“გადი, მომშორდი წყეულო ლაქავ!” – ამ სიტყვების გაკვრას დღემდე ბევრი დასი ერიდება. არ ვიცი ეს საუკუნეების წინანდელი ცრურწმენაა, თუ რაღაც დამთხვევა, აი თუ არ გჯერათ!ამ სიტყვებს, ისე რომ მაყურებელმა ვერ დაინახოს და მხოლოდ მსახიობები ხედავდნენ, სცენაზე ყველა დასი ერთი სპექტაკლის დროს აკრავს.
ეს სიტყვები მუსკომედიის თეატრშიც არის. შექსპირის “მაკბეტს” სწორედ აქ თამაშობენ. და არც თუ ურიგოდ: მათ ანგარიშზე უკვე რამდენიმე საერთაშორისო პრიზი და პრემია “დურუჯი” ირიცხება, სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის!
ორმოქმედებიანი პიესა დათო დოიაშვილის და ნიკა მემანიშვილის ნამუშევარია. დეკორაცია, განათებები, მუსიკა, გრიმი და კოსტიუმები: მათ შექსპირის ჯადოსნურ სამყაროში შეყავხარ. ამ ყველაფერს ჭინკების სამეულიც ემატება, რომლებიც მაკბეტის სისხლიანი მმართველობის ისტორიას ყვებიან.
საქმე ისაა, რომ მაკბეტი (თორნიკე გოგრიჭიანი) და ბანქო (იმედა არაბული) შოტლანდიის მეფის, დანქანის სარდლები არიან. ბრძოლის ველიდან მაკბეტის გმირობის ამბავი მეფემდე მოაღწევს და მეფეც პატივს დასდებს თავის შორეულ ნათესავს და ომგამოვლილ მაკბეტს ოჯახში ეწვევა. თუმცა სანამ მაკბეტი და ბანქო შინ დაბრუნდებიან, მათ გზად სამი ჭინკა შეხვდებათ. ისინი მაკბეტს მეფობას უწინასწარმეტყველებენ, მის მეგობარ ბანქოს კი მისი შთამომავლობის გამეფებას.
მეფეს მაკბეტი და მისი ცოლი, ლედი მაკბეტი (ნანკა კალატოზიშვილი) ეგებებიან. ცოლ–ქმარი იმავე საღამოს მზაკვრულ გეგმას შეიმუშავებენ და მეფეს მოკლავენ. მკვლელობას კი მის დაცვას დააბრალებენ. ჭინკების წინასწარმეტყველებაც ახდება: მაკბეტი მეფეა! თუმცა მკვლელობის ღამის შემდეგ ახალ მეფეს მოჩვენებები აწუხებს, სისხლის სუნი ყველგან ცემს. ნელ–ნელა მაკბეტი წინა სისხლიან მმართველს ემსგავსება. თავის განუყრელ მეგობარს ბანქოსაც გაისტუმრებს იმქვეყნად. საბოლოოდ მაკბეტი და მისი ცოლი კვდებიან და მათ სასტიკ ბატონობას ბოლო ეღება. ცოლ–ქმარი ჯოჯოხეთში ეშვებიან. როგორ? პირდაპირ სცენიდან.
რამდენიმე იმდენად ამაღელვებელი მომენტი იყო, რომ თავიდან ბოლომდე მაჟრიალებდა. მაგალითად ის, თუ როგორ ხვდება ლედი მაკბეტი მეფეს. ის თვალცრემლიანი გამოდის დანქანის შესახვედრად. მუსიკა ძლიერდება და სტუმრები მის წინაშე მუხლს იყრიან; ან კიდევ, როგორ ბანაობს ცოლ–ქმარი მდინარეში. სუსტი ლურჯი განათება და ბუშტები წყლის გასაოცარ ეფექტს ქმნის; ან კიდევ მაკდაფის ცოლ–შვილის მკვლელობა; ბოლოს კი მაკბეტების ჯოჯოხეთში ჩაშვება – სცენა იწევა, ქვევიდან წითელი შუქი და ჯოჯოხეთური ხმები ამოდის. მეფე–დედოფალს მიწისქვეშეთი უხმობს.
ლედი მაკბეტის დუბლს ბუბა გოგორიშვილი ასრულებს. თუმცა გირჩევთ, რომ წინასწარ გაიგოთ და ნანკა კალატოზიშვილის თამაშისთვის მოიმარაგოთ ბილეთები. ულამაზეს ნანკას ლედი მაკბეტის თამაშში საქართველოში, ალბათ, ცოტა ვინმე თუ შეედრება. მიუხედავად იმისა, რომ მისმა დუბლმა აიღო რამდენიმე პრიზი ქალის როლის შესრულებისთვის. ჩემი აზრით, ბუბა ცოტათი დაკომპლექსებულია ნანკას სილამაზით და ზედმეტად იხარჯება როლზე. (ამას მგონი რეჟისორები “ნაიგრიშს” ეძახიან, თუ არ ვცდები). ზედმეტად იჭიმება და სიტყვებსაც დაძაბული გამოთქვამს. ნანკა კი ძალიან ბუნებრივია, ნამდვილი ლედი მაკბეტია: გესლიანი, ძალაუფლების მოყვარული, ხარბი ქალი _ ძალდაუტანებლად, ბუნებრივად, მშვიდად თამაშობს.
მოკლედ, ესტუმრეთ მაკბეth-ს!…
ავტორი: ირინკა ალიაშვილი