სიახლეები

ურიელ აკოსტა

ყველა თეატრს გააჩნია  თავისი სპექტაკლი – სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც უკვდავია და უცვლელი სახით უნდა დარჩეს.

“ურიელ აკოსტა” ჩვენი თაობის იმ სპექტაკლებს განეკუთვნება, რომლებიც ლეგენდის ხარისხშია აყვანილი. მარაჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იგი დასაბამიდანვე, უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. თავდაპირველად მას უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდნენ. მეორე დიდი ტანდემი 1972 წელს შედგა, როცა მთავარი როლები კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა მოირგეს.

“ურიელ აკოსტა” – უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე

დღეს “ურიელ აკოსტას” უკვე მეოთხე თაობა ასრულებს. 2006 წელს, სოფიკო ჭიაურელის მიერ აღდგენილ სპექტაკლში , ნიკა თავაძემ და ნატა მურვანიძემ ითამაშეს. პირველად ხდება, რომ მთავარი გმირები რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის მეუღლეები არიან. პირველსა და მეორე შემთხვევაში, ორივე წყვილმა სწორედ “ურიელ აკოსტას” შემდეგ ოჯახები დაანგრია.

Add an Image

“ურიელ აკოსტა” წარსული დროის, წარსულ მსახიობთა და წარსული ყაიდის სპექტაკლია. ძველქართული ენა, ძველი, ჰეროიკული სასცენო პლასტიკა, მუსიკა–უვერტიურა. ყოველივე ეს სპექტაკლს საოპერო ჟანრთან აახლოებს. “ურიელ აკოსტას”  თითოეული სცენა უცვლელი სახითაა შემონახული. შეიცვალა დრო, შეიცვალნენ მსახიობები.

დღეს ახალი თაობა ცდილობს, გადმოცეს კარლ გუცკოვის მიერ შექმნილი და კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ნაწარმოების სული.  ებრაელთა მიერ შეჩვენებული ფილოსოფოსის, ურიელ აკოსტას როლს ნიკა თავაძე ასრულებს. იგი, ერთი მხრივ, ებრძვის ზედმეტად ტრადიციულ ღვთისმსახურებას, მეორე მხრივ, თავდავიწყებით უყვარს ივდითი – ებრაელი მღვდელთმთავრის, დე სილვას ძმისწული. ივდითი, რომელსაც ნატა მურვანიძე თამაშობს, ულამაზესი იუდეველი ქალია და მდიდარ ბენ–იოხაიზე ძალით ათხოვებენ.

სპექტაკლის პირველი მოქმედება და პირველი რეპლიკები ჩემთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მეცინებოდა. ამაში, ალბათ, მე ნაკლები დანაშაული მიმიძღვის, ვინაიდან ყოველდღიურობაა ასეთი. დღეს ვერც ერთ სპექტაკლში ვერ შეხვდებით თავქარიან მონოლოგებს, ძველქართულ ენასა და სტატიკურ ჰეროიკულ სცენებს (რაც ძალიან კარგია სურათის გადასაღებად). თუმცა შემდეგ უკვე გავითავისე სპექტაკლი და მსახიობებზე გადავერთე.

ამ ფოტოში ნატა მურვანიძე დოდო ჭიჭინაძეს მივამსგავსე
ნიკა თავაძე – სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში

ნატა მურვანიძე შესანიშნავად ასრულებს ივდის. ძნელია, უცვლელად ითამაშო ის როლი, რომელსაც 80 წელი გაშორებს. ძნელია, XXI საუკუნეში XX საუკუნის ტექნიკით განასახიერო ივდითი და, ამასთან ერთად, არ იყო ყალბი. იგივე ითქმის ნიკა თავაძეზეც. თავდაპირველად ცოტა მშრალი მომეჩვენა მისი შესრულება, მაგრამ მეორე მოქმედებიდან ჩემ თვალწინ ნამდვილი ურიელ აკოსტა იდგა.

გამაოცა ლეო ანთაძის სამსახობო ოსტატობამ, რომელიც უხუცეს ბენ-აკიბას ასახიერებს. მის ასაკში ასე დახვეწილად, მრავალფეროვნად და ასე დამაჯერებლად თამაში მართლაც იშვიათია. ბენ-აკიბა იყო ერთადერთი ეპიზოდური ფიგურა,ა რომელიც მხოლოდ დადებით და გულწრფელ ემოციებს აღძრავდა. მომეწონნენ დიმიტრი ტატიშვილი, დავით დვალიშვილიცა და გიორგი ჩუგუნაშვილიც.  სამივე მათგანი ქმნიდა დამაჯერებლობის ეფექტს და ცდილობდა, სრულად გადმოეცა ძველი ეპოქის სული.

ჩემი აზრით, ასეთი სპექტაკლების მთავარი პრობლემა დღესდღეობით დამაჯერებლობაა. დღეს რომ მაყურებელს ვერთერის ან რომეოს მონოლოგი ისე პათეტიკურად წაუკითხო, როგორც ერთი საუკუნის წინ, ძნელად დაგიჯერებს, თუკი ამ საქმის დიდი ოსტატი არ ხარ. სწორედ ამ საქმის დიდი ცოდნა გეხმარება, რომ ჯერ შენ დაიჯერო და მერე სხვა დააჯერო შენს სიტყვებსა და ქცევებში.

სამწუხაროდ, ამას ვერ ან არ ახერხებდნენ სცენაზე მდგარი ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც მასობრივ სცენებში მონაწილეობდნენ. მეჩვენებოდა, რომ ისინი “ღადაობდნენ” სპექტაკლზე, რაც, დამეთანხმებით, გაუმართლებელია. ამასთან ერთად, კულისებიდან ისმოდა დეკორაციის ხმაური, რაც ერთგვარს აკუსტიკურ “სიბინძურეს” ქმნიდა. თვითონ სპექტაკლის დეკორაციას რაც შეეხება, ხელის შევლება არ აწყენდა. ოცხელის ნახატების მიხედვით აწყობილ სცენას დღეს უდიერად მოპყრობის კვალი ატყვია, რაც ძალიან არ მომწონს.

თუ ასე გარისკეს და ერთ–ერთი უძლიერესი სპექტაკლი უცვლელად აღადგინეს, ბარემ ბოლომდე მოუარონ ამ სამუზეუმო ექსპონატს.

მიუხედავად ყველაფრისა, “ურიელ აკოსტამ” ძალიან დადებითად განმაწყო. ჩემ თვალწინ გათამაშდა ყველაფერი ისე, როგორც ეს ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. მე ვიგრძენი ძველი თეატრალური ტრადიციების სული. სწორედ ამიტომ ღირს “ურიელ აკოსტას” ნახვა, რომ იმოგზაუროთ ქართული თეატრის ისტორიაში.

როდესაც სპექტაკლი დასრულდა, მსახიობებმა  “ურიელ აკოსტას” ძველ შემსრულებელთა პორტრეტებს თავი დაუკრეს.

ავტორი Zurriuss.Ge

Targmne.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button