სიახლეები

პრემიერა ილიაუნის თეატრში – “ჩარლის დეიდა”

ბრენდონ თომასი
„ჩარლის დეიდა“
კომედია 1 მოქმედებად

27 მაისს ილიაუნის თეატრის სცენაზე სპექტაკლის „ჩარლის დეიდა“ პრემიერა გაიმართება.
კომედია „ჩარლის დეიდა“ მე-19 საუკუნეში მოღვაწე მსახიობის, დრამატურგისა და მუსიკოსის, ბრენდონ თომასის პიესა გახლავთ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე მსახიობმა და რეჟისორმა, კახა გოგიძემ დადგა.

ახალგაზრდა მსახიობები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან – ნათია კვაშალი, თავისუფალი თეატრიდან – მარიამ ნადირაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან – გიორგი შავგულიძე მაკა შალიკაშვილთან, მარიტა ჯანაშიასთან, დავით ველიჯანაშვილთან, ზუკა გაბუნიასთან და ანდრია ვაჭრიძესთან ერთად ინგლისური კომედიის გარშემო გაერთიანდნენ.
ილიაუნის თეატრის მაყურებელს მსგავსი კომედიები განსაკუთრებით უყვარს – სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება… და რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება.

ავტორის შესახებ:
ბრენდონ თომასი – მსახიობი, დრამატურგი და მუსიკოსი ლივერპულში დაიბადა 1848 წელს. კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო, თუმცა მალევე მოხვდა ლივერპულის ერთ-ერთ თეატრში, სადაც ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. ნელ-ნელა საკმაოდ სახასიათო და პოპულარულ მსახიობად იქცა. შემდეგ მან პიესების წერაც დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი პიესა სწორედ „ჩარლის დეიდა“ გახლავთ, რომელმაც ყველა დროის რეკორდი მოხსნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ ლონდონში ის 1, 466 – ჯერ ითამაშეს, მხოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი ამ პიესამ არაერთი ეკრანიზაციისა თუ მიუზიკლის სახე მიიღო.
ბრენდონ ტომასმა, დრამატურგიაში უდიდესი წარმატების მიუხედავად, მსახიობის კარიერა განაგრძო და სიცოცხლის ბოლომდე კომედიებში სახასიათო როლებს ასრულებდა.

რეჟისორის შესახებ:
სპექტაკლის რეჟისორი, თავისუფალი თეატრის მსახიობი კახა გოგიძე, გახსნის დღიდან ილიაუნის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობიცაა. მის მიერ შესრულებული ბუღდანა სპექტაკლში „ჭკუისა მჭირს!“ დღემდე მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირია. კახა გოგიძეს შესრულებული აქვს 150 – მდე როლი, მათ შორის 70 – მდე მთავარი როლი. 2002, 2003 და 2007 წ.წ. ის მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელად დასახელდა და ამავე ნომინაციაში მიიღო ჯილდო კომედიის თეატრალურ ფესტივალზე 2014 წელს. 2015 წელს კი, სპექტაკლის “მუსუსი” საუკეთესო რეჟუსირისთვის გრანპრის “თეატრალური იმერეთი” მფლობელი გახდა.

რეჟისორი: კახა გოგიძე
მხატვარი:
ანუკა მურვანიძე
კოსტუმების მხატვარი: ციცი ციცხვაია
მუსიკალური გაფორმება: არსენ მიგრიაული
ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი
ტექნიკური რეჟისორი: პავლე ინასარიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ფრენსის ჩესნი, პოლკოვნიკი –
ზუკა გაბუნია
ჯეკი ჩესნი, მისი ვაჟი –
გიორგი შავგულიძე
ჩარლი უიკემი –
დავით დავითულიანი
ბაბს ბაბერლი –
ანდრია ვაჭრიძე
კრიგსი, მოსამართლე –
დავით ველიჯანაშვილი
ენი, მისი ძმისწული –
ნათია კვაშალი, მარიამ ნადირაძე
ბეტი, მისი აღზრდილი –
მარიტა ჯანაშია
დონა როზა დალვადორეს, ჩარლის დეიდა –
მაკა შალიკაშვილი
ელა დელეი, მისი აღზრდილი –
ანი თალაკვაძე
ბრასეტი, მსახური –
ნიკუშა გოგიძე

სპექტაკლი დაიდგა მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი
პრემიერა შედგა 2016 წლის 27 მაისს

Back to top button