებიდანაც გვახსოვს, თუმცა ამის ფაქტად მიღება არ შეიძლება და ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ როგორც ჰიპოთეზა, ისე უნდა განვიხილოთ. სპექტაკლი კი ამ მნიშვნელვანი პოლიტიკური მოვლენის ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რომელსაც ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2010 წლის 16 ივნისს.
რეჟისორი – გიორგი თავაძე
მხატვარი- თემურ ნინუა
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე
ფეხსაცმლის დიზაინერი – ანუკა ქებურია
სპექტაკლში გამოყენებულია ფრაგმენტები ვ.კახიძის, მ.მდინარაძის, ვ.მალგონის, დ.შოსტაკოვიჩისა და ა.ნოვიკოვის მუსიკალური ნაწარმოებებიდან.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ლიანა – ნანუკა ხუსკივაძე
პანტელეიმონ პაპასტვირი – ზაალ ჩიქობავა
კაპიტოლინა – ნინო კასრაძე
ქეთი – ქეთი ხიტირი, რუსუდან მაყაშვილი
ანრი კუკუა – დავით დარჩია
ნესტორი – პაატა გულიაშვილი
კატო – ნინო არსენიშვილი
ამირინდო – გაგი სვანიძე, ბაჩო ჩაჩიბაია
პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი