მიუზიკლს და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია! ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს

Untitled-4.png

24, 25 და 26 ივლისს ბათუმის ბულვარში ლეგენდარული ABBA-ს სიმღერები ქართულად გაჟღერდება და მაყურებლები იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებული გასაოცარი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. საქმე ისაა, რომ ამ დღეებში ბათუმის საზაფხულო თეატრში წარმოდგენა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ გაიმართება.

„ქუთაისში მოგზაურობის შემდეგ „თეატრი“ მამმა მიას ბათუმელებს, ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს წარუდგენს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მიუზიკლი თბილისს გასცდა და მიეცა შესაძლებლობა საქართველოს სხვა გამორჩეულ ქალაქებშიც ემოგზაურა. იმედი გვაქვს, დამსწრე საზოგადოება ისიამოვნებს აქ მოთხრობილი ამბებითა და ABBA-ს ყველასთვის საყვარელი სიმღერებით“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სპეციალურად „თეატრისთვის“ შექმნილ, ადაპტირებულ სცენარს ეფუძნება. წარმოდგენისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა ლეგენდარული ABBA-ს სიმღერებიც. მისი პრემიერა „თეატრში“ თებერვალში შედგა და ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება მალევე დაიმსახურა.

მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილი. დადგმაში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია“ მონაწილეობას იღებენ გამორჩეული ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80