ღვთისაგან მივიწყებულ სოფელში ცხოვრობს ოჯახი, სადაც გაუთხოვარი ქალიშვილი უკვე აღარც კი ოცნებობს სიყვარულზე. სოფელში გვალვაა, უწყლობის გამო იღუპება საქონელი და ამ დროს ოჯახში მოდის ადამიანი რომელიც იძახის, რომ ის წვიმის გამყიდველია და მას შეუძლია მოიყვანოს წვიმა. ეს ადამიანი მთლიანად ცვლის ოჯახს. „ აუცილებლად გახდები ბედნიერი თუ დაიჯერებ, რომ უნდა გახდე ბედნიერი!… დააჯერე სუსტი რომ ძლიერია და ის მართლაც ძლიერი გახდება…. (რომანტიული მელოდრამა)
სპექტაკლის ხანგრძლივობა 170 წუთი
- პიესის ავტორი: რ. ნეში
- რეჟისორი: ნუგზარ ლორთქიფანიძე
- მხატვარი: ჯეირან ფაჩუაშვილი
- ქეთა ლორთქიფანიძე
- სანდრო მარგალიტაშვილი
- მამუკა მუმლაძე
- გიორგი ჯიქია
- ლაშა გურგრნიძე
- შაკო მირიანაშვილი
“წვიმის გამყიდველი” ამერიკელი მწერლის და დრამატურგის, რიჩარდ ნეშის პიესაა, რომელიც ჯერ კიდევ 1954 წელს დაიდგა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმოდგენა იყო. პიესა 40 ენაზეა თარგმნილი. ნეშის პიესის მიხედვით, 1956 წელს ფილმი გადაიღეს, ოდნავ მოგვიანებით კი პიესამ ბროდვეის სცენაზეც გადაინაცვლა. „პიესა არის იმ ურთიერთობებზე, რომელთა დეფიციტიც მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით საზოგადოებაში ძალიან დიდია. იგი ურთიერთ თანადგომაზე, ურთიერთ გატანაზე, მზრუნველობაზე, სითბოზე, დიდ სიყვარულზე და რაც მთავარია რწმენაზეა. თუ ჩვენ ერთმანეთს რწმენას ვაჩუქებთ, მაშინ ადამიანები თამამად შეუდგებიან საკუთარი სურვილების რეალიზებას და უფრო ბედნიერები გახდებიან. სპექტაკლში ასევე ბევრია დაფარული სურვილები და გრძნობები, რომლებიც მინდა რომ მაყურებელმა ამოიცნოს,“– ამბობს ნუგზარ ლორთქიფანიძე.პიესის მთავარ მოქმედ გმირს, ძალიან სურს სასწაული მოახდინოს, მას მთელი გულით სურს წვიმა მოიყვანოს. “წვიმის გამყიდველის” როლს თავისუფალი თეატრის სპექტაკლში მსახიობი მამუკა მუმლაძე ასრულებს. „ჩემი გმირი, უდავოდ კეთილია, უდავოდ ადამიანებში იმედის ნაპერწკალს სახავს. ყველას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და სიცოცხლის ხალისს უბრუნებს. იგი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ძალიან კეთილია და აკეთებს ძალიან ბევრ სიკეთეს,“ – ამბობს მამუკა მუმლაძემ. სპექტაკლის სიუჟეტი ერთ პატარა ფერმაში ვითარდება. სადაც ძალიან ცხელა. ამის გამო ადამიანებს უამრავი პრობლემა და სირთულე ექმნებათ. სწორედ ამ დროს ფერმაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ყიდის წვიმას. ოღონდ იმისათვის რომ მათ წვიმა იყიდონ, სასწაულის უნდა ირწმუნონ . სწორედ ამ სასწაულის დაჯერებით მონიჭებულ სიამოვნებაზეა სპექტაკლი.
„მე და ჩემი გმირი, ცხოვრებაში ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის თითქმის უკვე შინაბერაა და მე კიდევ 5 შვილის დედა ვარ. ჩემს გმირის სიმარტოვე ალბათ, მისი სიამაყის, ხასიათის გამო არის გამოწვეული, იგი ძალიან დადებითი პიროვნებაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ პიესა მე ძალიან მიყვარს, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი როცა მისი არსებობა შევიტყვე და იქიდან მოყოლებული შეიძლება ითქვას, რომ „წვიმის გამყიდველი“ ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი პიესაა,“– ამბობს ჩვენთან საუბრისას ქეთა ლორთქიფანიძე. წყარო : Fortuna.Ge