არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ინგლისს, თუკი ტახტზე, ელისაბედის ნაცვლად, მარიამ სტიუარტი ავიდოდა. ერთნი კათოლიკური ეკლესიის გაძლიერებას ვარაუდობდნენ, მეორენი – ინგლისის, როგორც სამეფოს კრახს. როგორც არ უნდა იყოს, მარიამ სტიუარტი, როგორც ბრიტანეთის, ისე მსოფლიო დრამატურგიის ისტორიაში უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია. თავად შილერის პიესა კი – ერთ-ერთი ურთულესი თავისი აქცენტებით. სწორედ ასეთმა აქცენტებმა მომხიბლა თემურ ჩხეიძის სპექტაკლში, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში 16 და 17 მარტს დაიდგა.
გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თემურ ჩხეიძეა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ წინ ძალიან საინტერესო სანახაობა მელოდა. მიუხედავად ამისა, არ მეგონა, ასე კარგად თუ მოვახერხებდი სპექტაკლის „აყოლას“, ვინაიდან რუსულ ენაზე არც თუ ბევრი წარმოდგენა მინახავს.
თავიდანვე, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, იყო სისადავით გადმოცემული სათქმელი. არაფერი ზედმეტი, არც ნაკლები. დეკორაციები – არც მწირი, არც გადატვირთული, მუსიკა – არც ბევრი, არც ცოტა. ყოველივე ეს იმიტომ, რომ მთავარი სათქმელისთვის ხელი არ შეეშალა და მაყურებელთა ყურადღება არსებითისგან სხვა რამეზე არ გადაეტანა.
სულ რამდენიმე წუთს მსახიობთა მეტყველება პათეტიკურად მეჩვენა, მერე მივხვდი, რომ ამან სათქმელი უფრო გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახადა. სათქმელი კი, გარდა ისტორიული პერიპეტიებისა, ქალის, როგორც პოლიტიკური მოაზროვნისა და როგორც დედის ფილოსოფია წარმოადგენდა. რომ ტახტი და ვალდებულება არც სქესს და არც რაიმე სახის სისუსტეს არ სცნობს. დედოფალმა ელისაბედმა მოახერხა ამ მსხვერპლის გაღება. მსხვერპლისა, რომელიც მარიამ სტიუარტის მოკვეთილ თავად დაუჯდა. მეორე მხარესაა შოტლანდიის დედოფალი და მისი ქალური მე, რომელიც ელისაბედს არ გააჩნია, თანაც მისგან განსხვავებით, სტიუარტს შანსი ჰქონდა, ტახტი კანონიერი გზით მიეღო. თუმცა ისტორია ამ გზით არ წავიდა და მივიღეთ მსოფლიო მნიშვნელობის დრამა.
სხვა საქმეა ამ დრამის არამომაბეზრებელ და, რაც მთავარია, დღეისათვის საჭირო ქონტექსტით მოწოდება. სწორედ ამიტომაა თემურ ჩხეიძის „მარიამ სტიუარტი“ შეუდარებელი, რადგან იგი არანაირ ემოციურ ფაქტორს არ ყვება და ლოგიკის ხაზს მისდევს. საბოლოო ჯამში, ემოციები ცვდება ან სახეს იცვლის, ხოლო ჭეშმარიტება, რომლისკენაც მიმავალი გზა ლოგიკაზე გადის, უცვლელია.
ავტორი: ზურა ბალანჩივაძე