სამეფო უბნის თეატრში, თეატრის აქციის ფარგლებში სპექტაკლი “მახინჯი” ითამაშეს. იგი ახალგაზრდა რეჟისორმა და მსახიობმა დათა თავაძემ დადგა, თანამედროვე გერმანელი დრამატურგის მარიუს ფონ მაინბურგის პიესის მიხედვით. აღსანიშნავია რეჟისორის ორიგინალური ხედვა. მისი ნამუშევრები განსხვავდება სხვა ქართული სპექტაკლებისგან , რომელთაც ხშირად ერთი მასწავლებლის ხელი ეტყობათ იგი ახერხებს განსხვავებული ფორმით გადმოგვცეს სათქმელი, ეს ყოველივე კი ბუნებრივი და მისაღები დარჩეს აუდიტორიისთვის. თითქოს განსაკუთრებული არაფერი : არ გიყვირიან მსახიობები სცენიდან, არ საუბრობენ 18 საუკუნის არქაიზმებით, არ მიმართავენ უნიჭო მსახიობების მთავარ ოინს, სცენაზე მოწიონ სიგარეტი რაც შეიძლება ხშირად და მეტყველი თვალებით გადახედონ აუდიტორიას, მინიმალისტური სცენოგრაფია და დროსთან შესაფერისი სამოსი.
ვთვლი რომ თეატრის დასი წარმატებით ართმევს ამ კრიტერიუმებს თავს. რაც შეეხება თავად სპექტაკლს. მას პირობითად შეგვიძლია აბსურდული დრამა ვუწოდით. ეს არის ამბავი კაცისა, რომელმაც საკუთარი სახე დაკარგა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. გაორება, ნარცისიზმი, არასრულფასოვნების კომპლექსი, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია რაც სპექტაკლის მთავარ გმირს ლეტეს აწუხებს. იგი ისევე იქცევა როგორც მსგავსი კომპლექსით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა. პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს და ამ ფორმით ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს. ახალი ცხოვრება, რომელიც შესაძლოა ბევრად მეტი პრობლემის მომტანი გახდეს, ვიდრე პირვანდელი “უშნო სახით”. სილამაზეც ხომ პირობითია. მხოლოდ სტერეოტიპები არსებობს თუ რა არის ლამაზი და რა უშნო, “მახინჯი”. ხშირია როდესაც ადამიანები სწორედ ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს, თუნდაც სამსახურში ახალი თანამშრომლის აყვანისას. განსაკუთრებით თუ სამუშაო წინა პლანის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. გინახავთ “უშნო” მოლარე ოპერატორი რომელიმე ბანკში ან სხვა დაწესებულებაში.
მე არა, სულელი რამდენიც გინდათ. პრეზენტატორი რომელიც კომპანიის პროდუქტს წარუდგენს აუდიტორიას, მე არა, სულელი რამდენიც გინდათ. სწორედ მსგავსი გარემო გაიძულებს რომ დროს აუწყო ფეხი და ახალი სახე იყიდო. იმისთვის რომ გადარჩე, იმისთვის რომ შენი მიღწევები სხვას არ მიაწერონ, იმისთვის რომ იმუშაო, იმისთვის რომ ცოლი სახეშიც გიყურებდეს, მერე რა თუ “მახინჯიც” უყვარხარ. იყიდო სახე რომელიც შესაძლოა ასევე მრავალ ეგზემპლარად გაყიდონ და ისეთივე ყიდვა გაყიდვის ობიექტად იქცეს პლასტიკურ ქირურგებში, როგორც პომიდორი თუ სხვა პროდუქტი სურსათის მაღაზიაში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ შემთხვევაში შენნაირ ცხვირს, მკერდს, ტუჩებს ან სულაც შენს სახეს ყიდიან ან ყიდულობენ. სპექტაკლში მსახიობებს ერთდროულად რამდენიმე როლის თამაში უწევთ. ისინი ახერხებენ, რომ გადასვლები საკმაოდ ბუნებრივი იყოს და აუდიტორიაც არ აცდეს მოქმედებას.
რეჟისორს საკმაოდ ორიგინალურად აქვს ეროტიული სცენები გადაწყვეტილი. ეს ყოველივე გარდა იმისა რომ, არ არის ვულგარული საკმაოდ სასაცილოცაა. რასაც იშვიათად თუ აღწევენ “დიდი რეჟისორებიც”. ვთვლი რომ სპექტაკლი მახინჯი იმ სპექტაკლთა რიცხვს განეკუთვნება რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, თუნაც იმისთვის რომ განსაზღვრო მოგწონს თუ არა, მისაღებია თუ არა, გააკრიტიკო თუ დადებითად შეაფასო. მიიღო თუ უარყო. დარბაზი სწორედ ამგვარად იღებს ამ სპექტაკლს, ისინი რმლებიც ერთხანს გულიანად იცინიან სპექტაკლის მსვლელობისას და მოულოდნელად დარბაზს ტოვებენ და მეორენი რომლებიც ასევე გულიანად იცინიან სპექტაკლის მსვლელობისას და აპლოდისმენტებით გამოხატავენ საკუთარ დადებით ემოციას სპექტაკლის დასრულების შემდეგ. ვთვლი რომ ორივე რაქციაა და ორივე თანაბრად წარმატებაა თეატრის გუნდისთვის.