სიახლეები

ექსპერიმენტული “შემეხე” 18+ ცენზით

21 დან 26 იანვრის ჩათვლით რუსთაველის თეატრისა და ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში დადგმული, ერთობლივი ქართულ ინგლისური სპექტაკლის, “შემეხეს” პრემიერები გაიმართება, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. სპექტაკლი რეალურ ამბებზეა აგებული. საკმაოდ არასტანდარტული, უჩვეულო და თამამი წარმოდგენაა. რომლის ნახვა 18 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდირებული არ არის.

6 ახალგაზრდა სასკოლო დერეფნის მსგავს ოთახშია გაჭედილი. ისინი ასაკისთვის შეუფერებელი ბავშვური თამაშებით ირთობენ თავს . ცდილობენ საეჭვო მომავალს ოპტიმისტურად შეხედონ. მღერიან სიმღერებს, ყვებიან ისტორიებს და მაყურებელს სთხოვენ დახმარებას , რათა გაერკვნენ საკუთარ ცხოვრებაში.

ცხოვრების აღქმა კი ბავშვობისას განცდილ სექსუალური ფანტაზიების გაცნობიერებით იწყება. “შემეხეს” გმირები ზრდასრულ ასაკში ცდილობენ გაიაზრონ “ბავშვური თამაშები” . იხსენებენ ისტორიებს, რომელიც როგორც წესი მეხსიერების ყველაზე მივიწყებულ ხვეულებში ილექება. ყველაზე რთულ პროცესს კი მათი გახსენება წარმოადგენს. რაც ხშირად ადამიანში ჩაბუდებული მრავალი კომპლექსის მიზეზი ხდება. სპექტაკლის მთავარი პლიუსიც, არა სიშიშვლე ან აკადემიური თეატრის სცენისთვის უჩვეულოდ თამამი სცენებია, არამედ სწორედ კარგად შერჩეული თემაა. რომელიც გვაძლევს იმის ინსპირაციის საშუალებას, რომ თავადაც დავიწყოთ საკუთარ ბავშვობაში გადახდენილ მსგავს ისტორიებზე ფიქრი. და თუნდაც საკუთარ თავთან ვაღიაროთ მათი ნამდვილობა.

გამორჩეულია მსახიობებისა და მაყურებლების ურთიერთობაც , არ გაიკვირვოთ თუ სრულიად მოულოდნელად თავადაც შემოგთავაზებენ სცენაზე ასვლას და მათთან ერთად თამაშს. ან ვიდეო კამერას ჩართავენ და პროექტორის მეშვეობით დარბაზში მჯდომი მაყურებლები სცენის გმირებიც გახდებით. შეიძლება მსხვილი ხედით თქვენზეც შეაჩერონ კადრი . ვიდეო კამერა სპექტაკლის ერთ ერთი რეკვიზიტია , რომელიც გარკვეული სცენებისას მოქმედებაში მოდის და მაყურებელს აძლევს საშუალებას სპექტაკლი ერთდროულად რამდენიმე რაკურსიდან აღიქვას.

სპექტაკლი “შემეხე” ერთგვარი მიქსია: ნარატივის , ქორეოგრაფიის , სიმღერის , პერფორმანსის . ერთ სპექტაკლში სხვადასხვა ენითა და ფორმით ცდილობენ ამბის მოყოლას. რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ეკლექტურიც გამოდის. რთულია მსახიობი ერთდროულად კარგად მღეროდეს, ცეკვავდეს და თამაშობდეს კიდეც. სპექტაკლში რამდენიმე სცენა პინა ბაუშის ქორეოგრაფია იყო. რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია და შესაბამისად მცირედი დახვეწა სჭირდებოდა. “შემეხეს” ყველაზე ეპატაჟური მომენტი კი სცენაზე გაშიშვლებული მამაკაცია, რომელიც საკუთარ ფალოსს გვიჩვენებს.

“შემეხე”ს დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ზელდინი გახლავთ, მხატრობა ქეთი ნადიბაიძეს ეკუთვნის, ტექსტზე კი დავით გაბუნია და ალექსანდრე ზელდინი მუშაობდნენ. სპექტაკლში თამაშობენ როგორც ქართველი, ასევე ინგლისელი მსახიობები: დენიელ ეინსუიორსი , ჯენეტ ეტუკი, ლუკ კლარკი, სალომე მაისაშვილი, შაკო მირიანაშვილი და თეკლა ჯავახაძე.

პოსტის ავტორი: გოჩა გაბოძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button