15, 16 და 17 დეკემბერს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მეორე პრემიერას ითამაშებს.
„სიმართლე“ თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზელერის პიესაა, რომელიც სპეციალურად ილიაუნის თეატრისათვის შორენა ციცაგმა თარგმნა. არაერთი თეატრალური პრემისაა და ჯილდოს მფლობელი, ახალგაზრდა ფრანგი დრამატურგის ნაწარმოები საქართველში პირველად ითარგმნა და დაიდგა.
სპექტაკლზე „სიამრთლე“ რეჟისორმა ნინო ბურდულმა იმუშავა მსახიობებთან – ანა მატუაშვილთან, ანა ნიკოლაშვილთან, ჯანო იზორიასა და ბაჩო ჩაჩიბაისთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებთან ერთად. სპექტაკლის მხატვრები გოგი ალექსი მესხიშვილის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულები შოთიკო ბაგალიშვილი და ნუცა ჭყონია არიან.
სიცრუე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ჩვენი ცხოვრების ნორმაა. სიმართლის აღიარება ძალიან ხშირად არასასურველია, არადა სწორედ სიმართლე და სიცრუე განსაზღვრავს ნებისმიერ პირად თუ სოციალურ ურთიერთობას. სიმართლის მიჩქმალვის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ შედეგი ერთია: ადამიანები ჩათრეულნი არიან სიცრუის მანკიერ წრეში, რომელიც პირადსა და საზოგადოებრივს ერთიანად მოიცავს და მისგან თავის დაღწევა არც ისე ადვილია, მით უმეტეს თუ ამის სურვილი და ნება არც არსებობს. კარგია ეს თუ ცუდი? ნორმალურია თუ არანორმალური? თითეულ მაყურებელს თავისი პასუხი ექნება, თუმცა ალბათ უმრავლესობას მოეძებნება მიზეზი, რომ სიმართლე არ გაამხილოს.
რეჟისორის შესახებ:
მსახიობი და რეჟისორი ნინო ბურდული 1984 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. ქართველი მაყურებელი მას კარგად იცნობს როგორც პოპულარული სერიალებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან, ასევე თეატრსა და კინოში შესრულებული როლებიდან. ბოლო დროს მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ეკლიპსი“ კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში, ერიკ-ემანუელ შმიდტის „ინტერმედია“ მუსიკისა და დრამის თეატრში და ბორის აკუნინის „თოლია“თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში.
ავტორის შესახებ:
ფრანგი მწერალი და დრამატურგი ფლირიან ზელერი ჯერ 40 წლისაც არ არის, თუმცა უკვე არაერთი მოლიერის პრიზის, ლოურენს ოლივიეს, საფრანგეთის აკადემიისა და სხვა მრავალი პრესტიჟული ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი, ხოლო ინგლისის ცნობილმა გაზეთმა „გარდიანმა“ „ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი“ უწოდა. პირველი რომანი „ბოროტებით მოხიბლული“ 22 წლისამ დაწერა. წიგნმა, რომელიც დასავლეთისა და ისლამური სამყაროს ურთიერთობებს ეხება, მალევე მოუტანა პოპულარულობა. ცოტა ხნის წინ დაწერილი პიესა „მამა“ კი ბოლო დროის ჰიტია ევროპაში. მას უკვე კარგა ხანია უესტ ენდის თეატრებში წარმატებით თამაშობენ.
———————————————————————————————————————————————————————–
ფლორიან ზელერი
„სიმართლე“
ტრაგიკომედია 1 მოქმედებად
„ტყუილი ნაკლოვანებად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ვინმეს ტკივილს აყენებს. იმ შემთხვევაში, თუ მას სიკეთე მოაქვს, ის ნამდვილი კეთილშობილებაა. ამიტომ, გახდით კიდევ უფრო კეთილშობილი, ვიდრე აქამდე იყავით. იცრუეთ ეშმაკივით, გაბედულად, და არა მორცხვად, მუდმივად, და არა ხანდახან. იცრუეთ, ჩემო მეგობრებო, იცრუეთ და მეც ვალში არ დაგრჩებით.“
ვოლტერი
თარგმანი: შორენა ციცაგი
რეჟისორი: ნინო ბურდული
მხატვრები: ნუცა ჭყონია, შოთა ბაგალიშვილი
ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- მიშელი – ჯანო იზორია
- ალისი – ანა ნიკოლაშვილი
- ლორანსი – მაია გელოვანი
- პოლი – ბაჩო ჩაჩიბაია
- მუსიკოსები – ლუკა ახალაძე, ელენე დაბრუნდაშვილი, გივიკო ბარათაშვილი
სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთი ანტრაქტის გარეშე
განსაკუთრებული მადლობა:
სასტუმროს „ამბასადორი“
ჯო ენის სამედიცინო ცენტრს
ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსს „მზიური“
კაფე-რესტორანს „Factory 27”
კლარა სხვიტარიძეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და მედია ცენტრს