სიახლეები

ჰერ ფროიდ, ეს სტუმარია

“როცა მესმოდა, თუ როგორ ამბობდით, ღმერთი არ მწამსო,  თითქოს ბულბული ჩიოდა, მუსიკა არ ვიციო” – ერიკ ემანუელ შმიტი

როგორი განცდაა, როდესაც ევროპის ერთ–ერთი უძლიერესი ექიმი ხართ? ახალი თეორიებისა და აღმოჩენების მამა. როგორი განცდაა, როდესაც ყველა კითხვაზე პასუხი გაქვთ?

…ჰერ ფროიდ!
როგორი განცდაა, როდესაც წინ მუხლმოყრილი ღმერთი გიდგათ და გეუბნებთ, მირწმუნეო?
ვინ არის ახალგაზრდა სტუმარი, რომელსაც სამყაროს შემქმნელობაზე აქვს პრეტენზია?
დაუჯერებთ? გასცვლით თუ არა თქვენს სათუთად ნაგებ და მრავალგზის დამტკიცებულ ათეიზმს რწმენის წამიერად გამონათებულ სისუსტეზე?

…ჰერ ზიგმუნდ ფროიდ, “თქვა, ღმერთი არ არსებობსო ეს იგივეა, ბულბულმა დაიჩივლოს, მუსიკა არ ვიციო”…
კი მაგრამ, სად იყო ღმერთი, როდესაც ადამიანი ამდენ ბოროტებას ქმნიდა?
რატომ არ შეაჩერა კაცთაკვლა, ნაციზმის ზეიმი?
იქნებ იმიტომ, რომ კეთილი არ არის? მაშინ თვითონაც ბოროტი ყოფილა.
ხოლო თუ ბოროტი არ არის, მაშინ არც ყოვლისშემძლე ყოფილა!

…მაშინ სად იყო ადამიანის ღვთიური გონება, როდესაც სიბოროტეს სჩადიოდა? თუ ადამიანი ყველაზე გონიერი და რაციონალური არსებაა დედამიწაზე და მას არავის მორჩილება არ სჭირდება, საკუთარ საქციელს თვითონ ვერ განსჯის? ამ დედამიწაზე, ბოროტებასთან ერთად, სიკეთეც ხომ არსებობდა? მაშინ რა არის მოცარტის მუსიკა, თუ არა სულიერი ტკბილი სიმშვიდე?

დიახ, მოცარტი მართლაც ღვთაებრივია.
ღვთაებრივი… ჰერ ფროიდ, თქვენ ახლა გაგახსენდათ ღმერთი?
გსურთ, ირწმუნოთ?
გგონიათ, თქვენი სტუმარი მართლა ის არის?!
აბა, თქვენს ქალიშვილს რომ გადაეკიდა, ის ყმაწვილი რომელია? სწორია. თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებაც ამასვე ამტკიცებს, რომ ადამიანმა შექმნა მაცხოვარი. მაშინ ეს თვითმარქვია, რომელმაც თითქმის უკვე გაგაცურათ, მალე უნდა მოშორდეს თქვენი თვალთახედვიდან.
აი, რევოლვერი.
ესროლეთ!
ესროლეთ!
ესროლეთ და საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ მართალი იყავით… მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენ ხომ მკვლელობას ჩადიხართ?
აბა… აბა ღმერთი სხვაგვარად როგორ უნდა გამოსცადოთ მის არსებობაში?
არა, ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს!
ახლა აღარაფერს აქვს მნიშვნელობა!
ახლა პასუხი სამყაროს ყველაზე ამოუცნობ კითხვაზე მხოლოდ რევოლვერის გასროლამ იცის!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
… ავაცილე…      🙂

რუსთაველის თეატრი, ექსპერიმენტული სცენა
რეჟისორი: გოშა გორგოშიძე
მხატვარი: ანა რიაბოშენკო
თარგმანი: ქეთევან კვანტალიანი
რეჟისორის თანაშემწე: რუსუდან ბარბაქაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ზიგმუნდ ფროიდი: ბაჩო ჩაჩიბაია
უცნობი: გოგა ბარბაქაძე
ნაცისტი: ბაჩი ლეჟავა
ანა ფროიდი: მანანა აბრამიშვილი

პოსტის ავტორი Zurriuss

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button