სიახლეები

თოჯინების თეატრის გასტროლი ინდოეთში კერალას საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრი ინდოეთში კერალას რიგით მეათე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით “იავნანა” 25 იანვარს გაემგზავრა. ფესტივალის ფარგლებში თოჯინების თეატრმა ოთხ სპექტაკლი გამართა. ინდოეთის მთავრობის თანაორგანიზებით შექმნილი ფესტივალი 2008 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება და თეატრალურ სფეროში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებზე აგებულმა სპექტაკლმა “იავნანამ რა ჰქმნა”, რომლის რეჟისორია თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი, თავიდანვე, სააპლიკაციო პერიოდში, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის, დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული ინტერესი კი, ინდოეთის მხრიდან სპექტაკლის სიუჟეტში წარმოჩენილმა პრობლემატიკის სიმწვავემ გამოიწვია. ვინაიდან ინდოეთში ყოველდღიურად 180-მდე ბავშვი იკარგება, რომელთა უმრავლესობის პოვნაც ვერ ხერხდება. ბავშვების გატაცების და ტრეფიკინგის სტატისტიკა არა მარტო ინდოეთს, არამედ მთელი მსოფლიოს მწვავე პრობლემაა.
სპეციალურად ფესტივალისთვის სპექტაკლი მალაიამურ და ინგლისურ ენებზე ითარგმნა. სპექტაკლმა “იავნანამ რა ჰქმნა” წარსულში უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რომელიც უნიმას საერთაშორისო ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს თოჯინების სახელმწიფო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე კი, თეატრი სპექტაკლებს კოსტავას #59-ში, სილქ ფაქტორი სტუდიოს თეტრალურ სივრცეში მართავს, რომლის სცენაც სტუდიოს დირექტორმა, გოგო ხაინდრავამ თეატრს უანგაროდ დაუთმო.

Back to top button