სიახლეები

თორი (Thor 3D)

მე მიყვარს “მარველის” კომიქსები, სკანდინავიური მითოლოგია, სპეცეფექტებით სავსე ფილმების ნახვა 3D-ში,  ენტონი ჰოპკინსი დავაღმერთებ ნატალი პორტმანს.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე “თორის” ნახვა (Thor) , თანაც პირველად მქონდა საშუალება დავსწრებოდი ფილმს, როგორც teatri.ge-ს მიწვეული ბლოგერი, რისთვისაც დიდი მადლობა საიტის ადმინისტრაციას და რა თქმა უნდა კინოთეატრ “ამირანს.”

ეს რაც შეეხებოდა შესავალს, ახლა უშუალოდ ფილმზე გადავიდეთ.

სამყაროში ადამიანები სულაც არა ვართ მარტონი, დედამიწის გარდა, კიდევ ექვსი დასახლებული პლანეტა არსებობს, რომლებზეც სხვადასხვა რასები ბატონობენ.

შვიდი პლანეტას მართავს “აზერგარდი,” სადაც ოდინია გამეფებული. ამავე პლანეტაზე ინახება რაღაც მაგიური სუბსტანცია (კარგად ვერ გავიგე რა) რომლის ხელში ჩაგდებასაც ცდილობენ გოლიათები. გოლიათების სტიქია ყინულია, ოდინის მეომრებისა ცეცხლი. ბრძოლის ველი, როგორც ყოველთვის დედამიწაა.

სულ ეს არის, არაფერი განსაკუთრებული სცენარის მხრივ. როგორც  3D ფილმების უმრავლესობაში, აქაც აქცენტი სპეცეფექტებზეა გაკეთებული. მთლიანად ფილმი ერთი დიდი სპეცეფექტია, მელოდრამისა და ექშენის კარგი ნაზავია, ნატალი პორტმანი როგორც ყოველთვის აქაც შეუდარებლად თამაშობს შეყვარებული ქალის როლს. ენტონი ჰოპკინსი კი ოდინის როლში გვევლინება, როგორც მოსალოდნელი იყო.

სიუჟეტი ძალიან დააინტერესებს იმათ, ვისაც მითოლოგია იტაცებს (განსაკუთრებით სკანდინავიური), ხოლო მათ ვისაც კარგი 3D-ეფექტების ნახვა უნდათ, ნამდვილად არ დარჩებიან უკმაყოფილო. თამამად განვაცხადებ, რომ ამ კომპონენტში, აშკარად ჩაგრავს “ხერხს” (სამწუხაროდ სხვა 3D ფილმი არ  მაქვს ნანახი რომ შევადარო)

მთავარი გმირი, თორი, ოდინის ვაჟია, რომელიც თავისი შეცდომების გამოსასყიდად დედამიწაზე განამწესებენ, სადაც ხვდება ნატალი პორტმანის გმირს, უყვარდება ის და ადამიანების დამცველი, კეთილი გმირი ხდება. ამასობაში მისი ძმა შეთქმულებას აწყობს ტახტის ხელში ჩასაგდებად…

ფილმი ნამდვილად არაა შედევრი, მაგრამ არც უინტერესო და მოსაწყენია. თუ ჩემს შეხედულებებს ფილმზე 10 ქულიან შკალაზე გადავიტან, შედეგი ასეთი იქნება:

სპეცეფექტები – 9, სცენარი –6, რეჟისურა –5, საუნდტრეკები –7.

ნუ დაელოდებით ამ ფილმისგან რაღაც განსაკუთრებულს, უბრალოდ მოემზადეთ ბევრი მოულოდნელობისათვის, კარგი სპეცეფექტებისათვის და უამრავი, კარგად დადგმული ბრძოლის სცენისათვის. 3D ფილმების მთავარი დანიშნულება, ხომ სწორედ ესაა.

P.S.გადახედეთ თრეილერს და თქვენ თვითონ შეაფასეთ. თუმცა გირჩევთ, რომ ეს ყველაფერი კინოთეატრში ნახოთ, კომფორტულად მოიკალათოთ სავარძლებში, სათვალეები მოირგოთ და ორი საათი საოცარ სამყაროში გაატაროთ, სამყაროში, სადაც ნამდვილად არ გექნებათ მოწყენისა და მთქნარებისათვის დრო, პირიქით რამდენიმე მომენტში შეიძლება სავარძლიდანაც კი გადმოვარდეთ. თანაც ბილეთი სულ რაღაც 11 ლარი ღირს.

შეფასებებს კომენტარებში, მხოლოდ ფილმის ნახვის შემდეგ მივიღებ. 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button