თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩინურმა დასმა გამართა წარმოდგენა – “კუნფუს გამოცხადება • 9 გრაგნილი”. სპექტაკლის რეჟისორი და ქორეოგრაფია ლიუ ჟენი. სპექტაკლში თითოეული გრაგნილი ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი და პოეტურად განგვიმარტავს თითოეულის მნიშვნელობას, ესენია,- სიწმინდე, სუტრა (შუტრა), შრომისმოყვარეობა, სულიერება, მორჩილება, ფორმა, სიმშვიდე, თავდადება და სამოთხე.
სპექტაკლს ჰქონდა რამდენიმე მცირე ხარვეზი, რომელიც უფრო თვალშისაცემი დასაწყისში იყო. შესაძლოა მსახიობები ღელავდნენ, მოუქნელად მოძრაობდნენ. თუმცა, მეორე მოქმედებიდან საგრძნობლად შეიცვალა ვითარება, წარმოდგენა ბევრად დახვეწილად მოგეჩვენებოდათ. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ ბევრად მეტიც კი შეძლეს, ვიდრე შესაძლებელი იყო თუ დეკორაციებისა და რეკვიზიტების სიმწირეს გავითავისწინებთ. დამეთანხმებით ეს ყველაფერი არა მხოლოდ სპექტაკლის სამკაულია, არამდეგ ზოგჯერ გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს ხოლმე, ამ შემთხვევაში კი დასი მხოლოდ თავისი თავის იმედად უნდა ყოფილიყო ყოველგვარი თეატრალური მოკაზმულობის გარეშე.
სპექტაკლს აკომპანირებას უწევდა შესანიშნავი, ჩინური ენასავით რბილი და ნოტიო ჰანგები, რომელსაც გადაჰყავხარ თვალისმომჭრელ აღმოსავურ ზღაპარში, სადაც ოქროსფერი ხმლები ელავენ და ზათქით ეჯახებიან ერთიმეორეს, სადაც დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის.
პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი