სიახლეები

თბილისის რიგით მე-16 კინოფესტივალი ფილმ “მოირა”-ს ჩვენებით გაიხსნა

ნატრობდით და აგისრულდათ ცელქებს გული საწადელი-ო, გვეუბნებოდა საბავშვო ლექსი პირველ კლასში და თოვლის მოსვლას გვახარებდა. კინომოყვარულებისთვის ასეა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც მე-16 სეზონს რატომრაც აბონიმენტების გარეშე და გაძვირებული ტარიფებით შეხვდა. თუმცა, ეგ არაფერი. მთავარია, კინო იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და დღეში 20 ლარს ვინ ჩივისო – ალბათ, ასე იფიქრეს ორგანიზატორებმა. ნუ, რაც არის, ეგ არის – მე მაინც წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალს, იმიტომ, რომ ჩვენია და ქვეყნის პრესტიჟია.

TIFF 2015 ლევან თუთბერიძის ახალი ფილმით გაიხსნა. „მოირა“ უკვე უჩვენეს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე და თბილისშიც, მის სანახავად კინოთეატრ, ამირანის დიდი დარბაზი მალევე გაივსო. „ეს არის ფილმი ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, შეკრას თავისი ოჯახი. იმიტომ, რომ ოჯახი არის გაჭირვებული. დედა საბერძნეთში მუშაობს, მამას ინსულტი აქვს, ძმა არეულ ცხოვრებას ეწევა… ამიტომ ის რაღაცნაირად ცდილობს, ყველაფერი დაალაგოს და თავიდან შექმნას,“ – ასე ახასიათებს ფილმს რეჟისორი.

სოციალური დრამა, რომელიც ფილმში იშლება, საკმაოდ რეალისტური და ვიზუალურად ხატოვანია. როცა ფოთში მოვხვდი, მას შემდეგ ამეკვიატა იდეა, რომ აქაურობას კარგი ფოტოგრაფი ან კინორეჟისორი მოუხდებოდა. ინდუსტრიული ნაქალაქარი, რომელსაც ზღვა წლიდან წლამდე შლის, ფილმში ლამაზ კადრებად დალაგდა. ვიზუალური მხარე მართლაც მომეწონა.

film1

ასევე პრეტენზია არ გამაჩნია არც მსახიობების მიმართ. ძალიან ორგანულად და დამაჯერებლად ასახიერებდნენ თავიანთ პერსონაჟებს. მიხარია, რომ თეატრის პათოსი ბოლოდროინდელ ქართულ ფილმებში აღარ იგრძნობა. ვერც სიყალბეები და ლაფსუსები შევნიშნე, რომლებიც, მაგალითად, „გრძელ ნათელ დღეებში“ რამდენჯერმე შემეჩეხა. ეს არის კარგად დავარცხნილი ფილმი, რომელიც ჩვენს სოციალურ რეალობაზე გვესაუბრება. მაგრამ დაგვაფიქრებს კი?

პირადად მე „მოირამ“ მხოლოდ პოსტის დაწერაზე დამაფიქრა. ის, რომ ფილმში არ არის ყალბი და ყურით მოთრეული დიალოგები, სულაც არ ნიშნავს, რომ რამე ღირებული ითქვა. მაგალითად, ფრთიანი ფრაზა, რომელიც ამ ფილმს მოგაგონებს. სულ რამდენიმე ბერძნული სიტყვა მახსენდება, მთავარი მოქმედი გმირის დედა რომ ახსენებს ტელეფონზე საუბრისას. „მოირაზე“ საუბრისას მეგობარს ვერ ვეტყვი, „აუ, ის ადგილი გახსოვს, რა მაგარია?“ ან „კარგად ეუბნება იქ იმას…“ ფილმებიდან, ყველაზე დიდხანს, ხომ კადრები და ფრაზები გვამახსოვრდება? „ცისფერი მთების“ მაგალითი რად ღირს მხოლოდ.

ფინალიც ძალიან დასპოილერებული მეჩვენა და ასე სააშკარაოზე გამოტანამ, ვფიქრობ, ცოტათი გააუფასურა ფილმი. თუმცა, მადლობა ღმერთს, მეორე უკიდურესობა არ არის, როცა სიუჟეტს იდიოტიზმამდე გაუგებრად დაასრულებენ და მერე რეჟისორი „მაყურებელმა გადაწყვიტოს“-ს რომ იშველიებს. მთავარი გმირის წმინდანად გამოყვანაც მეზედმეტა ფილმში, კვლავ ფინალს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ძალიან დაღეჭა და გაამარტივა სათქმელი.

სათქმელზე გამახსენდა: „მოირა“ ეხება კორუფციასა და კრიმინალს იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც მკაცრ ბრძოლას უცხადებს მას. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს. მაგრამ ეს ხომ რეგიონია, სადაც უფრო ნაკლებად მოეკითხებათ და უფრო მეტად შერჩებათ? აქედან გამომდინარე, ის მძიმე სურათი, რაზეც ფილმი მოგვითხრობს, ძალიან ბუნებრივი, დამაჯერებელი და მორალურად სასირცხვილოა.

ფილმის ყურებისას საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ ასეთი ვითარებაა რეგიონში, რომ სიუჟეტის მთავარ ხაზად იქცა? მერე უცბად გონებაში ბევრი შოკისმომგრელი ნიუსი ამომიტივტივდა და კითხვებიც გამიქრა. წარმატებები „მოირა,“ იმიტომ, რომ ჩვენია.

ავტორი: ზურა ბალანჩივაძე

Back to top button