ამ სპექტაკლის ნახვა დიდი ხნის წინ დავგეგმე. როგორც იქნა, მოვახერხე და გავეშურე. “ნუგზარი და მეფისტოფელი” – სამეფო უბნის თეატრში. პიესის ავტორი ლაშა ბუღაძეა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქართველებს დიდად არ გვაქვს კომედიების ნიჭი, აი დრამაში უფრო ძლიერები ვართ. ეს რით არის განპირობებული ფსიქოანალიტიკოსებმა იმსჯელონ, მე კი სპექტაკლზე მოგახსენებთ. მიუხედავად ჩემი ერთგვარი სკეპტიკური განწყობისა, მართლაც კარგი სანახაობა გამოვიდა. “სამეფო უბნის თეატრში” მთავარ და ერთადერთ პრობლემას დაბალი ტემპერატურა წარმოადგენს, თუმცა კარგი საზოგადოებისა და კარგი კლიმატის ტანდემი საკმაოდ დიდ იშვიათობაა, ამიტომ შეიძლება ეს მივუტევოთ ჩინებული სპექტაკლების სანაცვლოდ, რომელსაც ეს თეატრი გვთავაზობს ყოველ წარმოდგენაზე.
დროა ნუგზარი გაგაცნოთ. ნუგიჩა (როგორც მას მეზობელი გელა ეძახის მოფერებით) ერთობ კომიკური ტიპია კლასიკური თბილისური იუმორით, რომელმაც ვერა და ვერ აუღო ამ ცხოვრებას ალღო. ძნელია ასეთი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ნორმების მიღება, მითუმეტეს თუ ამ საზოგადოებაში წარმატებულობის კულტია, შენ კი ფილოსოფიის შესწავლაზე თავი არ გიმტვრევია. მედიცინა და სამართალი “წელს ქვევით” გეკიდა. ყველაფერი, როგორც ყველასათვის, ჩვენი მთავარი გმირისთვისაც სკოლაში დაიწყო. “დასაწყისში ხუთები, მერე სამები, მერე ორები, მერე სუუულ ორები. ჩათლახი მასწავლებლები, ბებერი მასწავლებლები და ბებერი კუანა დირექტორი, მერე ტექნიკური უნივერსიტეტი, სოფლელი ბიჭები,მახინჯი გოგოები”… რა უნდა ქნა კაცმა, რომელმაც შენი ადგილი ვერ იპოვე ცხოვრებაში. რა თქმა უნდა თვითმკვლელობაზე უნდა იფიქრო. ერთი….ორი…სამი და თავი ყულფში გაქვს… მაგრამ სიკვდილის წინ ქეთუშაზე იფიქრო ამდენი წლის მერე? ჰო, ქეთუშა ჩვენი ნუგიჩას სიყმაწვილის ტრფობაა. ერთხელ დაურეკა და კინოში დაპატიჟა. ქეთუშაც მოვიდა… 40 დაქალთან ერთად და ბილეთი არ შეხვდათ.
ვის არ უოცნებია ნატვრის თვალზე, ოქროს თევზზე ან და თუნდაც მეფისტოფელზე, რომელიც მყისიერად ნებისმიერ სურვილს აგისრულებს – “პივებს” მაინც ამოატანინებ მაღაზიიდან ნაბახუსევზე. აი, ნუგზარს მეფისტოფელი არ უნატრია, მაგრამ თავისით მოვიდა და შესთავაზა სულის მიყიდვის სანაცვლოდ ოცნებათა სრული პაკეტი, ისე როგორც ინტერნეტმაღაზიიან იწერენ ხოლმე საქონელს.
ეს პიესა შეიძლება განვიხლოთ, როგორც კომედიად ლამაზად შეფუთული ძალზედ მძიმე დრამა, ადამიანური ტრაგედია. ურთიერთობათა ბადე რომელიც ამ სპექტაკლშია, ქმნის განწყობას, რომელიც მაყურებელს უადვილებს, ჩემი აზრით, ლაიტმოტივის აღქმას, – სად არის ბედნიერება. ეს თემა ძალზედ გადაღეჭილია ყველა დროის მსოფლიოს მწერლათა, ფილოსოფოსთა, რელიგიურ მოღვაწეთა თუ სხვათა და სხვათა მიერ. ამიტომ, ერთობ დიდ სიძნელეს წარმოადგენს თქვა რაიმე ახალი და ამავდროულად ღირებული.
ფაუსტის ქართული ვარიაცია ამ პიესის სახით, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართველი მეფისტოფელი. როგორი უნდა იყოს ის? არ ვიცი, ამაზე მამულის სიყვარულით გულანთებული შვილნი რას იტყოდნენ, მაგრამ მწერლისთვის გაბედული ნაბიჯია ასეთ რთულ პერსოჟნათან შეჭიდება.
ნუგზარი მეზობელ გელასთან კონსულტაციისა და მცირედი ყოყმანის შემდეგ აფორმებს ხელშეკრულებას დემონთან. ამის შემდეგ მეფისტოფელი დედობრივი (ან მამობრივი. სქესი ვერაფრით გავარკვიე) მზრუნველობით ეპყრობა თავისი მეორვეობის ქვეშ მყოფ ნუგზარს. სპექტაკლის მიმდინარეობისას შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს მზრუნველობა არ იყო მოჩვენებითი, იძულებითი ან და ქართველი ფაუსტის თვალის ასახვევად გამოგონილი (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა). მისმა გულწრფელმა მცდელობამ ნუგზარი ბედნიერი გაეხადა, კრახი განიცადა. ყოველგავარ სიკეთეს თავისი უარყოფითი მხარეები აქვს.
ნუგზარის ცხოვრება გიგანტურ ორგანიზებულ ქაოსს ემსგავსება. მიწიერი ბედნიერების თითოეული მარცვალი, რომელიც სულის გაყიდვის სანაცვლოდ მიიღო “ნუგიჩამ” ბუტაფორიული აღმოჩნდა. ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვება შეკვეთით შეუძლებელი ყოფილა. ის ისევ დგება მძიმე დილემის წინაშე სიცოცხლესა და თვითმკვლელობას შორის და ისიც არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს.
რეჟისორი – გიორგი თავაძე
მხატვარი – თეიმურაზ მურვანიძე
მუსიკა – ია საკანდელიძე
როლებში:
ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ეკა ჩხეიძე, დათო ხახიძე, თაკო კილაძე, სალომე დავითიშვილი
პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი