სიახლეები

ილიაუნის თეატრის წარმატება მინსკში

თეატრალური ზარდახშა „არიქა დო ვარიქას“

„…თავიდან, კაციშვილი არ მღეროდა… პრინცპიში არც ქალიშვილი… მაგრამ დიდი შრომის შემდეგ, დღეს თეატრალიზებული კონცერტი გვაქვს. ნოემბრის მზიანი დილა იდგა არა..?! მოდით ვნახოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი…“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სტუდენტებმა ვოკალის გამოცდა ჩააბარეს. ნოემბრის მზიანი დილა მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა: რეჟისორმა და მუსიკალურმა ხელმძღვანელმა გამოცდა სპექტაკლად აქციეს.

სპექტაკლი ილიაუნის თეატრის რეპერტუარში მოხვდა, საიდანაც სხვა და სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გადაინაცვლა. მაყურებელს ხშირად ჰგონია, რომ ისინი მომღერლები არიან. თეატრალიზებულ კონცერტში 21 სიმღერას შეუჩერებლად მღერიან. მსახიობები ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების მეშვეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტური ცხოვრების შესახებ გვიყვებიან.

ამჯერად „არიქა დო ვარიქა“ ბელორუსიაში, მინსკის საერთაშორისო ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. ფესტივალის „თეატრალური ზარდახშა“ მთავარი მიზანი ახალგაზრდების ხელოვნების მეშვეობით დაახლოება და გამოცდილების გაზიარებაა. ფესტივალზე ახაგაზრდებისათვის ტარდება მასტერკლასები, ტრეინინგები და დისკუსიები, სადაც სტუდენტები ერთად აფასებენ ნანახ სპექტაკლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ფესტივალზე იმყოფებოდნენ სტუდენტები ესტონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან და ა.შ.

სპექტაკლმა პრიზთან ერთად მაყურებლის დიდი სიმპატია დაიმსახურა და მრავალი მიწვევა მიიღო სხვა და სხვა ქვეყნების თეატრალურ ფესტივალებზე.

„არიქა დო ვარიქა“ თეატრალიზებული კონცერტი 1 მოქმედებად
რეჟისორები: ოთარ ეგაძე, თიკო ლუტიძე
მუსიკალური ხელმძღვანელი: ელენე ნიჟარაძე
ქორეოგრაფი: სოფიო გვრიტიშვილი
მხატვრები: ნინო ჩიტაიშვილი, არჩილ კორძაია, ირაკლი გოგებაშვილი
მონაწილეობენ: ეკატერინე დავითაშვილი, ნიკოლოზ გიორგაძე, ნიკა ნანიტაშვილი, სოფო პაპუაშვილი, გიგა ცერცვაძე,
თემო კვარაცხელია, ქეთი ძოწენიძე, რევაზ ფიფია, ზურაბ გაბუნია.

Back to top button