სიახლეები

მაჩხაანის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქვემო მაჩხაანში

სანდრო ახმეტელი – სრულიად გამორჩეული ენერგიის და მასშტაბის ადამიანი, რეფორმატორი რეჟისორი, რომელიც ქმნიდა ეროვნულ, ქართულ თეატრს. ახმეტელი თავის პირველ სპექტაკლებს მშობლიურ მხარეში, სიღნაღის რაიონის სოფელ მაჩხაანში დგამდა, თეატრში, რომელიც დღეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ძეგლია თავისი უნიკალური ისტორიისა და დღეს უკვე ლეგენდადქცეული რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის გამო.

მაჩხაანის თეატრის შენობა 19 – ე საუკუნის მიწურულს ადგილობრივი ინტელიგენციის თაოსნობითა და მოსახლეობის ძალებით აიგო, 1899 წელს კი საზეიმოდ გაიხსნა, 1899 წელს გაზეთი “ივერია” წერს: “1899 წლის ივლისს წარმოადგინეს ქვემო მაჩხაანის თეატრის ახალ შენობაში “ხანუმა” ა. ცაგარელისა და ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დახმარებით. წარმოდგენას ქიზიყის რჩეული საზოგადოება და დიდძალი ხალხი დაესწრო. (ღარიბნი უფასოდ) წარმოდგენიდან შემოვიდა ოც თუმნამდის, რომელმაც უნდა გაისტუმროს თეატრისთვის ახლად აგებული შენობის ვალი…”

სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრისა და ფონდის „სამოქალაქო ინიციატივა“ ორგანიზებითა და თანამშრომლობით მაჩხაანის თეატრში სანდრო ახმეტელის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსდა. ფესტივალი გაიმართება 2017 წლის 29 ივნისს – 2 ივლისს და მასში მონაწილეობას ქართული და უცხოური თეატრალური დასები მიიღებენ.

29 ივნისს, სიმბოლურად სანდრო ახმეტელის დახვრეტის დღეს მოხდება ფესტივალის გახსნა.
სანდრო ახმეტელი, რომელიც ფეირვერკულ, ეროვნული პათოსით სავსე სპექტაკლებს დგამდა ისევ თავის პირველ კერას უბრუნდება – მაჩხაანის თეატრს, საიდანაც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საშუალებით სწორედ ის პროცესები დაიწყება, რომლისკენაც ასე ილტვოდა დიდი რეჟისორი – თეატრალურ ხელოვნებაში სხვადასხვა მიმდინარეობათა და სტილთა შემოდინება, სრულიად ახალი, არატრადიცული ფორმების ძიება და დაუსრულებელი ექსპერიმენტები …

ფესტივალის პროგრამა

Back to top button