სიახლეები

კაცი რანგო

ნორმალური და ბედს შეგუებული რეალობის დამსხვრევა ცუდი საქმეა, ხოლო ეს ყველაფერი უკაცრიელ, უდაბნო და სიცხით გათანგულ ადგილას რომ დაგემართება – უარესი. რანგოსაც ასე მოუვიდა: იჯდა თავისთვის აკვარიუმში, სათამაშო თევზს შექსპირის სონატებს შეჰღაღადებდა და უცებ, აკვარიუმიან-ოცნებებიანად გავარვარებულ ტრასაზე დაენარცხა…

დაიწყო სულ სხვა ცხოვრება, ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელშიც არა თუ სუსტნი, ძლიერებიც კი მარცხდებიან. და ყველაფერი ეს ანიმაციაა, უფრო სწორედ, ფილმი, რომელიც “შემთხვევით” გამოვიდა ანიმაცია. სინამდვილეში, არც არაფერი “გამოსულა”, რადგან ყველაფერი ისე იყო ჩაფიქრებული, როგორც ჩანდა. უბრალოდ, სიუჟეტი იმდენად “ფილმურია”, რომ მისი ანიმაციად გადაღება შემთხვევითობა გეგონება კაცს.

ქალაქის მცხოვრებნი

რანგო ერთი სუსტი, უსუსური და აკვარიუმში გაზრდილი ქამელეონია, რომელსაც ცხოვრებისა არაფერი გაეგება. მას არც გადარჩენის გამოცდილება აქვს, არც ძლიერია და, საერთოდ, მეოცნებე ტიპია. ერთადერთი, რასაც ამ უსუსური ხვლიკის ხსნა შეუძლია, გამართლება, ცოტაოდენი თავდაჯერებულობა და ამდენივე საზრიანობაა. სწორედ მათი დახმარებით შეიძლება, გაუმკლავდე თავზეხელაღებულთა ქალაქის კრიმინალებს, მოკლა ყველას დაუძინებელი მტერი ძერა და ყველაზე შხამიანმა მოწინააღმდეგემ თავის სწორ მეტოქედ გაღიაროს. ამასთან ერთად, ქალაქი გაუწყლოვნების კატასტროფისგანაც უნდა იხსნა და, რა თქმა უნდა, სიყვარულშიც უნდა გაგიმართლოს. როგორც მიხვდით, რანგო ამ ყველაფერს ახერხებს. მიუხედავად ოთხი პესიმისტი მუსიკოსი ბუსა, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ, რანგო, თითქოს ჯინაზე იმარჯვებს.

როცა მულტფილმს ვუყურებდი, ზუსტად ორმა საკითხმა დამაფიქრა. პირველი არის გრაფიკა და რეჟისურა, ხედები, რომლებიც შეუდარებლად გამოვიდა და, შეიძლება ითქვას, კომპიუტერული გრაფიკის ზეიმია. თანაც, სამი განზომილების გარეშე! მეორე საკითხი კი თვითონ შინაარსს ეხება. ერთი მომენტი ვფიქრობდი, რომ ბავშვებისათვის ცოტათი მოზრდილი და რეალისტური მეჩვენა, მაგრამ, მეორე მხრივ, რეალობაც ესაა: პატარები უყურებენ იმ ფილმებს, რასაც უფროსები, ცხოვრობენ ისეთ არაიდეალიზირებულ სამყაროში, როგორშიც უფროსები და მეტიც, მათ აღარავინ უმალავთ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რანგოს, როგორც ადამიანის სახე სრულიად მისაღებია ჩემთვის.

ეს ფილმი თუ ანიმაცია შეგიძლიათ, კინოთეატრ რუსთაველში ნახოთ, მანამდე კი იხილეთ ტრეილერი!

ავტორი Zurriuss.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button