საახალწლოდ საქველმოქმედო აქციას აწყობს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. შეგროვილი თანხით 8 წლის გიორგი ადუაშვილისთვის სახლის შეძენას ფიქრობენ. გიორგი 2 პატარა ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს სოფელ კარალეთში, სხვის კუთვნილ სახლში, რომელიც იყიდება. მალე გიორგის და მის ძმებს ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. ბავშვი ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს დედას – რომელიც თავის მხრივ ბავშვთა სახლშია გაზრდილი. გიორგი სწავლის შემდეგ მუშაობს, შაბათ-კვირას ტაძარში მსახურობს, სტიქაროსნად. მას ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება არ აქვს.იმისათვის რომ არ გავიმეტოთ 3 მცირეწლოვანი ბავშვი ქუჩისთვის საზოგადოება გაერთიანდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრონაჟითა და ერისთავის თეატრის მხარდაჭერით დაიგეგმა საქველმოქმედო აქცია, რომელიც გორში, ერისთავის
თეატრში, გაიმართება 25 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე. მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ვანო ჩხიკვაძის „ბლეფი“ (რეჟისორი სოსო ნემსაძე).