სიახლეები

საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვრისთვალისთვის 3D

მულტფილმზე
კინო რუსთაველი წარმოგიდგენთ შალვა რამიშვილისა და სტუდია არტბონუსის ანიმაციური ფილმს: “ბრძოლა ნატვრითვალისთვის”. მხატვარი ზალიკო სულაკაური, მუსიკის ავტორი სალომე – კორკოტაშვილი, პროდუსერები: გია ბაზღაძე, ბაკურ ლაშქარავა და ნუგზარ ასათიანი, სცენარის ავტორი და რეჟისორი – შალვა რამიშვილი. მოქმედება ვითარდება ორი ერთმანეთისგან 1500 წლით დაშორებულ ეპოქაში. შატილელებს ძველად გააჩნდათ ნატვრისთვალი, რომელსაც ყოველ ახალ წელს ხალხი მშვიდობას შესთხოვდა, რადგან მიაჩნდათ, რომ მშვიდობის არსებობის შემთხვევაში სხვა დანარჩენი თავისით მოვიდოდა.

თუმცა ბოროტმა ჯადოქარმა აქაც იჩინა თავი და ნატვრისთვალის ხელში ჩაგდება ცადა. იმისათვის, რომ ეს თვალი ბოროტ გადამთიელს არ ჩაეგდო ხელში, თვით დედაბუნება აღსდგა მის წინააღმდეგ და სოფელი შატილი ზვავით დაფარა.მოქმედება 22–ე საუკუნის შატილში ინაცვლებს, რომელიც ულტრათანამედროვე არქიტექტურის მეგაპოლისია. აქვე ჩნდება მთავარი გმირი გიორგი, რომელსაც ახალი წლის შეხვედრა შატილში, ბებია–ბაბუასთან მოუხდება დედის ავადმყოფობის გამო. მულტფილში შეხვდებით ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ გმირებს, ასევე იქნებიან სრულიად უცნობი გმირები, რომლებიც საკუთარი სიმამაცით დაუპირისპირდებიან ბოროტ ძალას.

განხილვა

23 დეკემბერს გაიმართა პირველი ქართული 3D მულტფილმის პრემიერა კინოთეატრ რუსთაველში, საბედნიეროდ მეც მხვდა წილად პრემიერაზე დასწრება და ამ მულტფილმის ნახვა. მინდა გითხრათ რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი 3D ეფექტით, ძალიან მომეწონა ქართული ტრადიციების, ისტორიისა და სულის ასე კარგად გაცოცხლება თანამედროვე ანიმაციაში, მუსიკაც საკმაოდ კარგად მოერგო მულტფილმის სიუჟეტს, ერთ-ერთი საუნდტრეკი, სპეციალურად ამ მულტფილმისთვის ჩაწერა სალომე კორკოტაშვილმა.

მულტფილმი საინტერესოდ იწყება, ვითარდება, იკვრება კვანძი და სრულდება! საკმაოდ კარგად არის მულტფიმში იუმორიც გამოყენებული, თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო ახალ ტექნოლოგიებს, აგრეთვე ძველს მაგრამ უკვე განახლებულს და ძველს რომელიც უცვლელი დარჩა 🙂 მაგალითისთვის: ხინკლის საჭმელი აპარატი, შეშის ამგროვებელი რობოტი, ლიბერთი ბანკი შატილში და ა.შ.

ცეროდენა და დევი ეს ის ორი პერსონაჟია, რომელიც ამ მულტფილმში გააცოცხლეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ქართველებს მათი არსებობა ჩვენს საყვარელ ზღაპრებში. ტრადიციულად ნახავთ კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლას, რომელიც აუცილებლად კეთილის გამარჯვებით მთავრდება, თუმცა საინტერესოა როგორ… ამიტომ უნდა ნახოთ ეს მულტფილმი. აგრეთვე თქვენ ნახავთ 22-ე საუკუნის შატილს, სადაც ქართული კულტურა და ტრადიციები ცოცხალია და მისი ინტეგრირება თანამედროვებოასთან საკმაოდ რეალისტურად არის გადმოცემული.

ამ მულტფილმის სახით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქართულ თანამედროვე მულტიპლიკაციაში და რაც მთავარია 3D ეფექტიც წარმატებულად იქნა გამოყენებული! ერთი სიტყვიტ პირველი ქართული 3D ზღაპარი შედგა!!! აქვე გეტყვით რომ ეს მულტფილმი გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ასე რომ გირჩევთ ყველას წახვიდეთ კინოთეატრ ამირანში ან რუსთაველში და ნახოთ!

პ.ს. დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს რომლებმაც 8 თვის მანძილზე იშრომეს და შექმნეს ეს ზღაპარი!

Tags

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button
Close