გელა ბაბლუანის ფილმი ცამეტი პირველად 2005 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ფილმმა ადვილად მოიპოვა კინომოყვარულთა სიმპატია და მრავალი კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ფილმის მთავარი ხიბლი: ორიგინალური სიუჟეტი, მცირე ბიუჯეტი და კარგი სამსახიობო დასი გახლდათ. ასევე რეჟისორულმა ნამუშევარმაც კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. დამწყები რეჟისორის მიერ საფრანგეთში გადაღებული ფილმით, ჰოლივუდელი პროდუსერები დაინტერესდნენ და ფილმის ჰოლივუდური რიმეიქის გადაღება გადაწყდა . ფილმის რეჟისორი კვლავ გელა ბაბლუანი გახლავთ, 13 პრემერა კი 2010 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა. ფილმის პროდიუსერი აარონ კაუფმანი გახლავთ . ფილმში შემდეგი სამსახიობო ჯგუფი მონაწილეობს : მიკი რურკი, მაიკლ შენონი, 50 ცენტი, ბენ გაზარა, რეი ვინსტონი, ჯეისონ სტეტჰემი.
რიმეიქებული 13 ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ორიგინალისგან მისი ფერადოვნებაა. ფილმის სიუჟეტი მცირედი ცვლილებების მიუხედავად, თითქმის სრულად გასდევს ორიგინალს . ფილმის მსვლელობისას არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ სხვა ფილმს უყურებ, თუმცა არც იმას ფიქრობ,რომ ეს ფილმი უკვე ნანახი გაქვს. ფილმი საკმაოდ დინამიურია, მუდმივად დაძაბული და დამუხტული ხარ , შოკისმომგვრელი სიუჟეტით . რომელიც ფილმის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა.
სიუჟეტი კი დაახლოებით ასე გამოიყურება: ფილმის მთავარი გმირი, ვინსი აღმოაჩენს სწრაფი გამდიდრების საშუალებას. თუმცა ის ვერც წარმოიდგენს, თუ რა სახის სასიკვდილო თამაშში ერთვება. თამაშში, სახელად რუსულ რულეტკა, სადაც ფსონები ადამიანთა სიცოცხლეზე იდება, შენ კი ორი ალტერნატივა გაგაჩნია , გამარჯვება და დიდი ფული, ან უბრალოდ სიკვდილი რიგითი 13 ნომრით.
არსებობენ ფილმები სადაც სხვა მილიონი ფილმის ნახვის შემდეგაც კი, ვერ დაივიწყებ იმ სცენას რომელიც მის მთავარ მახასიათებლად იქცევა ხოლმე . 13 ს აქვს ასეთი სცენა. ფილმის ნახვის შემდეგ გპირდებით, თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ წრიულად მდგარი 13 მამაკაცი, რომელიც იარაღის მჭიდს რიტმულად ატრიალებს, ერთმანეთს კეფაზე უმიზნებს, მზერა კი ცენტრში ჩამოკიდებული ნათურისკენ აქვთ მიმართული , სადაც ერთი შემთხვევითი გასროლით, შემთხვევითი ადამიანები იხოცებიან, შემთხვევით გამდიდრებული ადამიანების მიერ, შემთხვევით ადამიანებზე ჩამოსული ფსონებისთვის . ფულისთვის, რომელიც სიცოცხლით თამაშის, სხვისი სიცოცხლით გართობის საშუალებაა .
ფილმის ერთ ერთი შეცდომა 50 ცენტის მსახიობად გასაღებაა . მესმის მარკეტინგული გათვლები, თუმცა ეს ყველაფერი როდესაც ფილმის ხარისხზე აისახება , რთულია მსგავს გათვლებს ენდო. არ ვიცი რატომ უჩნდებათ მსგავსი სურვილები ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სფეროში გარკვეულ ავტორიტეტს იძენენ, მისგან და მისი შესაძლებლობებისგან აბსოლიტურად რადიკალურ სფეროშიც მოსინჯონ თავი . ასეთი უემოციო და არაფრისმთქმელი პერსონაჟი ფილმს არ ყავს “მსახიობს” მიმიკაც კი არ ეცვლება თამაშის გამავლობაში.
ფილმი საბოლოო ჯამში დადებითად შემიძლია შევაფასო , ის ჰოლივუდში შეფუთული ევროპული ფილმია, რომელსაც ქართველი რეჟისორი ყავს. მის სანახავად გადახდილი 7-10 ლარი ნამდვილად შეესაბამება იმ ემოციას რომელსაც ფილმი იძლევა და დიდი იმედი მაქვს რომ ფილმს მაყურებელი ისევე მოიწონებს როგორც ორიგინალური 13 ის შემთხვევაში იყო. ეს ორი ვერსია კლასიკური ნიმუშია იმისა თუ რითი განსხვავდება ევროპული კინო ამერიკულისგან . ერთი რეჟისორის მიერ, ორ განსხვავებულ სივრცეში და განსხვავებული შესაძლებლობებით გადაღებული , ერთი სიუჟტის ორი ფილმი, იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მათი ერთ ფილმად აღქმაც კი რთულია.