სიახლეები

„ჰამლეტი“ ანუ არაფერი ზედმეტი

ადამიანთა შორის გამძაფრებული უნდობლობა, განდგომილება, ცინიზმი, – ეს  რობერტ სტურუას ბოლო „ჰამლეტის“ ლაიტმოტივია. ასეთი განცდა სპექტაკლის პირველივე წუთებიდან ჩნდება, როდესაც დანიის გარდაცვლილი მეფის აჩრდილს მოკრავენ თვალს. ყველას ეშინია, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. სცენის სიღრმიდან მომავალ სიცივეს მოქმედ გმირთა შორის გათიშულობა და ყალბი თანაგრძნობა  ამძაფრებს. დედა–შვილურ სიყვარულს აღვირახსნილობა უირისპირდება. არაფერი იძლევა უკეთესობის იმედს. თითქოს, ყველა ერთმანეთის მტერია. საბოლოო ჯამში კი, ორაზროვნების გარეშე, ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშე კვდება. ისევე, როგორც ჰამლეტი. ადამიანი, რომელიც შეშლილის სახით „ეჭყანება“ უბედურებას და ამით ცდილობს მის განადგურებას.

„ჰამლეტი“, როგორც საზოგადო მოვლენა, სოფიზმის ხერხებით სტურუამ 2001 წელს გახსნა. აღსანიშნავია, რომ „ჰამლეტის“ პირველ დადგმაში, რომელიც ლონდონის „რივერსაიდ სტუდიოში“ შედგა, რეჟისორმა მთავარი როლი ალან რიკმანს განასახიერებინა. ქართულ სცენაზე იგი ზაზა პაპუაშვილმა შეცვალა. „ამ შემთხვევაში „ჰამლეტი“ პოემად დავდგი. ფინალში ამბის დასასრულის არა ცხოვრებისეული,  არამედ პოეტური ლოგიკა ვამჯობინე. ზოგიერთ მონაკვეთში შინაარსს გვერდი ვერ ავუარე და სიუჟეტს მივყევი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი კარგად ცნობილი ამბის გადმოცემისას უმჯობესია, ფაბულის მიმართულებები ცოტათი შეცვალო“, – ასე შეაფასა სპექტაკლი რეჟისორმა.

სტურუას მოსაზრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და მისეულ პოსტმოდერნისტულ ხედვასაც გავითვალისწინებთ, სიუჟეტის იერსახე მნიშვნელოვნად იცვლება. ნაკლები ყურადღება ექცევა მსახიობთა ასაკს, გარეგნობას. თითოეული პერსონაჟის ვიზუალური მხარე მხოლოდ საკუთარი მსოფლმხედველობის აღმნიშვნელია და არა ნაწარმოებში აღწერილ დროს გაბატონებული მოდისა. ამიტომაც შეარჩია რეჟისრომა პოლონიუსისათვის შავი, ოფელიასათვის კი თერი ფერის უბრალო ტანისამოსი. ან, თუნდაც, მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ელემენტები ჰერტრუდასათვის. აღნიშნული ცვლილებები გამართლებულია მსახიობთა მაღალპროფესიონალური თამაშითა და ორიგინალურად ინტერპრეტირებული ტექსტებით. მიუხედავად ამისა, გაუგებარია, რატომ უწოდებენ სპექტაკლში დედოფალ ჰერტრუდას „გერტრუდას“. ეს რომ რუსული ენის ზეგავლენით ყოფილიყო, ჰამლეტს „გამლეტი“ ერქმეოდა, მეფე კლავდიუსს კი „კლავდიი“.

ვინაიდან „ჰამლეტის“ სტურუასეული დადგმა XXI საუკუნის ეგზისტენციალიზმს ეხმიანება, იგი გაფილტრულია იმ წოდებათა და თანამდებობათაგან, რომელთა მატარებლებიც სპექტაკლის პერსონაჟები არიან. მთავარი აქ ადამიანია, რომელსაც ისეთივე შეგრძნებები და ცდუნებები აქვს, როგორც მას – ბილწ მეფეს, მას – ცბიერ მრჩეველს, მას – უბიწო ქალწულს. აქედან გამომდინარე, „ჰამლეტი“ სცდება გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს და ღესაც აქტუალურია. იგი არ არის მოვლენის ხატოვანი შინაარსი, არამედ თანამეროვეობას მორგებული ანალიზია. სისხლის აღრევის, როგორც ამაზრზენი ფაქტის, დღევანდელი შეფასება.

საინტერესოდ არის გადაწყვეტილი ცნობილი ფრაზის, „ყოფნა არყოფნა“–ს გამოხატულებაც. ბოლო დროს მან მნიშვნელობა დაკარგა და მოძველდა. ყოველივე ამის დასადასტურებლად რეჟისორი ფრაზას გაცვეთილ და დრომოჭულ გამოთქმად ნათლავს და ჰამლეტის ხელითვე წვავს სცენაირს შესაბამის ნაწილს. ეს მონაკვეთი სპექტაკლის საერთო სურათიდან გამოყოფილია. ჰამლეტი პირდაპირ კონტაქტს ამყარებს აუდიტორიასთან და უმტკიცებს, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვთ, მთავარია, როგრ წარმოვთქვამთ მათ.

მუსიკა, რომელიც სპექტაკლს ერთ მთლიანობად აქცევს, „ჰამლეტისათვის“ გია ყანჩელმა დაწერა. მისი წყალობით სიუჟეტი ერთ დასრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებად წარმოგვიდგება, თანაც ისე, რომ ცალკე აღებული მუსიკაც გადმოსცემს იმ დრამატულ ნიუანსებს, რომლებც რეჟისორმა მსახიობთა მეშვეობით განახორციელა. თითოეული ნაბიჯი, ფეხის ბაკუნი, ნახტომი თუ სხვა მოძრაობა მუსიკაში შესაბამის გამოძახილს ჰპოვებს. რეჟისორისა და კომპოზიტორის ხედვა კიდევ უფრო დაემთხვა, როდესაც პერსონაჟთა რეპლიკები, გაგრძელებული ხმოვნებითა და მელოდიური შორისდებულებით, სიმღერას დაუახლოვდა. ჰამლეტის გაბმული კვნესა, ჰერტრუდას ამოთქმა. ალბათ, ამიტომ თქვა სტურუამ, პოემა დავდგიო. ეს ყველაფერი, „კავკასიური ცარცის წრის“ მელოდიური მონოლოგების ანალოგს ქმნის. თუმცა შეგრძნება წამიერია, ვინაიდან ამ ორ სპექტაკლს შორის საერთო ცოტაა.

მუსიკის ზეგავლენა იგრძნობა იმაშიც, რომ სპექტაკლი ერთგვარი კულმინაციით იწყება. რაღა უნდა იყოს მასზე დიდი განცდა, როცა გუშაგებს ღამით გარდაცვლილი მეფის აჩრდილი გამოეცხადებათ. მელოდიათა ცვლა ქმნის ერთგვარ ფერს, რომელიც მსახიობის მიერ წარმოთქმულ ტექსტს ედება ფონად. სწორედ ამ ეფექტით მიიღწევა ჰამლეტის ფიცის დროს ამაღელვებელი განცდა, ხოლო სამეფო კარზე დაპირისპირებისას – საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური დრამის შეგრძნება. ჯაზურ მელოდიებზე აგებული მუსიკა ყოველგვარ პათეტიკას გამორიცხავს და სათქმელიც აზრის დაუმახინჯებლად მიდის მაყურებლამდე. როცა გვამები მუსიკის რიტმზე ფეხებს აბაკუნებენ, რჩება ცინიზმამდე მისული ირონია. ამ დროს მსახიობთა ოსტატობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. „პირადად მე სპექტაკლში დიდი ცინიზმი დავინახე, – ამბობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ირინა ალიაშვილი, – თუნდაც ის, რომ ჰამლეტის განმასახიერებელი პაპუაშვილი ბიძამისის როლის შემსრულებელ ზანგურზე უფროსია. აგრეთვე მუსიკა და სასაფლაოს სცენა, ანუ დიალოგი მესაფლავესთან თავის ქალების თემაზე. ყოველივე ეს ამაოების განცდას გიქმნის, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგაც არ გტოვებს“.

„სპექტაკლიდან გამოსული აღფრთოვანებული ვიყავი და ძალიან ბევრი საფიქრალი დამიტოვა, – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, – ზაზა პაპუაშვილი აბსოლუტურად ზუსტად ასრულებს ყველაფერს და შეუზღუდავი ფანტაზიისა და არტისტული შესაძლებლობების ადამიანია, ამიტომ ვთვლი რომ ის არის კიდევ ერთი საკვანძო რგოლი ამ სპექტაკლში. ისევე, როგორც განსაკუთრებით მომეწონნენ ჰორაციო (თემიკო ჭიჭინაძე), ლაერტი (დათო დარჩია) და ოფელია (ია სუხიტაშვილი). საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს გაწევა მოუწიათ მსახიობებს. მიუხედავად იმისა, რომ მეც მსახიობი ვარ, ეს მაინც აშკარად რეჟისორის სპეტაკლია. ჩემთვის პირადად ზუსტად ასეთი ჰამლეტი იყო ცნობილი, ზუსტად ასე აღვიქვამდი ჰამლეტს და ვთვლი რომ ფორმები და გადაწყვეტები, როგორც რობიკოს აქვს, იდეალურია.“ ია სუხიტაშვილის გმირის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ ანი ბერუკაშვილს. იგი ოფელიას სიკვდილს გაუფერულებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ რეჟისორს შეეძლო, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო მისთვის. მით უმეტეს, რომ სუხიტაშვილის პლასტიკა პერსონაჟის გახსნას კარგად უწყობს ხელს. მისი აზრით, სცენაზე რამდენიმე უსარგებლო რეკვიზიტიც იდო, რომელსაც შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონდა და კონტექსტიდანაც ამოვარდნილი იყო.

დეკორაცია, თუ რამდენიმე უადგილო რეკვიზიტს არ ჩავთვლით, ძალიან პირობითია და არანაირ ეპოქას არ ასახავს. მაყურებელი თავისუფალია მოქმედების აღქმაში. მისი გადასაწყვეტია, რომელ ეპოას მოარგებს სიუჟეტს. სცენის განათება და მასზე მსახიობთა განლაგება ენდი უორჰოლის რეტუშირებული ფოტოების ასოციას ქმნის. მსახიობთა ცვალებადი ინტონაციები, რომლებშიც ხმაურიან მონოლოგებს თითქმის სისინით წარმოთქმული რეპლიკები ენაცვლება, კიდევ უფრო ათავისუფლებს მაყურებელს რომელიმე ეპოქის ზეგავლენისაგან.

ერთი თვის წინ „ჰამლეტი“ ფირზე გადაიღეს და არქივში სხვა ცნობილი  თეატრალური დადგმების გვერდით განათავსეს. მიუხედავად ორიგინალური გადაწყვეტისა, მას არ მოჰყოლია ისეთი გამოხმაურება, როგორც სტურუას სხვა ცნობილ დადგმებს. თუმცა, „ჰამლეტი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს დღეს და რუსთაველის თეატრის ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ და კარგად დადგმულ  სპექტაკლად ითვლება. მასში ბევრი ალეგორია და სიუჟეტური სიმძაფრეა, მაგრამ არაფერია ზედმეტი.

პოსტის ავტორი: Zurriuss Ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button