
თარგმანი გოშა გორგოშიძისა და ნინო კანტიძის
რეჟისორი-გოშა გორგოშიძე
სცენოგრაფიის ხელმძღვანელი-გიორგი ალექსი-მესხიშვილი
მხატვარი-ნინო თათარაშვილი
კოსტუმების მხატვარი-ეკა სოლოღაშვილი
მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძისა
ქორეოგრაფი-კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე-მარინა ამაღლობელი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ბრანდენბურგის მთავარი ფრიდრიხი- ირაკლი მაჭარაშვილი
მთავრის მეუღლე, დოროთეა- მარინა ჯანაშია
პრინცესა ნატალი ორანიელი- ია სუხიტაშვილი
მარშალი დორფლინგი- ზურა ინგოროყვა
კავალერიის გენერალი პრინცი არტურ ფონ ჰომბურგი- სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე
პოლკოვნიკი კოტვიცი- დავით უფლისაშვილი
გრაფი ჰოენცოლერნი- ბაჩო ჩაჩიბაია
როტმისტრი გოლცი- ბაჩი ლეჟავა
როტმისტრი შტრანცი- ბექა სონღულაშვილი
გრაფის ასული ადელი- მანანა აბრამიშვილი
პიესას საფძვლად უდევს ისტორიული ბრძოლა, რომელიც 1675 წელს გაიმართა ფერბელინთან გერმანელებსა და შვედებს შორის.
ორიოდ კვირის წინ რუსთაველის თეატრის ფასადზე პლაკატი შევნიშნე ია სუხიტაშვილისა და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის გამოსახულებით. ახალ სპექტაკლს “პრინცი ჰომბურგი” ერქვა. გამიხარდა. პრემიერის დღეც მალე მოვიდა…
ყველა ახალი სპექტაკლის ნახვისას ვცდილობ, მოვიშორო მისდამი გარკვეული განწყობა და ნეიტრალურად შევხედო. ასე უფრო მართალი ხარ საკუთარ თავთან. ახლაც ასე მოვიქეცი. რეჟისორ გოშა გორგოშიძის დადგმული ორი სპექტაკლი ნანახი მაქვს: “სტუმარი“, რომელიც ძალიან მომწონს და “სტუმარ-მასპინძელი“, რომელიც ძალიან გაწელილი მომეჩვენა.
ფარდის გახსნისთანავე, დეკორაციები და კოსტიუმები თვალში მომხვდა. მეგონა, “რიჩარდ III”-დან ისესხეს. არადა, მოქმედება სრულიად სხვა სიუჟეტს ასახავს სრულიად სხვა ადამიანებით. ჩემი ეჭვები გამართლდა: აშკარად სტურუას დადგმას ცდილობენ. მუსიკის ტაქტებს აყოლილი მოძრაობა, რომელიც მოულოდნელად წყდება, 70-იან წლებში შემორჩენილი პათოსი, დეკორაციებთან ურთიერთობაც კი… ოღონდ ყველაფერი ეს დრომოჭმულ და, აქედან გამომდინარე, ალოგიკურ გადაწყვეტაში. რატომ?
რატომ?! სპექტაკლის განმავლობაში მხოლოდ ამ კითხვაზე ვიმტვრევდი თავს.
რატომ მაინცდამაინც ასეთი “სუფრა”? ნუთუ რეჟისორმა ვერაფერი მოიფიქრა ისეთი, რომ სპექტაკლი სხვანაირი ფორმით დაედგა? თუ ტექსტები არ ჟღერს კარგად, მის საპირწონედ საინტერესო ვიზუალური ეფექტის შექმნას ხელს რა უშლიდა? ნუთუ დღევანდელი საზოგადოება არ იმსახურებს სათქმელის უფრო ორიგინალურ ხერხს, თანამედროვე სტილის მიზანსცენებსა და კოსტიუმებს? ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ მაინცდამაინც მოდერნისტულად უნდა გადაწყვეტილიყო სპექტაკლი. უბრალოდ, რაც გაკეთდა, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ ვნახეთ. ისევე, როგორც ძალიან მაგარი სპექტაკლები უორიგინალურესი ფორმებით, ოღონდ YouTube-ზე.
მსახიობების მიმართ არსებითი შენიშვნა არ მაქვს. როცა თვითონ სპექტაკლი არ გაძლევს ბევრის გაკეთების საშუალებას, გარდა ივდითივით მოთქმისა, როლის განვითარება ძნელია. აქედან გამომდინარე, მსახიობთა კრიტიკა გაუმართლებლად მიმაჩნია. რამდენიმე მათგანი, რომლის იმედიც ზუსტად ვიცი, რომ მაქვს, ალბათ, უკვე მუშაობს საკუთარ როლზე და მომავალში უფრო დახვეწილი დამხვდება. მიუხედავად ამისა, შეცვლის თუ არა ეს მცდელობა სპექტაკლის საერთო სურათს, ძნელი სათქმელია.
როცა ვერ ვხვდები ხოლმე, სპექტაკლით რისი თქმა სურდა რეჟისორს, პირველ რიგში საკუთარ თავს ვადანაშაულებ და კიდევ მივდივარ სპექაკლზე. მაგრამ ამისთვის ერთგვარი ბიძგი მჭირდება. რაღაც, რამაც უნდა ამიყოლიოს და საფიქრალი გამიჩინოს…
ამიტომაც მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა “სტუმარიცა” და “პრინცმა ჰომბურგიც” ერთ რეჟისორს დაედგა. აღმოჩნდა, რომ შეიძლება.
მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სპექტაკლი კარგა ხანს დარჩება თეატრის რეპერტუარში და მას შესაბამისი აუდიტორია აუცილებლად ნახავს. ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია, ეს, უბრალოდ, მოსაწყენია.
ავტორი Zurriuss.Ge