სიახლეები

შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ

“შობის მეთორმეტე ღამე” რობერტ სტურუამ 2000 წლის 2 თებერვალს დადგა და ქრისტეს შობიდან 2000 წლისთავს მიუძღვნა. თავდაპირველად სპექტაკლში უფროსი თაობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ 2005 წიდან, როცა თეატრში რეორგანიზაცია დასრულდა, ისინი ახალგაზრდებმა ჩაანაცვლეს. მონაწილეთა სია დღესდღეობით ასე გამოიყურება:

  • ჰერცოგი ორსინო – ლევან  ხურცია
  • კურიო – მალხაზ ქვრივიშვილი
  • ვალენტინე – ვანო გოგიტიძე
  • ვიოლა – ნინო კასრაძე, ნინო თარხან – მოურავი
  • კაპიტანი – თემიკო ჭიჭინაძე
  • სერ ტობი – დათო პაპუაშვილი, ნიკა ქაცარიძე
  • მარია – ნანუკა ხუსკივაძე, ნანა ლორთქიფანიძე,
  • სერ ენდრიუ  – ზურა შარია, გოგა ბარბაქაძე,
  • მასხარა – გოგა გველესიანი,
  • მალვოლიო  –  ზაზა პაპუაშვილი
  • ოლივია – ლელა ალიბეგაშვილი, მარინა კახიანი
  • ანტონიო – ზუკა პაპუაშვილი
  • სებასტიანო – დათუნა გოცირიძე
  • ჯარისკაცები – გელა ოთარაშვილი ტრისტან სარალიძე

სახარების სცენაში მონაწილეობენ:

ეკა მინდიაშვილი, სოსო აბრამიშვილი, ლევან ხურცია, თენგიზ გიორგაძე, გოგა გველესიანი, ირაკლი მაჭარაშვილი, გელა ლეჟავა, მალხაზ ქვრივიშვილი, პაატა ბარათაშვილი, ვანო გოგიტიძე

სებასტიანო

შინაარსი ყველასათვის ნაცნობია. შექსპირმა ეს პიესა თავის ტყუპ შვილებს მიუძღვნა, რომლებიც ისევე ჰგავდნენ ერთმანეთს, როგორც პიესის გმირები სებასტიანო და ვიოლა. და-ძმა გემში ისხდნენ, როდესაც შტორმი ატყდა და ზღვამ ისინი ილირიის სამეფოს სხვადასხვა ნაპირზე გამორიყა. ვიოლამ სახელად ცეზარიო დაირქვა და კუნძულის მმართველს, ჰერცოგ ორსინოს დაუდგა მსახურად. ორსინო თავდავიწყებით იყო შეყვარებული მზეთუნახავ ოლივიაზე, რომელიც გულგრილი იყო მის მიმართ და ახლადგარდაცვლილი ძმის გლოვას 7 წელიწადს აპირებდა. როდესაც ორსინოს მიერ გამოგზავნილი ვაჟის ტანისამოსში გადაცმული ვიოლა ანუ ცეზარიო იხილა, ოლივიას ყმაწვილი ერთი ნახვით შეუყვარდა. მისდა სამწუხაროდ, ცეზარიო სასტიკ უარზეა.

ამასობაში სებასტიანო, რომელიც მეკობრე ანტონიომ გადაარჩინა, ილირიის ქუჩებში დაეხეტება თავგადასავლების საძიებლად. იგი ოლივიას სასახლეში მოხვდება და, მზეთუნახავის სილამაზით მონუსხული, იმ ღამესვე ჯვარს დაიწერს. ოლივიას კი, რა თქმა უნდა, სებასტიანო ცეზარიო ჰგონია. უამრავ ხიფათსა და შფოთვაში გამოვლილ გმირებს წარმოდგენის ბოლოს ბედნიერება ელით, რადგან ყველაფერს ფარდა აეხდება. სასახლის გაფხორილ კამერდინერ მალვოლიოს კი მასხარები ხაფანგს დაუგებენ და დაარწმუნებენ, რომ ოლივია მასზეა შეყვარებული, შემდეგ კი გიჟად გამოაცხადებენ. როცა მიხვდება, რომ სასტკად მოატყუეს, მალვოლიო გამწარებული ჩივის, რომ ყველას სამაგიეროს გადაუხდის. გაოცებული ხალხის თვალწინ ორი ცეზარიო აღმოჩნდება, რომელთაგან ერთი სებასტიანოა, ხოლო მეორე – ვიოლა. მაშინ, როცა ყველააფერი გაირკვევა, ვიოლა ჰერცოგ ორსინოს მიჰყვება ცოლად. იგი ხომ ფარული სიყვარულის გამო დაუდგა მას მოსამსახურედ.

ქრისტე იშვა….

სიუჟეტის თხრობას ლაიტმოტივად გასდევს ნაწყვეტები ახალი აღთქმიდან მაცხოვრის შობის შესახებ. თუმცა ეს მონაკვეთები ჰარმონიულადაა გადაზრდილი სპექტალის შინაარსში და ვიზუალურადაც შთამბეჭდავია. ამიტომაც შინაართან შეუსაბამობა და გაუცხოება სავსებით არ იგრძნობა.

ზაზა პაპუაშვილი

ზაზა პაპუაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საკუთარ როლს 10 წლის განმავლობაში თამაშობს. მისი პერსონაჟი მალვოლიო თუმცა მეორეხარისხოვანია, მაგრამ, ორიგინალური და დახვეწილი შესრულების წყალობით, მაყურებლის ფავორიტია. მზეთუნახავ ოლივიას ცხვირაბზუებული კამერდინერის ორიგინალური კომიკური მეტყველება, ხასიათებისა და განცდების სწრაფი ცვლა და მოძრაობის პლასტიკურობა სცენაზე დიდ ეფექტს ქმნის. აქ ჩანს როგორც გმირის ინდივიდუალურობა, ასევე მსახიობის დიდი შრომა. შედეგად, პაპუაშვილის მალვოლიო ერთ–ერთი ცნობილი და სახასიათო როლია რუსთაველის თეატრის სცენაზე.

გოგა გველესიანი და ნანუკა ხუსკივაძე

მასხარების სახეთა შექმნაში, დიდ ნიჭთან ერთად, დიდი შრომაა ჩადებული. ნანუკა ხუსკივაძემ და გოგა გველესიანმა თავიანთი პერსონაჟების სახასიათო ჟესტები და საუბრის მანერა გამოავლინეს. მასხარების სცენაზე გამოჩენა განსაკუთრებით უხარიათ პარტერის პირველ რიგში მსხდომ ბავშვებს, რადგან მათ სცენიდან ბუშტებს თავში უბაკუნებენ. მასხარებთან დაკავშირებით ხშირად გაიგონებთ რეპლიკას “რა საყვარელია!”, რაც ნიშნავს, რომ მთქმელი სპექტაკლს კიდევ ნახავს. გოგა გველესიანის თქმით, ამ როლის მოსარგებად მთელ დღეს ემზადება. “ვცდილობ, შევაგროვო ყვლა დადებითი ემოცია, რომ საღამოს მაურებელს გადავცე”. შედეგიც სახეზეა:

რობერტ სტურუას რომ ძალიან უყვარს მუსიკა, ამაზე მისი თითოეული სპექტაკლი მიუთითებს. ყველა მონოლოგი, დეტალი და თვით დეკორაციაც იმდენად ორგანულად და ჰარმონიულადაა შერწყმული მუსიკასთან, რომ ძალიან შთამბეჭდავ აუდიოვიზუალურ ეფექტს ქმნის. მუსიკა ის დამატებითი ფერებია, რომელიც სიუჟეტს მრავალფეროვნებას სძენს და აღქმას აადვილებს. მსახიობთა მეტყველებაც გარკვეულწილად სწორედ ამ ხაზს გასდევს. აგრძელებული ფრაზები,  სიტყვების გადაბმა და ინტონაციები მეტყველებაში მელოდიური შტრიხებს აძლიერებს და სპექტაკლიც მუსიკალურ ნაწარმოებს ემგვანება.

აქვე უნდა აღინიშნოს კომპოზტორ გია ყანჩელის წვლილი, რომელიც მუსიკა არაერთხელ გამხდარა აღტაცების ღირსი. მის მიერ შექმნილი სევდანარევი, მაგრამ ჰარმონიული მუსიკა მოიცავს როგორც დიდ სიხარულს, ისევე ცხოვრების თავისებურებით გამოწვეული უკუსვლების გამოძახილს.

დაბოლოს, “შობის მეთორმეტე ღამის” პირველი შემადგენლობა (ალიბეგაშვილი, ხუსკივაძე, კასრაძე) უფრო დამაჯერებელ, სახასიათო და სიუჟეტთან შესაბამის სახეს ქმნის, ვიდრე მეორე (კახიანი, ლორთქიფანიძე, თარხან-მოურავი). მაყურებელმა მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟები უფრო შეიყვარა და გაითავისა. ეს მხოლოდ მაყურებლის კაპრიზად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ყველა ზემოხსენებული მსახიობი თავისი საქმის პროფესიონალია. უბრალოდ, ყველა თავის სახასიათო როლს სხვადასხვა სპექტაკლში პოულობს.

ასე რომ, “შობის მეთორმეტე ღამე” უკვე ათი წლისაა და, მაურებლებლთა აქტივობით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ დიდხანს დარჩება რუსთაველის სცენაზე.

პოსტის ავტორი Zurriuss

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button