სიახლეები

თოჯინების თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლი

ოთხშაბათს, 17 თებერვალს თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება მარი ბურდულისთვის გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. მარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის 32 წლის არის და 3 მცირეწლოვანი ტყუპის დედაა. მარი ბურდულს დაუდგინდა ქოროიდალური მალიგნანტური მელანომა, რაც სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს ძვირადღირებული მედიკამენტებით.

თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლი უფროსი თაობის მაყურებლისთვის! „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ – ეს გახლავთ სოციალურ თემაზე შექმნილი, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული წარმოდგენა, ვერბატიმი, სადაც მსახიობების გვერდით ამატყველებული თოჯინებიც ამ ისტორიათა მთხრობელებად გვევლინებიან. ემიგრანტთა მძიმე ყოფა საზღვარგარეთ, ბულინგის პრობლემა ბავშვებსა და მოზარდებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების “სანახევრო არსებობა” საზოგადოებაში და ფემიციდი – ძალადობა, რომელიც მუდამ ჩვენთანაა და რომელზეც ძალიან ხშირად თვალს ვხუჭავთ – სწორედ ამ სოციალურ საკითხებსა და პრობლემებს მოიცავს ჩვენი პროექტი, რომლის მიზნობრივი აუდიტორიაც 16+ ასაკის მაყურებლით განისაზღვრა.

სპექტაკლის შესახებ
ბილეთის ფასი – 5 ლარი
დასაწყისი – 20:00

ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე 555 32 20 12
მისამართი: კუს ტბის ქ. #2, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა“

Back to top button