სიახლეები

გრიბოედოვის თეატრის გასტროლები ბათუმში

23 და 24 თებერვალს 19.00 საათზე ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ სცენაზე უმასპინძლებს თბილისის ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრს სპექტაკლით „ალუბლის ბაღი“.

ა.ჩეხოვის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი პიესის სცენური ვერსია რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა. რანევსკაიას როლს ასრულებს საქართველოს სახალხო არტისტი, კ.მარჯანიშვილის, მ.თუმანიშვილის და ა.ანჯაფარიძის პრემიების ლაურეატი გურანდა გაბუნია. სპექტაკლის პროდიუსერია ნიკოლოზ სვენტიცკი, მხატვარი – მირიან შველიძე, კოსტუმების მხატვარი – თეო კუხიანიძე. მონაწილეობენ: გურანდა გაბუნია, ირინა მეღვინეთუხუცესი, ოლეგ მჭედლიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, მიხეილ ამბროსოვი, მიხეილ არჯევანიძე. სპექტაკლი დაიდგა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლი კავშირი „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით 2015 წელს. 2015 წლის აპრილში უკრაინაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა“ გურანდა გაბუნიამ რანევსკაიას როლისთვის მიიღო დიპლომი ნომინაციაში „თეატრისადმი ერთგული მსახურებისთვის“.

“ალუბლის ბაღის” ანდრო ენუქიძისეულ სცენურ ვერსიაში პარიზში მყოფი მოხუცებული რანევსკაია იხსენებს თავის ცხოვრებას. მტკივნეული მოგონებები და აზრები გაუთავებელად ეხვევა თავს. … უყვარს თუ არა მას თავისი სამშობლო, რატომ გაიყიდა ალუბლის ბაღი და ბოლოს, რა ბედი ეწია ფირსს? იგი ესაუბრება ვინმე ქალს. ვინ არის იგი – ანია, ვარია, შარლოტა? და რატომ არის ეს დიალოგი უსასრულო?

გასტროლები ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.

Back to top button