ანა ქურთუბაძე
ანა ქურთუბაძეს კლასიკურ თეატრში დიდი გამოცდილება აქვს და მას მაყურებელი ეკრანიდანაც კარგად იცნობს. ამაჟამად ანა ,,თეატრის” დასის შეუცვლელი წევრია და სხვა და სხვა წარმოდგენებში იღებს მონაწილეობას.
რამ გიბიძგათ გამხდარიყავით მსახიობი და როგორ დაიწყეთ თქვენი კარიერა თეატრსა და ტელევიზიაში?
როდესაც პატარა ვიყავი დედას ძალიან ხშირად დავყავდი თეატრში. პარტერტში ჯდომისას სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა კულისებში, რა თქმა უნდა, იმის შესაძებლობა არ მქონდა, რომ შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა ყველაფერი. სულ ვნატრობდი, რომ ნეტა ოდესმე იქ მოვხვდეთქო და აი მოვხვდი კულისებშიც და სცენაზეც.
თეატრში უცნაურად, მოულოდნელად აღმოვჩნდი. მეორე კურსზე ვიყავი, დავით დოიაშვილმა, რომ ამიყვანა თეატრში. რომ ამბობენ სწორ დროს, სწორ ადგილას უნდა იყოო, აი მართლაც ესე მოხდა ჩემ შემთხვევაში. შემდეგ უკვე ტელევიზიაშიც ასე მოვხვდი.
რა ხდის "თეატრში" მუშაობას გამორჩეულს სხვა თეატრებთან და სატელევიზიო შოუებთან შედარებით?
,,თეატრი” საერთოდ ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში, გარდა იმისა, რომ კონცეფციაა ახალი, როგორც მსახიობისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ სხვა გამოცდილებაა, როდესაც მაყურებელთან განსაკუთრებული ინტერაქცია გიწევს და უშუალო კონტაქტში შედიხარ მათთან. სხვა შემთხვევაში, სპექტაკლის დროს ეს არ ხდება. სივრცეც სხვანაირია. როდესაც აქ ვითამაშე, მეგონა, რომ პირველად ვიდექი სცენაზე, იმდენად სხვა იყო, ძალიან მაგარი და ახალი გამოცდილება.
ისეთ ლეგენდარულ მიუზიკლებში, როგორიცაა "ჩიკაგო" და "Mamma Mia" მონაწილეობის მიღება ალბათ ამაღელვებელია. როგორ უდგებით ამ საკულტო როლებს?
რაც შეეხება „და, აი, ჩვენ აქ ვართ მამმა მიას“, ის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ამით დაიბადა ფაქტობრივად ეს თეატრი და იქიდან გამომდინარე, რომ მერილ სტრიპი მართლა განსაკუთრებულად მიყვარს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ მის მიერ შესრულებული როლის თამაში მე მომიწია.
რაც შეეხება ჩიკაგოს, მოზარდობის ხანიდან სულ ვყიდულობდი კორსეტებს და მსგავს აქსესუარებს, რადგან სულ მინდოდა ასეთი როლი მეთამაშა, შეიძლება ჩიკაგო არა, მაგრამ რაიმე მსგავს ჟანრში. სწორედ ამიტომ, ძალიან გამიხარდა, რომ გავიგე აქ ჩიკაგო უნდა დადგმულიყო და მე უნდა მეთამაშა ერთ-ერთი გმირის როლი.
გაქვთ თუ არა რაიმე დასამახსოვრებელი მომენტი ან გამოწვევა, რომელსაც შეეჭიდეთ ამ სპექტაკლებში თამაშისას?
განსაკუთრებული იყო ჩემი და ანდრია გველესიანის დუეტი „და, აი, ჩვენ აქ ვართ მამმა მიაში“. ემოციურად საკმაოდ რთული შესასრულებელია. ყველგან ვამბობ ამას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ანდრია გველესიანის ნაირი პარტნიორი სცენაზე ძალიან ცოტაა. შეიძლება ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო, თუმცა პარტნიორობა არ გამოგდიოდეს. ანდრია ძალიან დამეხმარა და როდესაც ჩვენი სცენის დრო დგება, ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით ვარ სავსე.
რაც შეეხება ჩიკაგოს, აქაც არის ძალიან ბევრი განსხვავებული რამ, რაც აქამდე არ მიკეთებია.
რა მოგწონთ ყველაზე მეტად თეატრის ცოცხალ შესრულებაში?
როგორც უკვე აღვნიშნე, სულ სხვა გამოცდილებაა, როდესაც ხალხთან უშუალო კონტაქტი გიწევს თამაშის დროს. სწორედ ეს მომწონს ,,თეატრის” ცოცხალ შესრულებაში - ხალხთან ინტერაქცია.
როგორ იმოქმედა სხვადასხვა როლებმა თქვენი, როგორც ხელოვანისა და პიროვნების განვითარებაზე?
ძალიან იმოქმედა იმიტომ რომ ეს სრულიად ახალია. აი, როდესაც გადავავლე თვალი, ეს ორი სპექტაკლი მზის შუქზე რომ გამოვიდა, მერე უფრო მივხვდი ბევრ რამეს. პროცესის დროს უშუალოდ ჩართული ხარ და ვერ აღიქვამ რაღაცებს. უკვე, რომ დაიბადა ეს ორი სპექტაკლი მერე მივხვდი თუ რამხელა ცოდნა მივიღე და ძალიან ბევრი რამ დაემატა ჩემს პროფესიულ გამოცდილებას. უკვე სხვაგან - გადაღებაზე, ტელევიზიაში, სხვა თეატრში, როდესაც გამოვდივარ, იქაც უკვე რაღაცა სხვას, ახალს ვამატებ, რადგან აქ ძალიან გავიზარდე.
არსებობს რაიმე კონკრეტული უნარები ან გამოცდილება, რომელიც, თქვენი აზრით, გადამწყვეტია წარმატებული სამსახიობო კარიერისთვის?
დიახ, რა თქმა უნდა. თან ერთი არა, ნაკრებში უნდა გქონდეს ბევრი თვისება, მთავარია მოთმინების უნარი და გამძლეობა, ნიჭზე და შრომისუნარიანობაზე არაფერს ვამბობ. ნიჭს ბოლოს ვიტყვი, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანია გამძლეობა, შრომისუნარიანობა და დაუღალაობა, ნიჭი თავისთავად.
ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80