ჩიკაგო საქართველოშია — თეატრი არქის მხარდაჭერით მაყურებელს ახალ მასშტაბურ დადგმას წარუდგენს

memorandumi.png

სექტემბერში, მულტიფუნქციური სივრცე "თეატრი" სეზონს ახალი მიუზიკლით — "ჩიკაგო" გახსნის, რომლის წარმდგენიც “არქი” იქნება. თეატრსა და არქის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 31 აგვისტოს გაფორმდა.

"არქიში მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ქვეყანაში შექმნილ ახალ პროექტებს კულტურაში, სპორტსა თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ამიტომ, როცა გავიგეთ, რომ თეატრში მსოფლიოში ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მიუზიკლის — ჩიკაგო დადგმა იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ ამ პროექტს წარმდგენის სტატუსით შევერთებოდით. დარწმუნებული ვართ, რომ შოუ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის ქართველ და უცხოელ დამსწრეებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს კულტურის ამ მიმართულების პოპულარიზაციას.

გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ვითანამშრომლოთ თეატრთან და კიდევ ერთი ინოვაციური, წარმატებული პროექტის თანამონაწილეები ვიყოთ", — ამბობს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

ლეგენდად ქცეული “ჩიკაგო”, რომელიც აშშ-ს გარდა, 36-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, საქართველოში პირველად დაიდგმება. მასზე თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილ ქართველ მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად იმუშავა.

“"ჩიკაგოს" ბობოქარი ამბების თეატრის სცენაზე გადმოტანა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მიუზიკლი რთული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული, თუმცა არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფისა და დასის დაუღალავი შრომის შედეგად, მათ თავი წარმატებით გავართვით. გვიხარია, რომ წისქვილი ჯგუფისა და არქის მხარდაჭერით ჩიკაგოს თქვენ წინაშე სულ მალე წარვადგენთ და მისი ნახვის შესაძლებლობას ქართველ მაყურებლებსაც მივცემთ", — აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა.

თეატრის კონცეფციიდან გამომდინარე, ტრადიციულად, სანახაობის შემადგენელი ნაწილი იქნება ვახშამი. სტუმრები წარმოდგენის პარალელურად სპეციალურად ჩიკაგოსთვის შექმნილ კერძებს დააგემოვნებენ.

მიუზიკლის პრემიერა 20-21 სექტემბერს გაიმართება.

  ქორწილის/კორპორაციული/კერძო ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 032 2 88 88 80