1 მაისს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება დოდო აბაშიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. საღამოს წარუძღვება ბატონი კახი კავსაძე. დასაწყისი 19:00 საათზე
[toggles behavior=”accordion”]
დავით (დოდო ) აბაშიძე (1924-1990) - ბიოგრაფია
დავით (დოდო) აბაშიძემ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა 1949 წელს და მალე მუშაობა დაიწყო კიდეც რუსთაველის თეატრში. ინსტიტუტის სააქტო დარბაზის პატარა სცენაზე დ. აბაშიძემ წარმატებით განასახიერა პეტუა („ციმბირელი“ ა ცაგარელი) შუქრი („ჩაძირული ქვები“ ი. მოსაშვილი) და სხვა მნიშვნელოვანი როლები. დ. აბაშიძეს რუსთველის თეატრში შესრულებული აქვს რამდენიმე როლი, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პეპო („პეპო“ გ.სუნდუკიანი), ერემო („მარად მწვანე ქედები“ დ.კარსანიძე), გიორგი („ოთარაანთ ქვრივი“ ი.ჭავჭავაძე), როლერი („ყაჩაღები“ ფ. შილერი) საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, მსახიობი დავით (დოდო) აბაშიძე დაიბადა თბილისში, მსახიობების ოჯახში. მამამისი ვანიკო აბაშიძე რეჟისორ სანდრო ახმეტელის მეგობარი და მსახიობთა გარეთიანება – „დურუჯის“ წევრი იყო. იგი 1937 წელს, სანდრო ახმეტელთან ერთად, სტალინური რეპრესიების დროს დახვრიტეს. დედა – ნინო ანდრონიკაშვილი, ნატო ვაჩნაძის და, მარტო ზრდიდა დოდოს, რომელსაც ეს სახელი იმიტომ უწოდეს, რომ ბავშვობაში ზოგიერთ ასოს ვერ გამოთქვამდა და გოგონებს–„გოგო“–ს ნაცვლად „დოდოს“ ეძახდა. თორმეტ წლამდე პატარა დოდო ხშირად ავადმყოფობდა, თანაც ფიზიკურად ძალიან სუსტი და გამხდარი იყო. ოჯახში ყველა მის კვებასა და გასუქებაზე ზრუნავდა. გოგოსავით ლამაზი, ოქროსფერი კულულებით ხშირად გამხდარა თანატოლი ბიჭების დაცინვის მიზეზი, ამიტომ უფრო გოგონებთან უყვარდა ყოფნა. ბავშვობაში ქარგვაც კი ისწავლა და მთელ დღეებს ქარგვაში ატარებდა. ერთ დღესაც, ვარდისუბნის იტალიურ ეზოში, სადაც დოდო ცხოვრობდა, მეზობელმა აივანზე განტელები ჩამოკიდა. დოდომ ვარჯიში დაიწყო და თანდათან საოცარი აღნაგობა ჩამოუყალიბდა, ისე რომ უბნის ბავშვებს უკვე იმას ეუბნებოდნენ „ჭამე, დოდოსავით ძლიერი რომ გახდეო“. ვარდისუბნის ქუჩაზე, დოდო აბაშიძის მეზობლად ბევრი საზოგადო მოღვაწე ცხოვრობდა. მათ შორის ქართული თეატრის კორიფეები: აკაკი ხორავა, ემანუილ აფხაიძე, მეტყველების პედაგოგი მალიკო მრევლიშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ, მათი რჩევით, დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა, თანაც მსახიობობა ხომ გენში ჰქონდა, მაგრამ გამოცდაზე ლექსი ისე ცუდად წაიკითხა, რომ კომისიის წევრები გაოცებულნი დარჩნენ. აკაკი ხორავამ იგი მაინც დატოვა ინსტიტუტში, დროებით, თავისუფალ მსმენელად. ინსტიტუტის პირველ კურსზე კი დოდო ერთადერთი იყო ვინც მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა. ომის მძიმე წლებში მაღაზიაში პურის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ბევრი გოგონა იყო მაშინ ამ ახალგაზრდა, სიმპათიურ გამყიდველზე შეყვარებული, შემდეგ ვალები დაუგროვდა და მტვირთავად მოეწყო: კინოთეატრ „სპარტაკიდან“ „რუსთაველში“ კინოფირები გადაჰქონდა. როდესაც უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი მარინა ახვლედიანი შეუყვარდა, მისი გულის მოსაგებად დოდომაც ამ ინსტიტუტში ჩააბარა. მართალია, სიზარმაცის გამო ერთი წლის შემდეგ გარიცხეს, მაგრამ მარინას სიყვარულს მაინც მიაღწია და მალე მისი მეუღლე გახდა. დოდოს სამსახიობო კარიერა დაიწყო საკურსო სპექტაკლით „გამარჯვებულთა ღიმილი“. ეს იყო მისი ნათლობა, რომელმაც საშუალება მისცა რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი გამხდარიყო. 1952–1956 წლებში მან თეატრში 7 როლი ითამაშა, მაგრამ შემდეგ თეატრს ზურგი შეაქცია და კინომ გაიტაცა. სწორედ კინოში მოხდა მისი ოსტატობის ხორცშესხმა. პირველი ეპიზოდური როლი ლეგენდარულ ფილმში „მაგდანას ლურჯაში“ ითამაშა, შემდეგ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მთავარ როლს ასრულებდა თუ ეპიზოდურს, მაყურებელი ეკრანზე მის გამოჩენას ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებოდა. კინოში შესრულებული 50–ზე მეტი როლიდან საკავშირო თუ საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზით, „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ აღინიშნა მისი თამაში ფილმებში: „დიდი მწვანე ველი“ (მინსკი), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ფრუნზე), „პირველი მერცხალი“ (თეირანი), თეირანში მან წარმოუდგენელი საქციელი ჩაიდინა: დაჯილდოების ცერემონიაზე ხელზე ეამბორა ირანის შაჰის ცოლს, ულამაზეს–სურეიას. ფილმის რეჟისორი ნანა მჭედლიძე იხსენებს: „დედოფლის დანახვაზე დოდოს თვალები აუციმციმდა და უნდა ვაკოცოო,– გადმომიჩურჩულა. – ხომ არ შეიშალე მეთქი! –შენ რა გინდაო?– ის მინდა, რომ ჩვენს თავებს რეზო ჩხეიძეს (კინოსტუდიის დირექტორი) ყუთებით გაუგზავნიან – მეთქი. როცა დოდო აბაშიძის გვარი გამოაცხადეს, ფერი წამივიდა“. ასეთი იყო დოდო აბაშიძე ეთაყვანებოდა სილამაზეს და უსმენდა შალიაპინს, თბილისში პირველს ჰქონდა ვიდეომაგნიტოფონი და „მერსედესის“ ფირმის მანქანა. საზოგადოებაში მხიარული, ცნობილი თამადა, ზოგჯერ შარის მაძიებელი შფოთისთავი, სახლში განმარტოებით იჯდა და წიგნს კითხულობდა. თუმცა მაყურებლისთვის პირად ცხოვრებაზე მეტად მნიშვნელოვანია მისი კინოროლები: აბდუშაჰილი, ყვარყვარე, სოსანა, იასონი, რომლებიც გაითავისა და შეიყვარა, რომლებიც ზოგჯერ ზეპირად იცოდა და საყვარელ ფრაზებად ამკვიდრებდა. საგულისხმოა, რომ ცნობილ რეჟისორთან სერგო ფარაჯანოვთან ერთად რეჟისორად მუშაობდა ფილმზე „ამბავი სურამის ციხისა“. სურათს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მან 1984 წელს, ესპანეთში სიხტესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიზი მიიღო როგორც საუკეთესო რეჟისორულმა ნამუშევარმა. ბოლო ფილმი, რომელშიც დოდო აბაშიძე მონაწილეობდა იყო „ფესვები“, სადაც მან ემიგრანტი ქართველის როლი ითამაშა, მაგრამ ფილმის დასრულებას ვეღარ მოესწრო. მისი მონტაჟის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს მას რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ ნიკა“ მიენიჭა.
ფილმოგრაფია
- აშუღ-ყარიბი (1988)
- ამბავი სურამის ციხისა (1984)
გადაღებულია ფილმებში:
- ფესვები (გიორგი ხანდაზმულობაში) – (1987)
- ამბავი სურამის ციხისა (ოსმან აღა) – (1984)
- გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი – (1984) – [ახმოვანებს], ანიმაციური
- მაცივარში ვიღაც იჯდა (ლიას მამა) – (1983)
- წიგნი ფიცისა (ვაჩნაძე) – (1983)
- Похищение века (Ru, 1981)
- ქორწინება იმერულად (სიმონი) – (1979)
- ყვარყვარე (ყვარყვარე) – (1978)
- დათა თუთაშხია (არქიფო სეთური) – (1978)
- რაჭა ჩემო სიყვარულო (ვარლამი) – (1977)
- ფედია (შალიკო) – (1977)
- მწვერვალი (პაპა გაბრიელი) – (1976)
- ქალაქი ანარა (მოსე) – (1976)
- გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) – (1976)
- დილის ნისლივით – (1976)
- პირველი მერცხალი (იასონი) – (1975)
- არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (მიხო და მეპურე) – (1975)
- საქმე გადაეცემა სასამართლოს (ირაკლი რაზმაძე – პროკურორი) – (1975)
- ვერის უბნის მელოდიები (პრისტავი-პოლიციის უფროსი) – (1973)
- ციმბირელი პაპა (ნესტორ კალანდარიშვილი) – (1973)
- როცა აყვავდა ნუში (ნიკო) – (1972)
- მხიარული რომანი (კოლ-ბის თავმჯდომარე) – (1972)
- ზღვის მგელი (ვახტანგი–რეჟისორი) – (1972)
- მეზობლები – (1971)
- დიდოსტატის მარჯვენა (მამამზე ერისთავი) – (1970)
- ფიროსმანი – (1969)
- სინათლე ჩვენს ფანჯრებში (ალექსანდრე) – (1969)
- არაჩვეულებრივი გამოფენა (შავლეგი) – (1968)
- ტარიელ გოლუა (ბაჩუა) – (1968)
- არ იდარდო! (გენერალი ვამეხ ვახვარი) – (1968)
- დიდი მწვანე ველი (სოსანა) – (1967)
- მალე გაზაფხული მოვა – (1967)
- მაცი ხვიტია (ომარ მარღანია) – (1966)
- გიორგობისთვე (რეზო) – (1966)
- ხევსურული ბალადა (ალუდა) – (1965)
- პიერი მილიციის თანამშრომელი (მილიციის უფროსი) – (1965)
- ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (აფრასიონი) – (1965)
- ზღვის შვილები (გოჩა) – (1964)
- ცეროდენა რაინდები (ასლანი) – (1963)
- თეთრი ქარავანი (დღვირა, მძღოლი) – (1963)
- ჭიაკოკონა (ბოჩი) – (1961)
- უდიპლომო სასიძო (დოდო) – (1961)
- ბურთი და მოედანი (გედევანი) – (1961)
- Командировка (Ru, 1961)
- ორი ოჯახი (გოგი) – (1958)
- მე ვიტყვი სიმართლეს (უშანგი) – (1957)
- ბაში-აჩუკი (აბდუშაჰილი) – (1956)
- ეთერის სიმღერა – (1956)
- მაგდანას ლურჯა – (1955)
- ჭრიჭინა (ბიჭიკო) – (1954)