სიახლეები

სპექტაკლი “მინუს-პლიუს მათემატიკა” 24-ე სკოლაში

გუშინ თბილისის ოცდამეოთხე საჯარო სკოლამ კიდევ ერთი შესანიშნავი სპექტაკლი გამართა. ამჯერად VI-დ კლასის მონაწილეობით. სპექტაკლს “-+მათემატიკა” ჰქვია და განათლების, უფრო კონკრეტულად კი მათემატუკური განათლების მნიშვნელობას ეხება. წარმოდგენის დროს რამდენჯერმე ვინანე კიდეც, რომ ამ საგანს სკოლაში ზერელედ ვეკიდებოდი და ვერც ახლა დავიტრაბახებ ანგარიშის მიმართ გულმოდგინე დამოკიდებულებით.

სპექტაკლი ყიჟინით იწყება, როგორც ამ ასაკის ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე, მონღოლთა ურდოსავით გამოჩნდებიან საიდანღაც და მთელ არემარეს აიკლებენ. იმდენად ბუნებირივი იყო მათი მოწყობილი ქაოსი, რომ სკოლის დირექტორმა შენიშვნაც კი მისცა ხმაურისთვის. პიესის ავტორის სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ფრაზები არ ყოფილა დიდაქტიკური სენტენციებით გაჯერებული, რაც ხშირად გვხვდება ხოლმე როგორც საბავშვო სპექტაკლებში, ასევე ლიტერატურაშიც.

მოქმედება ტყეში მიმდინარეობს, სადაც სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაზე არიან მათემატიკის მასწავლებელთან ერთად. მოულოდნელად მათ ყაჩაღები დაესხმებიან თავს და დაატყვევებენ. თუმცა, ყაჩაღებს თავიანთი „ბოსი“ ატყუებს, ისინი კი ამას ვერ ამჩნევენ, თურმე კრიმინალურ საქმიანობაშიც ყოფილა საჭირო ანგარიშის ცოდნა. საბოლოოდ მოსწავლეები თავდამსხმელებს დაეხმარებიან, ისინი კი ტყვეებს გაათავისუფლებენ. ყველაფერი რა თქმა უნდა ჰეფი ენდით მთავრდება.

სპექტაკლი ძალიან მხიარულად მიმდინარეობს, აქ ვერც ერთი წუთით ვერ მოიწყენ. ამისი მიღწევა, ალბათ, რეპეტიციების დროს საკმაოდ შრომატევადი მუშაობის დამსახურება უნდა იყოს. ბავშვები პრფესიონალურ დონეზე ასრულებენ როლებს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეექვსე კლასელები არიან. თუმცა, გარჯა ნამდვილად დაუფასდათ ისეთი მხურვალე ტაში, მაყურებლის გაბრწყინებული სახეები და იმდენი საქებარი სიტყვა მიიღეს.

ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც ოცდამეოთხე სკოლა ასეთ წარმოდგენას ჩუქნის მაყურებელსა და მოსწავლეებს. ეს სკოლა ბავშვებს აძლევს არა მარტო აკადემიურ განათლებას, არამედ ზრუნავს მათ ესთეტიკურ აღზრდაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია (და ჩემი პირადი აზრით უფრო მნიშვნელოვანიც კი). მე კი ჩემის მხრივ მინდა წარმატებები და კიდევ უამრავი წარმოდგენის გამართვა ვუსურვო მომავალ მსახიობებს.

მონაწილეობენ:
1. ბექა კაპანაძე
2. ირაკლი პატარაია
3. თორნიკე მელაძე
4. თემურ მაღრაძე
5. ლიზი განგლიძე
6. ლექსო გვერდწითელი
7. ნიკა ასაბაშვილი
8. საბა ონიანი
9. თათული კახაძე
10. სალომე მაჭავარიანი
11. მარი მაჭავარიანი
12. გიორგი სალარიძე
13. სოფო მაისურაძე

კლასის ხენმძღვანელი მაია ლომსაძე;
სპეკტაკლის დამდგმელები: რუსუდან კობიაშვილი და ნელი ბადალაშვილი.
დარამატურგი:ნანა კაკაბაძე

პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button