სიახლეები

რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი, დაიბადა 1938 წელს, თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). რუსთაველის თეატრში 1963 წელს მოვიდა. 1980 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. რობერტ სტურუა მშვენივრად ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს, აქვს უტყუარი ინტუიცია, ყოველთვის გრძნობს დროებას და არის აბსოლუტურად უკომპრომისო მასთან მიმართებაში. პირველი წარმატება არტურ მილერის “სეილემის პროცესის” დადგმამ მოუტანა (1965 წ.).

მოგვიანებით სტურუა იტყვის: “ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რაჟისურამდე მივედი.” 70-80-იან წლებში იქმნება სტურუას ყველაზე გახმაურებული სპექტაკლები: პ. კაკაბაძის “ყვარყვარე”, რომელმაც ყველა უკვე “სტურუას თეატრის” განსაკუთრებულ მოდელზე აალაპარაკა; ბ. ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”, სპექტაკლი-დღესასწაული, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, შევიდა საერთაშორისო კრებულში “XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები” და დღესაც ცოცხალ ლეგენდად რჩება; “რიჩარდ III”, შეუდარებელი რამაზ ჩხიკვაძით მთავარ როლში, “მეფე ლირი”, სადაც სტურუამ განსაცვიფრებელი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ძველი სამყაროს ნგრევა. რობერტ სტურუა ცნობილია როგორც შექსპირის თეატრის “პარადოქსული ინტერპრეტატორი”. 37 პიესიდან 17 უკვე დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში. ლონდონის რივერსაიდ სტუდიაში დადგმული “ჰამლეტი” (1986), ალან რიკმანით მთავარ როლში, შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. თბილისური “ჰამლეტის” ორივე ვერსია (2001, 2006), სტურუას თქმით, “დრომ მოიტანა”, “ისევე როგორც მკაცრი და დინამიური “მაკბეტი” (1995) ან “როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (2002), თავისი განსაცვიფრებელი რიტმითა და პირობითობით.

90-იანი წლების სპექტაკლებში აქცენტები უკვე ადამიანსა და მის სულიერ სამყაროზეა გადატანილი. კრიტიკა “კეთილი სტურუას” თეატრზე იწყებს ლაპარაკს, ასეთებია _ კალდერონის “ცხოვრება სიზმარია”(1992), ბრეხტის “სეჩუანელი კეთილი ადამინი” (1993), “იაკობის სახარება” (1995, გოგებაშვილის “დედაენის” მიხედვით), გრ. რობაქიძის “ლამარა (1996). ახალ ათასწლეულში შექმნილ სპექტაკლებში რობერტ სტურუას დიალოგი მაყურებელთან უფრო ფილოსოფიური გახდა. რეჟისორი თითქოს მეტს ფიქრობს მარადისობაზე, ეძებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებულ ზღვარს. სპექტაკლების მეტაფორული ენაც უფრო მდიდარი და პოეტურია. ასეთია გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პლასტიკური სპექტაკლი-ფანტაზია “სტიქსი” (2002), “ჰამლეტის” ორივე თბილისური ვერსია (2001, 2006), ს. ბეკეტის “გოდოს მოლოდინში” (2002).

რობერტ სტურუას კრეატიული სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია. მის სპექტაკლებში ჰარმონიულად თანაარსებობს ტრაგედია და კლოუნადა, პოლიტიკური ფარსი და მელოდრამა; კლასიკურ კომიზმს ფილოსოფიური მედიტაციები ენაცვლება, უკიდურესი რაციონალიზმი იოლად იძენს გროტესკულ თუ სარკასტულ ელფერს, ეს მრავალფეროვნება ეკლექტური არასდროს ყოფილა. რადგან რაჟისორი მსუბუქად და ელეგანტურად მართავს სცენასა და მსახიობებს, მისი ფანტაზია ამოუწურავია და მას ყოველთვის ხელთ უპყრია სპექტაკლის იდეა და რიტმი. სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ, ხოლო სტურუას ევროპული თეატრის ყველა ცნობილ რეჟისორს ადარებენ. არ დარჩენილა არც ერთი ფესტივალი სადაც მისი სპექტაკლები არ ყოფილიყოს წარმოდგენილი. ქართველი მსახიობების შეუდარებელი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა არგენტინაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა თუ შვეიცარიაში. სტურუამ დაიპყრო მექსიკა, ედინბურგი, ლონდონი, იერუსალიმი, რომი, მოსკოვი, დიუსელდორფი და, რაც მთავარია, მშობლიური თბილისი.

პოსტისთვის მადლობა DuG-ს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button