სიახლეები

გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა!

26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი
საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო კულტურის ცნობილი მოღვაწეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები 21 ქვეყნიდან და ქართული თეატრის წარმომადგენლები. იუბილეს სპეციალური სტუმრები არიან სსრკ სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი, სსრკ სახალხო არტისტი ვასილი ლანოვოი, რუსეთის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა.

საიუბილეო ღონისძიებები ოთხ დღეს გასტანს.

ღონისძიების პროგრამამონაწილეებითეატრის ისტორია

გრიბოედოვის თეატრი არის პირველი პროფესიული თეატრი კავკასიაში. ის 1845 წელს დაარსდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მის სცენაზე მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მსახიობები – ა.სუბათაშვილი-იუჟინი, ვ.კომისარჟევსკაია, ა.იაბლოჩკინა, სპექტაკლებს დგამდნენ ვ.მეიერჰოლდი, კ.მარჯანიშვილი და ა.შ. თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს გ.ტოვსტონოგოვმა, რ.სტურუამ, პ.ფომენკომ, ა.გომიაშვილმა, მ.თუმანიშვილმა, ვ.ანჯაპარიძემ, გ.ლორთქიფანიძემ.

1999 წელს თეატრს სათათავეში ჩაუდგა ავთანდილ ვარსიმაშვილი. დღესდღეობით თეატრის რეპერტუარში 28 სპექტაკლია, ეს არის როგორც მსოფლიო დრამატურგიის კლასიკა, ასევე მრავალფეროვანი დადგმები ბავშვებისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში თეატრი მართავს „რუსული კლასიკის სეზონებს“.

2012 წელს გრიბოედოვის თეატრი გახდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოს ჯილდოს – ”ტოლერანტობის ქომაგის” პრემიის ლაურეატი. 2013 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე ”ოქროს რაინდი” გრან-პრი მიიღო სპექტაკლისთვის ”ხოლსტომერტი. ცხენის ამბავი”. იმავე წელს თეატრმა მოიპოვა საზღვარგარეთის საუკეთესო რუსული თეატრის წოდება და პრემია ”თეატრალის ვარსკვლავის” ლაურეატი გახდა. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგებში გრიბოედოვის თეატრი საუკეთესო თეატრების ხუთეულში შედის.

26 ოქტომბერს სპექტაკლით „წარსულის ეტლში. მსახიობის მონოლოგი“ აღინიშნება აშშ-ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტის ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე.

27 და 28 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია „რუსული თეატრი საზღვარგარეთ. პრობლემები და პერსპექტივები“. მრგვალი მაგიდების მსვლელობისას განიხილება თეატრალური პროცესის სხვადასხვა საკითხი – განათლება და ახალგაზრდა მსახიობების დასაქმება, საფესტივალო მოძრაობა, საგასტროლო საქმიანობა, მას-მედიის როლი და სხვა. მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გიორგი ტოვსტონოგოვი – ვიხსენებთ მაესტროს“ მიეძღვნება სსრკ და საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს. ასევე გაიმართება რეჟისორის სახლზე, ტოვსტონოგოვის ქუჩის #9-ში მემორიალური დაფის ყვავილებით შემკობა.
იმავე საღამოს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ (ლ.ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. ა.ვარსიმაშვილი. XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრი).

27 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება მასშტაბური საიუბილეო ექსპოზიცია, რომელიც თეატრის ისტორიას და თანამედროვეობას მიეძღვნა. ეს იქნება პირველი ღია თეატრალური მუზეუმი საქართველოში, რომლის დათვალიერებას შეძლებს ყველა, ვინც გრიბოედოვის თეატრს ეწვევა. მუზეუმის ექსპოზიციას შეადგენს რამდენიმე ათასი ერთეული – აფიშები, დეკორაციების მაკეტები, კოსტუმები, უნიკალური ფოტომასალა და ა.შ.
ასევე გაიმართება სხვადასხვა საიუბილეო წიგნის პრეზენატაცია: გრიბოედოვის თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი, სადღესასწაულო “უვადო” კალენდარი, წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“, მიძღვნილი გიორგი და სანდრო ტოვსტონოგოვების, პაველ ლუსპეკაევის, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს და ლეონიდ ვარპახოვსკისადმი.

28 ოქტომბერს დიდ დარბაზში გაიმართება საზეიმო საიუბილეი საღამო, მიძღვნილი თეატრის 170-წლისთავისადმი. დიდ ფოიეში გაიხსნება სსრკ სახალხო არტისტის გიგა ლორთქიფანიძის და რუსეთის სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები.

საიუბილეო დღეებს 29 ოქტომბერს დაასრულებს დიდი პრემიერა – ნ.გოგოლის „რევიზორი“ ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმით.

პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი”. გენერალური სპონსორი – ვი თი ბი ბანკი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

Back to top button
Close