სიახლეები

თოჯინების თეატრის 84-ე სეზონი სპექტაკლით “საქართველო” გაიხსნა

3 ოქტომბერს 19:00 საათზე ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს “სილქ ფაქტორი სტუდიოსა” და თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის. ასევე, “სილქ ფაქტორი სტუდიოს” საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრის უნიკალური თოჯინების, აფიშებისა და ესკიზების გამოფენა. 2017-2018 წლების 84-ე თეატრალური სეზონი სპქეტაკლით “საქართველო” გაიხსნა.
ცერემონიალს და სპექტაკლს ესწრებოდნენ: კულტურის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სილქ ფაქტორი სტუდიოს დირექტორი და კომპანიის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორისა და თეატრალური საზოგადოების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ამჟამად მიმდინარეობს თოჯინების თეატრის შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც 2018 წელს დასრულდება. მემორანდუმის თანახმად, თოჯინების თეატრს სცენას დროებით აბრეშუმის თეატრი დაუთმობს. მაყურებელი თოჯინურ წარმოდგენებზე დასწრებას ახალ მისამართზე – მერაბ კოსტავას 59 ნომერში შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ თოჯინების თეატრს ჰყავს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი. იგი რამოდენიმეჯერ გახდა უმაღლესი თეატრალური ჯილდოს – დურუჯის მფლობელი. მისი თოჯინური სპექტაკლები დადგმის თანამედროვე, ალტერნატიული სტილით გამოირჩევა.

3 ოქტომბრს აბრეშუმის თეატრის სცენა, ჩვენი ქვეყნის მრავლისმომცველ ისტორიას დაიტევს. სპექტაკლში, ყვავის და ვირის საქართველოში მოგზაურობის ამბავია მოთხრობილი. გარდა თოჯინურისა, სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა თეატრალური ხერხი.
თოჯინების თეატრი 1934 წელს საქართველოს სახალხო არტისტის – გიორგი მიქელაძის მიერ დაარსდა. ეს თეატრი თითქმის საუკუნეა, ბავშვების ესთეტიკურ აღზრდაზე ზრუნავს.

Back to top button