ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თამამი და უპრეცენდენტო განაცხადი – ქორეოდრამა “EVANGELION”. წარმოდგენის დასადგმელად თეატრმა შესანიშნავი ბალეტმეისტერი, გია მარღანია მოიწვია.
“EVANGELION” – თანამედროვე, თავისუფალ , მოდერნისტულ საცეკვაო ხერხში გადმოცემული ამბავია. დრამატურგიული საფუძველი, რომელსაც დამდგმელმა ჯგუფმა მოკიდა ხელი, გაბედული და მოულოდნელია- ეს არის 6 იგავი ბიბლიიდან და სახარებიდან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები მხოლოდ ცეკვის საშუალებით გვიამბობენ : იოანე ნათლისმცემლის, უძღები შვილის, მარიამ მაგდალელის, სალომესა და იუდას იგავებს, რასაც აგვირგვინებს ქებათა-ქების პირველის ლექსი.
დამდგმელი ბალეტმეისტერის ამოცანასარა ამ ტექსტების ილუსტრირება წარმოადგენს, არამედ იმ ემოციებისა და სულიერი განცდების პლასტიკის ენის მეშვეობით გამოხატვა, რასაც წმინდა წიგნების ეს მონაკვეთები და წარმოდგენაში გამოყენებული კლასიკური თუ თანამედროვე მუსიკა აღძრავს მასში და შემსრულებლებში. თანამედროვე საცეკვაო ენით დადგმულ სპექტაკლში ოსტატურადაა გამოყენებული შუა საუკუნეებრივი ევროპული მისტერიების ხერხი.
ქორეოდრამის “EVANGELION” – იდეის ავტორი, ქორეოგრაფი, რეჟისორი და მხატვარია – გია მარღანია, მხატვარ-შემსრულებელი- მარიამ ჭელიძე, რომლისთვისაც სადებიუტო ნამუშევარია. მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის, ადაფტირებული ტექსტის ავტორია დოდო ხურცილავა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო ლეჟავა ( მარიამ მადალელი და სალომე), ვანო დუგლაძე ( იოანე ნათლისმცემელი და მამა), ნიკა ნანიტაშვილი ( იუდა და უძღები შვილი), და სხვანი.
სპექტაკლის პრემიერა გაიმართა 3 და 4 ივნისს.