ქართულმა თეატრმცოდნეობამ, საერთოდ, ჩვენმა თეატრალურმა ხელოვნებამ, დიდი და მტკივნეული დანაკლისი განიცადა – გარდაიცვალა ვასილ (ვასო) კიკნაძე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი, ორატორული ხელოვნების ოსტატი, პოლემისტი, ჭეშმარიტი პატრიოტი და ქვეყნის ღირსეული მოქალაქე. თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, დიდი აკაკი ხორავას ინიციატივით, იგი მიიწვიეს რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ და მთელი ათი წლის მანძილზე წარმატებით უძღვებოდა მასზე დაკისრებულ ფრიად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეს. ამ წლებში გამოვლინდა ახალგაზრდა თეატრმცოდნის პროფესიონალიზმი და მჩქეფარე ენერგია თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკის განსაზღვრაში. მანვე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თვალსაჩინო ქართველ მწერლებსა და თეატრს შორის შემოქმედებითი კავშირის დასამყარებლად და, შემდგომ, მის განსამტკიცებლად. ამ ათი წლის (1954-1964წ.წ.) მანძილზე რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა – საიუბილეო თარიღი თუ რეჟისორისა და მსახიობის ყველა წარმატება მან, მისთვის ჩვეული ობიექტურობით, გააცნო მკითხველთა ფართო წრეებს და მთელი სეზონების მემატიანედ იქცა. ამავე წლებში დაინტერესდა იგი დიდი სანდრო ახმეტელის ნოვატორული შემოქმედებით და მისი ცხოვრების ტრაგიკული ფინალით, რასაც მრავალი გამოკვლევა თუ მონოგრაფია მიუძღვნა. მან, პირველმა, შეკრიბა ს.ახმეტელის თეორიული წერილები, მოხსენებები, სტატიები, პირადი შთაბეჭდილებები და ამით საფუძველი ჩაუყარა “ახმეტოლოგიას”. შემთხვევით არ არის, რომ მას, როგორც თეატრმცოდნეს, გამონაკლისის სახით, მიენიჭა, რეჟისორთათვის განკუთვნილი “ახმეტელის პრემია”(ორი ვრცელი მონოგრაფია და ბელეტრიზებული ბიოგრაფია “ცხოვრება სანდრო ახმეტელისა”).
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა (სამ ათეულ წელზე მეტი ხანგრძლივობით) ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც შეუცვლელი პრორექტორისა და ბრწყინვალე პედაგოგისა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი მოწოდებით პედაგოგი იყო, ყოველი მისი ლექცია (რომელსაც ისმენდნენ არა მხოლოდ თეატრმცოდნეები, არამედ რეჟისორები, მსახიობები, კულტ-საგანმანათლებლო ფაკულტეტის სტუდენტები) გამოირჩეოდა ორიგინალურობით, წარმტაცი თხრობით, ბრწყინვალე იმპროვიზაციებით და ფრიად საგულისხმო ასოციაციებით. არსად ისზე კარგად არ გრძნობდა თავს, როგორც ლექციაზე, ეს იყო მისი სიცოცხლე, მისი მოწოდება და სათავე მისი შინაგანი კმაყოფილებისა. სტუდენტები გრძნობდნენ ამას და შესაბამის სულერ კონტაქტს ამყარებდნენ მასთან. ამითაც უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ კურსდამთავრებულთა თაობები სიყვარულით და მოწიწებით პასუხობდნენ გამოჩენილი ლექტორის ძალისხმევას.
მისი მრავალმხრივი ნიჭიერების ერთი ასპექტი ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის ხელოვნებაც იყო. მრავალი წლის მანძილზე საქართველოს კულტურის სამინისტროს დრამატული თეატრების განყოფილების უფროსი იყო. მისმა ენერგიამ და პროფესიულმა პასუხისმგებლობამ მთლიანად მოიცვა ჩვენი ქვეყნის თეატრები. არც მანამდე, და არც შემდეგ, ამ განყოფილებას ასეთი ენერგიული და აქტიური ხელმძღვანელი არ ჰყოლია. იგი ესწრებოდა ყველა პრემიერას, მონაწილეობდა ყველა განხილვაში, ე.წ. “ადგილობრივ თეატრებს” ქმედითად ეხმარებოდა სარეპერტუარო პოლიტიკის წარმართვაში. ოთარ თაქთაქიშვილის მინისტრობის დროს, მან შესძლო შეუძლებელი – მისი ინიციატივით (ცხადია, მინისტრის მხარდაჭერით) ახალციხეში ჩამოაყალიბდა ქართული თეატრი, რომლის მსახიობები (მთლიანად!) ვ.კიკნაძის სტუდენტები იყვნენ. მესხეთში ქართული თეატრის ფუნქციონირებას კი, ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, და, აქვს დღესაც.
პრორექტორობის დროს ვ.კიკნაძე უნარიანად წარმართავდა სასწავლო პროცესებს, თამამად იწვევდა ახალგაზრდა სპეციალისტებს, ხელს უწყობდა მათ პროფესიულ ზრდას. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორი კარდინალური საკითხების გადაწყვეტაში. თავისი ცოდნა, ენერგია, დიპლომატიური მოქნილება შეალია თეატრალურ ინსტიტუტში კინოს ფაკულტეტის ჩამოყალიბებას და შემდგომ, მისი პროფილის გაზრდას (ცხადია, მაშინდელი რექტორის – ეთერ გუგუშვილის მხარდაჭერით და აკაკი დვალიშვილისა და რეზო ჩხეიძის ძალისხმევით). კიდევ ერთხელ დასჭირდა თავისი უშრეტი ენერგიის გამოვლინება, როცა საქმე მიდგა თეატრალური ინსტიტუტისათვის საუნივერსიტეტო სტატუსის მინიჭებაზე. მან, თითქოს, “რკინის ქალამნები” ჩაიცვა, მრავალგზის სტუმრობდა, სათანადო ვიზის მისაღებად, სხვადასხვა სამინისტროს და სასურველ შედეგსაც მიაღწია.
ვ.კიკნაძის თეატრმცოდნეობითი მემკვიდრეობა ჭეშმარიტად თვალშეუმდგარია, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს არა მხოლოს სიმრავლით (30-ზე მეტი მონოგრაფია და ათასზე მეტი სტატია) არამედ პრობლემეტიკის სიახლით, პროფესიული ოსტატობით, წერის კულტურით და კვლევის ორიგინალობით. მან, პირველმა, სრულყოფილად შეისწავლა დავით კლდიაშვილის დრამატურგია და მისი პიესების დადგმის ასტორია. სწორედ ვ.კიკნაძის მიერ იქნა შემოღებული და დამკვიდრებული ცნება “დავით კლდიაშვილის თეატრისა”. ამ მონოგრაფიაში მან ცხადჰყო დიდი მწერლის პიესების როგორც დრამატიული – სცენური ღირებულებანი, ისე ესთეტიკურ – სტილისტური თავისებურებანი. პიესების ტრაგიკულ-კომიკური ბუნება, მათი ფსიქოლოგიური სიღრმე სწორედ მის მონოგრაფიაში გაანალიზდა სრულყოფილად. საერთოდ, ვ.კიკნაძისთვის დამახასიათებელი იყო მძაფრი გრძნობა პირველობისა, მან, პირველმა, შექმნა ორი შესანიშნავი მონოგრაფია ქართველ რეჟისორებზე (“ქართული რეჟისურის ისტორია” და “”ქართველი რეჟისორები”), რომლებიც ერთგვარი წინამძღვარნი აღმოჩნდნენ მისი მონუმენტური ორტომეულისათვის, “ნარკვევები ქართული დრამატიული თეატრების ისტორიიდან”. ამ ორტომეულში წარმოდგენილია ქართული თეატრის ისტორიის ყველა ეტაპი, მისი განახლებიდან მეოცე საუკუნის სამოციანელ წლებამდე, განხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, გაანალიზებულია საეტაპო სპექტაკლები და დრამატიული თხზულებანი. ეს არის ზღვა მასალა შემდგომი კვლევისთვის და განსჯისათვის, რომელსაც ქართული თეატრის ისტორიის მკვლევარები გვერდს ვერ აუვლიან.
იგი იყო კაცთმოყვარე, გრძნობიერი ადამიანი, ვერ ურიგდებოდა უსამართლობას. სტანჯავდა ზოგიერთთა უმადურობა, ახარებდა სხვისი წარმატება. სულის სიღრმემდე განიცდიდა ბედისა თუ დროის უკუღმართობით გამოწვეულ ტრაგიკულ მოვლენებს. სწორედ ესეც იყო მძლავრი იმპულსი სანდრო ახმეტელის ღრმად ტრაგიკული ბედის სიღრმეში შეხწევისათვის, იგივე იმპულსი ამოძრავებდა მას როცა შექმნა ნარკვევების მშვენიერი წიგნი რუსთაველის თეატრის იმ მსახიობებზე, რომელთაც “კგბ”-ს ჯურღმულებში ამოხდეს სული. ამ წიგნის წაკითხვა შეუძლებელია აღელვებისა და თანაგანცდის გარეშე. შემთხვევითი არაა, რომ იგი ორგზის გამოიცა, ხოლო მოზარდმაყურებელთა ქრთულმა თეატრმა საინტერესოდ გაასცენიურა იგი.
ვ.კიკნაძის ბელეტრისტული ნიჭი სრულიად გმოვლინდა მოგონებათა წიგნში “გამოთხოვება წარსულთან”. აქ ნათლად ჩანს მისი პიროვნული სიდიადე – მიმტევებლობის ნიჭი, ირონია და, რაც მთვარია, თვითირონია, მოყვასის სიყვარული, ადამიანებში მხოლოდ კეთილი საწყისის აღმოჩენის უნარი. ეს მოგონებები დაწერილია სხარტად, საინტერესოდ, ყველა ეპიზოდს ახლავს დრამატიული ინტრიგა, ისტორიები მიმზიდველია და საგულისხმო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბუნებით მინიჭებული მისი ნიჭი ორატორობისა. იგი იყო ოსტატი მსმენელის ყურადღების დაპყრობისა, ზოგჯერ, მონუსხვისაც კი. “ქართული თეატრის დღისადმი” (14 იანვარი) მიძღვნილი სადღესასწაულო შეკრებები წარმოუდგენელი იყო მისი “სეფე” სიტყვის გარეშე, ხშირად გამოდიოდა თეატრალურ მოვაწეთა იუბილეებზე თუ სამგლოვიარო მატიანეებზე, ეხმაურებოდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. საზოგადოებრივი მოღვაწეობა კი ადრე დაიწყო, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, იგი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი გახდა (კვლავ ა.ხორავას ინიციატივით). არც მანამდე და არც შემდეგ პრეზიდიუმს ასე ახალგაზრდა წევრი არ ჰყოლია.
ვ.კიკნაძე იყო ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი (შემდგომ, ემერეტუს-პროფესორი), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დოქტორი ამ სფეროში) მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, “წლის საუკეთესო რეცენზიის” (მრავალგზის) ავტორი.
იღვაწა, იშრომა, იბრძოდა და, ბოლოს, ნელ-ნელა ჩაქრა, მისი ხსოვნა კი დიდხანს დარჩება იმათ გულებში, რომელთაც ცხოვრების აზრად თეატრალური ხელოვნებისთვის თავდადება, უმთავრეს აზრად უქცევია.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს თეატრალური საზოგადოება.