ეჟენ იონესკო და მისი ანტი პიესა” მელოტი მომღერალი ქალი”. პიესა იმდენად მომწონს და მიყვარს, რომ არ ველოდი თუ სპექტაკლი ასე გაამართლებდა. თუმცა ზ. გეწაძემ შეძლო ამ ყველაფრის სცენაზე გადმოტანა ისე, რომ მგონი იონესკოც კმაყოფილი დარჩებოდა. მივედი თუმანიშვილის თეატრში და იქ დამხვდა: პიესის ქართული ვარიანტი, წითელი ტახტი, რომელის სპექტაკლის ერთადერთი დეკორაციაა და 4 მსახიობი, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი თავიანთ როლებს. საათის წიკ-წიკი, რომელიც მონოტონურად გრძელდება დაახლოებით 20წთ-ის განმავლობაში და ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის ტირილი.
ესაა რეჟისორის იდეური დანამატები, რამაც ძალიან გაამართლა და თითქოს კიდევ უფრო სრულყო დიდებული პიესა. ასევე სპექტაკლის დასასრულს გაჩენილი სინათლე, რომლისკენაც მიდიან, მაგრამ ის ბჟუტავს და ქრება, რადგან “ის არ არის აქ,… ის არის იქ!” მართლაც “რაში სჭირდება სინათლე მას, ვინც ვერ ხედავს!” (მეტერლინკი) I ეპიზოდი, რომელიც ცოლ-ქმრის დიალოგით იწყება კარგად გვიჩვენებს ადამიანების უაზრობას. მათ გართულებას წვრილმანებზე და მართლაც, მხოლოდ ადამიანს შეუძლია ნახევარი სთ მხოლოდ საჭმელზე ილაპარაკოს! მათი ცხოვრების მონოტონური ერთფეროვნების გაცოცხლება საათის წიკ-წიკის ფონზე შესანიშნავად შეძლო როგორც რეჟისორმა ასევე მსახიობებმა. წყვილი: ჭაჭიაშვილები – ნანა შონია და თემო ნატროშვილი.
შონიაზე არც კი ვლაპარაკობ, მაგრამ აი ქმრის ტიპაჟი არ მომეწონა. არ მაქვს საუბარი სამსახიობო ოსტატობაზე..თვითონ რეჟისორის მიერ შექმნილი ტიპაჟი,ჩემი აზრით არ უნდა ყოფილიყო აგრესიული და ამდენად ემოციური, არამედ პირიქით ინდიფერენტული და უდარდელი ოჯახის კაცი, რომელიც დარწმუნებულია რომ აქამდე თავისით ააგო ოჯახური ბედნიერება და ახლა შეუძლია ლაღად იჯდეს მთელი დღე სავარძელში და თავისი ბედნიერებით დატკბეს. II ეპიზოდი. წყვილი ძაძამიები-ვანიკო თარხნიშვილი და მაია გელოვანი.აი ეს წყვილი კი მართლაც ძალიან მომეწონა; გადასარევად შეძლეს წარმოეჩინათ ერთმანეთის მიმართ გაუცხოება. ცოლ-ქმარი, რომელიც ერთ სახლში ცხოვრობს, ერთ საწოლში სძინავთ,საერთო შვილი ჰყავთ, მაგრამ არ ახსოვთ ერთმანეთი და არ იცნობენ ერთმანეთს. თითქოს ერთად ვართ, მაგრამ ერთმანეთისთვის უცხონი ვართ.
ყველანი პერსონა-ნიღბის მატარებლები ვართ,ვთამაშობთ , როგორც ელისო და მამუკა. ადამიანებს ხომ აღარაფერი გვაქვს ერთმანეთთან სალაპარაკო.არ გვაქვს საერთო და რაც გვაქვს ისიც მოჩვენებითია. ვლაპარაკობთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ; გვიყვარს მხოლოდ იმისთვის,რომ გვიყვარდეს და ვცხოვრობთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ…. მოახლე მერი-ნანუკა ლითანიშვილი-შერლოქ ჰოლმსი. მერიმ ჩემში ქოროს ასოციაციები გამოიწვია. იგი რეალობაში გვგდებს და გვაფრთხილებს, გვეუბნება , რომ : ქვა იწვის, კოშკი იწვის, ტყე იწვის, კაცები იწვიან, ქალები იწვიან, ჩიტები იწვიან, თევზები იწვინ, ზეცა იწვის, ფერფლი იწვის, კვამლი იწვის, ცეცხლი იწვის, ყველაფერი იწვის, იწვის ,იწვის! ცეცხლი, რომელიც ყველა ჩვენგანს უკიდია , მაგრამ ვერც ერთი ვერ ვამჩნევთ.
ამის ნიშანია ცეცხლის ჩასაქრობად მოსული მეხანძრე, რომელიც ალს ეძებს, მაგრამ ყველანი დარწმუნებულები არიან, რომ მათთან კვამლის სუნიც კი არ დგას! ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ დახმარებას, ამ ჭაობიდან ამოსვლას, ცეცხლის ჩაქრობას ვსაჭიროებთ. ვერ ვამჩნევთ როგორ გადის დრო ” ხვალ აკოცენებენ ერთმანეთს, დრო კიდევ ბევრია.” ყველაერს ხვალისთვის ვდებთ, მაგრამ იმაზე კი აღარ ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება აღარ იყოს. მოკლედ იონესკოსთვის დამახასიათებელი მეტყველების კრიზისი, არაფრის მთქმელი სიტყვები, ის რომ ყველანი”ზაზა ჯაფარიძეები”ვართ, ერთი შეხედვით თითქოს უაზრო სიმღერები, დაუსრულებელი ფრაზები,
ალოგიკური გადასვლები და ადამიანის არარაობა,(რითიც იონესკო ძალიან ახლოს დგას ტრისტან ცარასა და დადაიზმთან) ძალიან კარგად შეძლო რეჟისრომა გადმოეცა ისე, რომ აბსურდული თეატრისათვის უცხო მაყურებლისთვისაც კი საინტერესო და სასიამოვნო გაეხადა. ამ ყველაფერს კი მეტერლინკის სიტყვებით ვასრულებ: “ჩვენ არასდროს გვინახავს ერთმანეთი. კითხვებს ვსვამთ და ვპასუხობთ; ერთად ვცხოვრობთ, სულ ერთად ვართ, მაგრამ არ ვიცით ვინ ვართ, და რანი ვართ. ჩვენ გვაქვს უნარი ხელებით შევეხოთ ერთმანეთს, მაგრამ თვალებმა ხელებზე მეტი იციან.”
4 Comments