სიახლეები

უცხოპლანეტელები ჰოლივუდს იპყრობენ

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის კინოთეატრებში ორი ფანტასტიკური ჟანრის მულტფილმი და ფილმი ვნახე რომელთაც ერთი საერთო ჰქონდათ , ორივე მათგანი უცხოპლანეტელების შესახებ მოგვითხრობდა და თუ ერთი ფილმი ბავშვებისთვის იყო გათვლილი მეორე მათგანის ნახვა საკმაოდ მყარ ფსიქიკას მოითხოვს .

ჰოლივუდში როგორც სჩანს ეს თემა საკმაოდ კარგად იყიდება რასაც ვერ ვიტყვით ქართველ მაყურებლებზე . სეანსები საღამოს საათებშიც კი ნახევრად ცარიელ დარბაზებში მიმდინარეობს . მიუხედავად იმისა რომ ამ ფილმების ნახვა ნამდვილად ღირს, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა რეინკარნირებული ფილმების გარიგება 2 ისა და სამსახურეობრივი რომანი 2 ის ნახვას ნამდვილად სჯობს . ჩემი მიკერძოებული პოზიციიდან ასე ვთვლი . გემოვნების ამბავია ვის ნოსალგია აწუხებს, ვის ფანტასტიკური ჟანრის ფილმები იზიდავს.

“მარსზე დედიკოები სჭირდებათ” რობერტ ზენეკისის 3D ფორმატში გადაღებული მულტიპლიკაციური ფილმია . რომელიც ერთი შეხედვით თითქოს საკმაოდ პრიმიტიულადაც შეიძლება მოგეჩვენოთ თუმცა მულტფილმში ბევრი საკმაოდ პრობლემატური საკითხია ნაჩვენები . რასაც ბავშვები გარკვეულ ასაკში ნამდვილად ვერ გაიგებენ, თუმცა კარგი იქნება თუ მშობლები იფიქრებენ ამ თემებზე. კერძოდ გაუცხოებას მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს შორის , სათანადო დროის უქონლობას შვილებისათვის , ბავშვების მიერ მშობლების სიყვარულის სწორად ვერ დანახვის , რომელიც ცხადი მხოლოდ მას შემდეგ ხდება რაც მარსიდან მოსული უცხოპლანეტელები მას როგორც იდეალურ ძიძას ისე შეარჩევენ , მარსიანელი ბავშვების გასაზრდელ რობოტების დასაპროგრამირებლად. საკმაოდ საინტერესოა მარსიანელთა მდგომარეობა, სადაც კოლექტიური დიქტატურა სუფევს , ისინი ემორჩილებიან ტირანს რომელიც დაბადებისთანავე აცილებს ბავშვებსა და მშობლებს , მამაკაცებს სანაგვეზე ველურ პირობებში გასაზრდელად ყრიან, ხოლო მდედრ მარსიანელებს ადამიანთა ინსტიქტებით დაპროგრამებული რობოტები ზრდიან. მულტფილმს საინტერესო განვითარება აქვს , დიდი სიამოვნება მივიღე მისი ნახვისას თუ არ ჩავთვლით ფილმის ქართული თარგმანებისთვის ჩვეულებად ქცეულ ტექნიკურ პრობლემებს , კერძოდ გამოსახულებასა და ხმას შორის დაცილებებს.

რაც შეეხება მეორე ფილმს “უცხოპლანეტელების შემოსევა ბრძოლა ლოს ანჯელესისთვის”, თუ თქვენ უკვე გაუძელით ფილმ “2012” , ნანახი გაქვთ იაპონიის მიწისძვრის შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში გასული სიუჟტები , ამჯერად კი სპეცეფექტების თანხლებით დიდ ეკრანზე და უცხოპლანეტელებთან ბრძოლის საკმაოდ შთამბეჭდავი კადრების ფონზე გსურთ იხილოთ ეს ყოველივე , ეს ფილმი ნამდვილად თქვენთვის არის განკუთვნილი. ფილმი რომლის დაწყებიდან 15 წუთში იწყება ყველა უბედურება რაც კი სამყაროს შეიძლება დაატყდეს თავს და ფილმის დასრულებამდე გაუთავებლად გრძელდება. ემოციებისა და ადრენალინის მართვა საკმაოდ რთულია ამ ფილმის ნახვისას , წინა ფილმისგან განსხვავებით აქ არა დედიკოებს არამედ საკუთარ ქალაქს გვართმევენ უცხოპლანეტელები და დედამიწის კოლონიად ქცევა აქვთ მიზნად დასახული . ამერიკელი ჯარისკაცბი კი “ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა” აფორიზმით შთაგონებულნი ცდილობენ ამ ზე ცივილიზაციას სუსტი წერტილი მოუძებნონ . ფილმის დასრულებისას ემოციებისგან სრულიად დაცლილი გამოვედი დარბაზიდან .

ერთადერთი რაც ორივე ფილმში საკმაოდ ცუდად მენიშნა არის ის თუ რა ფორმით გამოსახავენ თანამედროვე ჰოლივუდის რეჟისორები უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს , ისინი ბევრად უფრო ბოროტები , კოლონიზატორები , აგრესიულები და მოძალადენი გახდნენ, უცნაურია მაგრამ ფაქტია რასაც ჩვენთან ღვთის სასჯელთან აიგივებენ თითქმის ანალოგიური პათოსით ჰოლივუდში უცხოპლანეტელებს მიაწერენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button