რა ხდება? – ახალი არაფერი, როგორც ყოველთვის! ქურდები ქურდობენ! – სახელმწიფო მოხელეები იღებენ! – ბოზები აძლევენ! დანარჩენებიც მათხოვრობენ!
“სულ სხვა ოპერა” რკინის თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლია, რომელიც ბერტოლდ ბრეხტის “სამგროშიანი ოპერის” მოტივებზეა აგებული. სპექტაკლი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში დაიდგა. სპექტაკლის თემატიკასთან ახლოს მდგარი ბუნებრივი გარემო უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს სანახაობას და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ყველაფერი სრულებით რეალურად ხდებოდეს შენს წინ, ეზოში არსებული ინფრასტრუქტურა კი დეკორაციების ფუნქციასაც ითავსებს. იმის გარდა, რომ სპექტაკლი არატრადიციულ სივრცეში გაიმართა, კიდევ ბევრი სხვა ნიუანსით იყო გამორჩეული. აქ მსახიობები “პარტერში” თამაშობენ, მაყურებელი კი სცენაზე ზის.
ეს არის იუმორით, ტრაგიზმით, ტყუილებით, წრფელი ემოციებით და ყველა იმ ღირსებითა თუ ნაკლვანებებით აღსავსე სპექტაკლია, რაც თან ახლავს ცხოვრებას. საერთოდ მივიჩნევ, რომ მიუზიკლი მოძველებული ჟანრია, ისევე როგორც პოემა – მხატვრულ ლიტერატურაში. თანამედროვე ადამიანის გემოვნება შეიცვალა, ცხოვრება უფრო პროზაული, ან თუ გნებავთ პუბლიცისტურიც კი გახდა, შესაბამისად პოემები, მიუზიკლები და ყველა სხვა მსგავსი მოკაზმულობით გაჯერებული ხელოვნების ნიმუში ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე ადამიანის გემოვნებას.
თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. განსაკუთრებით თუ ეს გამონაკლისი ბასრი იუმორით არის შემკული, თან ახლავს მსახიობების დახვეწილი ოსტატობა და ყველაფერი უზადო გემოვნებით არის შექმნილი.
გარდა ამისა, როგორც ზევითაც აღვნიშნე სპექტაკლი ცოცხალი სანახაობის შეგრძნებას გიქმნის, მაყურებელი და მსახიობები ერთად ქმნიან სანახაობას. როდესაც მათხოვრობის სცენაა, მაყურებელი ხვდება რომ ამ დროს ჯიბეში ხელი უნდა ჩაიყოს და ერთ-ორი ლითონის ფული გაიმეტოს, შემდეგ მსახიობიც წააქეზებს რომ არც ქაღალდის ფულს იუკადრისებს. ამან სადღაც ამოკითხული ძველი გერმანული ქუჩის თეატრების ამბავი გამახსენა. სხვათაშორის, ერთ-ერთ ასეთ ქუჩის თეატრში ნახა პირველად გოეთემ წარმოდგენა სახელად “ფაუსტი”, რის შემდეგაც შექმნა ეს შედევრი. მოკლედ, ასეთ თეატრებს ნამდვილად აქვს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი, გენიოსებისთვის კი შეუცვლელი სარგებელიც მოაქვთ.
ხშირად მადანაშაულებენ, რომ ბლოგ-პოსტებში გამოვარჩევ ხოლმე რომელიმე მსახიობს და თითქოს, ერთგვარად ჩრდილს ვაყენებ სხვა მონაწილეების შესრულებას. არა, ამ სპექტაკლში ნამდვილად ჩინებული არტისტები არიან. თითოეული როლი ფაქიზად სახასიათოა და ყველა შემსრულებელს ისე აქვს მორგებული ეს როლები, რომ იფიქრებ, თითქოს კოსტიუმები არც კი გამოუცვლიათო, მაგრამ გიორგი ტრაპაიძე ერთმნიშველოვნად გამორჩეულია, ჩინებული ოსტატი რომლის შესრულების მანრეაც ბევრს მისცემდა შურის საბაბს.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
იერემია პიჩემი – შალვა დევნოზაშვილი
ცელია პიჩემი – ნოდარ სიმსივე
პოლი პიჩემი – გიორგი ცისკარიშვილი
მექი დანა – გიორგი ტრაპაიძე
კახპა ჯენი – ზაზა თაგოშვილი
ბრაუნ აფთარი – კახა ნოზაძე
პატარა მათხოვარი – ანა ყაულაშვილი
რეჟისორი: დავით ანდღულაძე
ინსცენირების ავტორი – დავით ანდღულაძე და თამარ ჟაფარიძე
კურტ ვაილის მუსიკალური თემის ვერსიის ავტორი – გოგი ჭალაიძე
როიალის პარტიას ასრულებენ – გოგი ჭალაიძე და ნატო ესაკია
კოსტუმების მხატვარი – ეკა მაღალაშვილი
რკინის თეატრი