სიახლეები

ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!

ახალი და ორიგინალური სპექტაკლი, რომელსაც ედინბურგის ფესტივალზე “Beyond Borders” (“საზღვრებს მიღმა”) დიდი აღიარება ხვდა წილად. ხოლო, როცა გავიგე, თუ რას ნიშნავდა “ვერბატიმი”, კიდვ უფრო დავაფასე მსახიობები.

ბოლო დროს ტრადიციად მექცა თეატრისაკენ დაუგეგმავად გადაახვევა. გუშინაც ასე მოხდა. 8-ს უკლდა წუთები, როცა “თბილისი მერიოტისკენ” ავუხვიე და, გარკვეული პროცედურების შემდეგ, დარბაზში ქოშინშეკავებული შევედი.

პირველივე შთაბეჭდილებით, სპექტაკლს დაძაბული ატმოსფერო არ ახდა და ძალიან გახსნილად, თავისუფლად მოედინებოდა. ხუთი მსახიობი: მარინა ჯანაშია, თემიკო ჭიჭინაძე, ქეთი სვანიძე, ედმონდ მინაშვილი, ლაშა ოყრეშიძე, განუწყვეტლივ სხვადასხვა როლს ირგებდნენ. საბოლოო ჯამში შეიკრა ერთი “დოკუმენტური ფილმი”, რომლის მთავარი მოქმედი პირები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დევნილები არიან.

სპექტაკლის ავტორი და რეჟისორი ალეკი ბლაითია. იგი საქართველოშიპირვლად 2009 წელს ჩამოვიდა და გორისა და წროვანის მოსახლეობას შეხვდა. შეკრებილი და ინტერვიუებად ჩაწერილი საინტერესო ისტორიები და თავგასავლები რეჟისორმა სპექტაკლის საფუძვლად აირჩია. ვერბატიმისფორმატის თანახმად, მთავარი გმირების ცხოვრებას, მათს ამჟამინდელ ყოფას და იმედებს მსახიობები სცენარის გარეშე ყვებიან. მათ ყურსასმენებში ესმით თავიანთ პერსონაჟთა ორიგინალი ინტერვიუები და მასვე განასახიერებენ სცენაზე.

სპექტაკლს ძალიან ეტყობოდა არაქართველის ხელი, რადგან სიუჟეტები, სიმწვავის მიუხედავად, არ მძიმდებოდა, არ მძაფრდებოდა. აქ ბლომად იყო ქართული პათოსი, მაგრამ ამას მხოლოდ ამჩნევდი და არ განიცდიდი, ანუ რჩებოდი “მიუკერძოებელი”.

ძალიან მომეწონა კიდევერთი ორიგინალური გადაწყვეტილებაც: სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაშვებული ფოტოსურათები ზუსტად შესაბამებოდა სპექტაკლის რეკვიზიტებს და რეალურ ატმოსფეროს აცოცხლებდა.

საბოლოო ჯამში, იკვრება ერთი ძალიან ორიგინალური, თავისბურად სახალისო და ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომელმაც პირადად მე დოკუმენტური ფილმი მომაგონა. შინაარსს აქ არ მოვყვები. უბრალოდ, იცოდეთ, რომ რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე არა დაშტამპული, არამედ თანამედროვე, ორიგინალური და ძალიან კარგი სპექტაკლი ვიხილე.

პოსტის ავტორი Zurriuss.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

Back to top button