სიახლეები

დედოფალი ელისაბედი

ამ სპექტაკლის შესახებ თხრობას კულმინაციური ფრაზით დავიწყებ,- „ნაჯახი ძლიერად არ დამარტყათ, სუსტი კისერი მაქვს“. ალბათ, ძალიან ძლიერი სული უნდა გქონდეს, რომ სასიკვდილო ეშაფოტზე ხუმრობის განწყობის შენარჩუნება შეძლო. ამ სიტყვების გაგონებაზე თომას მორის უკანასკნელი სიტყვები გამახსენდა,- „გთხოვთ, წვერი გადამიწიეთ, მას არაფერი დაუშავებია“. უდავოდ, კარგი იუმორის გრძნობა აქვთ ინგლისელებს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წამებშიც კი არ ტოვებთ მათ.

რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „მარიამ სტიუარტი“ რამდენიმე დღის წინ ვნახე. არასდროს მრცხვენოდა ჩემი მიკერძოებულობის, მაგრამ ის რომ დედოფალი ელისაბედის მიმართ უფრო მეტი თანაგრძნობით ვარ გამსჭვალული, ვიდრე მისი დის – მარიამის მიმართ,შესაძლაოა, მთლად ჩემი მიკერძოებულობის ბრალიც არ იყოს, თუმცა შესაძლოა გარკვეულმა მოვლენებმაც მიბიძგა ამისაკენ. პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის ჩემი უსაყვარლესი მსახიობის – ნანუკა ხუსკივაძის შეუდარებელი სამსახიობო ოსტატობა სცენაზე. ეს ის მსახიობია, რომელსაც შეუძლია ყველა პარტნიორი დაჩრდილოს და თავისი პერსონაჟის მიმართ კეთილად განაწყოს მაყურებელი.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი თავად ისტორიულ მოვლენებში უნდა ვეძებოთ. ყოველთვის უმცირესობათა მხარეს ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ეშაფოტზე სწორედ მარიამ სტიუარტი ადის და არა ელისაბედი ის მაინც მეტ მხარდაჭერას საჭიროებს. კათოლიკე მარიამს ბოლომდე ზურგს უმაგრებს კათოლიკე საფრანგეთი და თავად რომის პაპიც კი, პროტესტანტ ელისაბედს კი არავინ ჰყავს ერთგული, ის ლორდებიც კი ვინც დის მოკვლას აიძულებს.

ელისაბედზე სასახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში ჩუმ-ჩუმად ჭორაობენ, მეფის უკანონო შვილად გამოაცხადებენ, დედამისს კი ქმრის ღალატს დასდებენ ბრალად. მას ტანჯავს უამრავი მემკვიდრეობითი სენი, არასდროს ღირსებია ის, რასაც ადამაინები „ქალურ ბედნიერებას“ უწოდებენ ხოლმე. გულწრფელად რომ ვთქვა, მეც არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობს ეს „ქალური ბედნიერება“, მაგრამ, ალბათ, სწორედ იმ პრობლემათა თაიგული უნდა იყოს რაც ქალ მონარქს მაშინდელ ინგლისში უნდა ჰქონოდა.

მარიამი და ელისაბედი დები არიან, თუმცა სავსებით განსხვავებულნი. მარიამი ავხორცი ქალების გავრცელებულ სტერეოტიპში ზუსტად ჯდება. ელუსაბედი კი უფრო ცივი გონების, განსჯის ადამიანია, რომელიც ვნებებთან უფრო თავშეკავებულია. თუმცა, როდესაც აყვა ვნებებს, მაშინაც იმ ავხორცი დის აჩრდილი გადაეღობა. ორივე იბრძვის გვირგვინისათვის, ამასთანავე სიცოცხლისთვისაც, რადგან რომელიმემ თავისი ნებით რომ დათმოს კიდეც გვირგვინი – ორი თანაბარუფლებიანი მონარქის ერთ სივრცეში ყოფნა მაინც საშიშია, მითუმეტეს, როდესაც მათი გვირგვინისადმი მთელ დანარჩენ მსოფლიოს უფრო გამძაფრებული ინტერესები აქვს, ვიდრე თავად დებს. შეთქმულებებსაც და ტერორისტულ აქტებსაც დების უკითხავად აწყობენ ხან რომელი ფრანგი გრაფი და ხანაც რომელი.

ერთ-ერთი და უნდა მოკვდეს. ელისაბედს არ უნდა დის მოკვლა. რა თქმა უნდა, სინდისისთვის მძიმე ტვირთი იქნება ეს. „მკვლელის ხელები სამარადჟამოდ სისხლის ლაქებით არის მოთხვრილი“ – მანტრასავით იმეორებს ელისაბედი და თვითონვე იმშვიდებს თავს (?) – „არც ერთი ლაქა, არც ერთი ლაქა“… თუმცა, სინდისის გარდა, სხვა, ჩემი აზრით უფრო მნისვნელოვანი, მიზეზიც აქვს ელისაბედს იმისათვის, რომ დის სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერა გააჭიანუროს. ამ მიზეზს ინგლისელებზე კარგად ქართველები იცნობენ და „რას იტყვის ხალხი“ ჰქვია. მონარქის სიკვდილით დასჯა ძალზედ საშიში პრეცენდენტია, მართლაც რას იტყვის მსოფლიო?! მაგრამ, აქაც პასუხობს ელისაბედი თავის თავს, კონტრარგუმენტი ყველაფერს აქვს,- „ მსოფლიოს მთელი ისტორია სისხლით არის მორწყული! კარგად გადახედეთ, ისტორიას, კარგად! ყველამ თავის სისხლიან სასახლეს მიხედოს!“

მარიამ სტიუარტი კვდება, ელისაბედი კი მხოლოდ ამის შემდეგ იგებს, რომ ბრალდებები, რომელიც სასამართლომ მის დას წაუყენა სრული სიცრუე იყო და არც ერთი შეთქმულება არ ყოფილა მარიამის ორგანიზებული. სასახლის ინტრიგები ობობის ქსელივით არის აბურდული, მის მარწუხებში კი სამართლიანობაა მომწყვდეული.

პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

Back to top button