ლის ბეისბოლის ქუდი ახურავს, ის და ქუდი განუყრლენი არიან. ლი ადამაინების იმ ტიპს მიეკუთვნება, რომელებიც ჩემ კეთილგანწყობას ვერასდროს მოიპოვებენ, – უზრდელი, უხეში, გაუნათლებელი. თუმცა, ლეილა ასე არ ფიქრობს, ლეილას ცუდი ბიჭები მოსწონს. საერთოდაც, შესაძლოა სულაც არ მოსწონდეს ცუდი ბიჭები, მაგრამ ლი პირველი, ერთადერთი მამაკაცია მის ცხოვრებაში. პირველია, ვინც მას ყურადღება მიაქცია. ერთხელ ლეილას ღმერთი გამოეცხადა დამასკოს მეჩეთში და უთხრა, რომ ის განსაკუთრებულია, უთხრა რომ ერთ დღესაც ის სამყაროს შეცვლიდა. თუმცა, ლეილა ამას არავის უმხელს, თვით ლისაც კი. თავს ვერ დავდებ, რომ მჯეროდეს ღმერთის გამოცხადების ამბავი-მეთქი, შესაძლოა ეს უბრალოდ ჰალუცინაცია ყოფილიყო, მაგრამ გასაკვირი არ არის პატარა მორწმუნე გოგონას მართლაც მოსჩვენებოდა ეს. უზარმაზარ მეჩეთში ერთი პაწაწინა წერტილი ხარ, 7 მილიარდიან დედამიწაზე კი უფრო პატარა, შეუმჩნეველი, უმნიშვნელო არსება. გინდა, რომ რაღაცით გამორჩეული იყო, ყველა გიცნობდეს, შენზე ლაპარაკობდნენ, ამისი შანსი კი ერთეულზე მცირეა, თუ ამ საქმეში რამე ზებუნებრივი ძალა არ ჩაერევა და დიდედაბასა და სახელს ლანგრით არ მოგართმევს. მაგრამ სანამ ეს მოხდება გიწევს შენივე კიდურების დასერვით ებრძოლო დეპრესიას.
სპექტაკლის მიმდინარეობისას კიდევ ერთ პერსონაჟს ვეცნობით. ეს არის ჰოლი. ჰოლი ყვითელი პრესის მუდმივი გმირია. მას ყველა იცნობს, ყველ მასზე საუბროს. აქვს ყველაფერი რასაც ისურვებს, თუმცა… კიდურები მასაც დასერილი აქვს. ამისი ხილვა, ალბათ, ლეილასთვის დიდი ნუგეში იქნება, რამეთუ, ღმერთი ხომ თავის წყალობას უკვე დიდი ხანია აგვიანებს. ეს,ალბათ, არის საბჭოთა კავშირში პოპულარული მექსიკური სერიალის «Бога́тыетожепла́чут»კიდევ ერთხელ გადამუშავებული ვერსია. „ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი“. ღატაკთა ნუგეში, წარუმატებელი ადამიანების უსაყვარლესი ფრაზა, ის რაც გულზე სითბოს მოფენს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძალიან უნდოდა ფული და დიდება, ზეციურმა ძალებმა ზურგი აქციეს, ახლა კი ეს მანუგეშებელი ფრაზა ამოუტივტივდათ გონებაში.
სპექტაკლის დასაწყისში პერსონაჟები მონოლოგის სახით გაცნობენ ერთმანეთს. უპირატესობას ისეთ სიუჟეტებს ვანიჭებ, სადაც გმირი თავისი მოქმედებით გიქმნის შთაბეჭდილებას, მაგრამ ამ მონოლოგებიდან მათი ფსიქოლოგიური პორტრეტების შესახებ იკვეთება ისეთი შტრიხები, რომლის გადმოცემაც სხვაგვარად, ალბათ, ძალზედ სართულო საქმე იქნებოდა. მონოლოგების დასრულების შემდეგ კი, მაგალითად ლის პორტრეტი კიდევ უფრო ძლიერდება. ლი უკომპრომისო ახალგაზრდაა, უხეშად რომ ვთქვათ, თავზეხელაღებული თავხედიც კი, ის არავის აძლევს არჩევანის საშუალებას და კითხულობს,- მოდიხარ თუ… მოდიხარ?
ამ პიესის პირველი შეფასება, რომელიც სპექტაკლის ყურებისას აღმომხდა იყო,- ეს პალანიკზე უარესია! აქ არის რამდენიმე დამთრგუნველი სცენა, ისეთი, როგორიც კლასიკურ ხელოვნებაში იშვითად გვხვდება და რასაც „ჟანრის მიმნიჭებელნი“ ალტერნატიულ ხელოვნებად მონათლავენ ხოლმე. ნამვილად არ ვიცი, პიესის ავტორს ამერიკელი ნოველისტი ჩაკ პალანიკი უყვარს თუ არა, ან იქნებ და ეს პიესა უფრო ადრეც არის დაწერილი, ვიდრე ჩაკი პოპულარობას მოიპოვებდა, მაგრამ მსგავსება სახეზეა. ჩემი მიზანი არ არის გავარკვიო ვინ ვის ბაძავს, თუმცა,ჩემი აზრით, იმავე პალანიკს დამთრგუნველი ეპიზოდები უფრო ბუნებრივად გამოსდის ხოლმე, ვიდრე ამ პიესის ავტორმა დევიდ გრიგმა შეძლო.
ეს სპექტაკლი ნამდვილად +18 მაყურებელზეა გათვლილი. ხშირად ისმის უცენზურო სიტყვები, რომლებიც ჩემდა გასაოცრად მაყურებლის აღფროვანებას, მხურვალე ტაშს და ხარხარს იწვევს. თუმცა, ეს უფრო მაყურებლის პრობლემაა და არა სპექტაკლის. თუ ვინმეს სცენიდან დაყვირებული,- „შე-ყლეო“ ასე გაამხიარულებს, რატომ უნდა გავკიცხოთ ამის გამო ან პიესის ავტორი ან და რეჟისორი?
სპექტაკლის ერთ-ერთ დადებით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ბურუსით მოცული გადაწყვეტილებები, არჩევანი, რომელსაც სიუჟეტი გთავაზობს, იფიქრო, იმსჯელო ამა თუ იმ მოქმედების მიზეზებზე, პერსონაჟები არასდროს განიშნებენ რატომ მოიქცნენ ასე. მე მაგალითად, ლის მამის – ფრენკის თვითმკვლელობის მიზეზად ათეულობით შესაძლო ვერსია შემიძლია დავასახელო. ყველა სხვა მაყურებელსაც, ალბათ, ამდენივე შესაძლო ვერსია ექნება შენახული.
სპექტაკლს სულ ექვსი პერსონაჟი ჰყავს:
ლი – ბაჩო ჩაჩიბაია
ლეილა – ნინუცა მაყაშვილი
ბილი, ფრენკი – დავით დარჩია
ჯენი, ჰოლი – ნინო არსენიშვილი
პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი