სიახლეები

შშმ პირების დასაქმება თეატრში – ახალი პროექტი თოჯინების თეატრში

ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ლონდოდის ჩიქენშედის თეატრთან თანამშრომლობით, იწყებს ამიერკავკასიის მასშტაბით სრულიად უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას!

ჩიქენშედის თეატრი გახლავთ ადგილი, სადაც შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს ეძლევათ საშუალება და სივრცე, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. მას შემდეგ, რაც თოჯინების თეატრის შენობის პრობლემა მოგვარდა და მალე საკუთარ შენობაში უმასპინძლებს მაყურებელს, თეატრის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს. ეს პროექტი გულისხმობს შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების მაქსიმალურ ჩართვასა და დასაქმებას თეატრის ყოველდღიურ საქმიანობაში, იქნება ეს უმნიშვნელო, ყოფითი დეტალები თუ უფრო დიდი მასშტაბის ღონისძიებები. ეტლით მოსარგებლე ადამიანები თეატრის რიგითი თანამშრომლები გახდებიან…

თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობა 27 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ლონდონს, სადაც ისინი შეხვდებიან ჩიქენშედის თეატრის წარმომადგენლებს, მიიღებენ მათგან მნიშვნელოვან მითითებებსა და რჩევებს, რომელთა განხორციელებასაც შემდეგ უკვე თბილისში შეეცდებიან. ვიზიტის მსვლელობისას, თოჯინების თეატრის წარმომადგენლები დაესწრებიან საერთაშორისო საბავშვო ფესტივალს. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, ნახონ სპექტაკლი „შობის თორმეტი დღე“.

Back to top button